ფოტო: Ben Sklar for Fortune
Dell Technologies-ის აქციების ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე, კომპანიის დამფუძნებელმა მაიკლ დელმა Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მარკ ცუკერბერგსა და სერგეი ბრინს გადაასწრო და მეოთხე პოზიცია დაიკავა.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემების თანახმად, პარასკევს დელის ქონება $276.4 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტით მატებას ნიშნავს. ამავე პერიოდში Meta-ს აქციების ფასის ვარდნამ ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $9 მილიარდით შეამცირა და ის $257.2 მილიარდით მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.
დელის წინ ამჟამად Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯია, რომლის ქონებაც დაახლოებით $282 მილიარდად არის შეფასებული. შესაბამისად, დელს მესამე პოზიციამდე დაახლოებით $6 მილიარდი აშორებს.
Dell Technologies-ის აქციები ფასი პარასკევს 6%-ზე მეტით გაიზარდა და $570.72-ს მიაღწია. კომპანიის აქციების გაძვირებას ხელი შეუწყო Morgan Stanley-ის პოზიტიურმა შეფასებამ, რომელიც AI-სერვერებზე მზარდ მოთხოვნასა და კომპანიის შეკვეთების პორტფელის მოსალოდნელ ზრდაზე მიუთითებს. საინვესტიციო ბანკმა Dell-ის აქციისთვის $756-იანი ოპტიმისტური სამიზნე ფასის მიღწევის ალბათობის შეფასებაც გაზარდა.
ცნობისთვის, ბოლო კვარტალში Dell Technologies-ის შემოსავალმა რეკორდულ $47 მილიარდს მიაღწია, საიდანაც $16.4 მილიარდი AI-სერვერების ბიზნესზე მოდიოდა. ამ მიმართულებით კომპანიის შეკვეთების პორტფელი კი $95 მილიარდამდე გაიზარდა.
მაიკლ დელის ქონება 2026 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 94%-ით არის გაზრდილი. იანვარში ამერიკული Forbes-ი მის ქონებას დაახლოებით $141 მილიარდად აფასებდა.
Dell Technologies-ის აქციების ფასი კი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 345%-ით არის გაზრდილი. მაიკლ დელი კომპანიის 40%-იან წილს ფლობს. დელის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე არის დაკავშირებული მის კერძო საინვესტიციო ფირმასთან, DFO Management-თან, რომელიც ინვესტიციებს სასტუმროებსა და კორპორაციულ საკრედიტო აქტივებში ახორციელებს. გარდა ამისა, დელს მრავალმილიარდიანი წილი აქვს კომპანია Broadcom-ში.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი











