Anthropic-ის თქმით, Claude-მა ახალი ფერმენტული სისტემის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა

Anthropic-ის თქმით, Claude-მა ახალი ფერმენტული სისტემის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა

Anthropic-ის განცხადებით, მისმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, Claude-მა, ახალი ფერმენტული სისტემის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა. მისი გარკვეული მახასიათებლები გენების რედაქტირების ტექნოლოგია CRISPR-ის მექანიზმებს მოგვაგონებს. კომპანიის თქმით, ეს მისი ბიოლოგიური კვლევის მიმართულების პირველი შედეგია.

აღმოჩენა Reuters-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, Anthropic-მა სან-ფრანცისკოს ყურის რეგიონში გაუხმაურებლად ახალი ლაბორატორია შექმნა. კომპანია ამ ნაბიჯით სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიკამენტების კვლევაში საქმიანობის გაფართოებას ცდილობს.

Anthropic-ის ინფორმაციით, Claude-მა დნმ-ის დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზები გააანალიზა და აღმოაჩინა უჩვეულო სისტემა, რომელიც აგებულია რევერს-ტრანსკრიპტაზას (RT) გარშემო – ფერმენტი, რომელიც რნმ-ს დნმ-ში აკოპირებს.

კომპანიამ ახალ სისტემას Array-associated reverse transcriptases-ი, შემოკლებით ART, უწოდა.

Anthropic-ის ცნობით, ART-ში აღმოჩენილია დნმ-ის განმეორებადი მიმდევრობები, რომლებიც CRISPR-ში არსებულ გარკვეულ ნიმუშებს ჰგავს. თუმცა კომპანიის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ART-ი CRISPR-ის იდენტური სისტემაა.

Anthropic-ის განცხადებით, თავად RT-ს შესახებ წინა კვლევებშიც იყო ინფორმაცია, თუმცა Claude-მა, როგორც ჩანს, უფრო ფართო სისტემის ძირითადი მახასიათებლები პირველმა ამოიცნო. მათ შორისაა არაკოდირებადი დნმ-ის მიმდევრობების ერთობლიობა და დამატებითი ცილა, რომლის ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი