საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი – UG StartUp Factory უკვე მესამე წელია აქტიურად ახორციელებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სემესტრში 5 გუნდი 10,000-10,000 ლარიან დაფინანსებას იღებს. აქსელერატორის პორტფოლიო უკვე 20 გამარჯვებულ სტარტაპსა და 150 მონაწილე გუნდს ითვლის.
გამარჯვებულ გუნდებს შორისაა Solution 86, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულის სეზონის პრე-აქსელერაციის პროგრამაში 10,000 ლარიანი დაფინანსება და გამარჯვება მოიპოვა. გაიცანით გუნდი, რომელმაც სტრესულ სამუშაო გარემოს თავი დააღწია და საკუთარი იდეის აქტიურ აღსრულებაზე დაიწყო მუშაობა:
რა არის Solution 86, რა კონკრეტულ პრობლემას ჭრის ის და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
Solution 86 არის შეკვეთებისა და შესყიდვების მართვის B2B პლატფორმა, რომელიც სპეციალურად HoReCa სექტორისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეიქმნა. ჩვენი მთავარი მიზანია, ორმხრივად ავტომატიზებული გავახადოთ ის პროცესი, სადაც დღეს ყველაზე მეტი დრო, ფული და ადამიანური რესურსი იკარგება. ეს ასევე იწვევს როგორც ოპერაციულ შეფერხებებს, ისე ხშირ ადამიანურ შეცდომებს. Solution 86 ამ რუტინულ პროცესებს სრულად აჩქარებს და გაყიდვებისა თუ შესყიდვების ციკლს გამჭვირვალეს ხდის. რესტორანი იღებს შეკვეთის სწრაფ და უშეცდომო ინსტრუმენტს, ხოლო დისტრიბუტორი იღებს მზა, სტრუქტურირებულ შეკვეთებს პირდაპირ თავის ERP სისტემაში, გაყიდვების აგენტებისა და ოპერატორების ხელით შრომის გარეშე. შედეგად, ორივე მხარე თავის შიდა რესურსს გაცილებით ეფექტურად იყენებს. ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის საშუალო და დიდი ზომის HoReCa ობიექტები: რესტორნები, სასტუმროები, ქსელური ობიექტები და ასევე სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებსაც B2B გაყიდვების გაციფრულება და საოპერაციო ხარჯების შემცირება სურთ.
როგორ გაჩნდა იდეა და რამ დაგანახათ, რომ ბაზარზე ამის რეალური საჭიროება არსებობდა?
იდეა გაჩნდა უშუალოდ იმ პრობლემებიდან, რომლებსაც თავად დამფუძნებლები ყოველდღიურად ვაწყდებოდით ამ სექტორში მუშაობისას. როდესაც პროცესში შიგნიდან ხარ ჩართული, მკაფიოდ ხედავ, რამდენად არაეფექტურია არსებული მოდელი.
რამდენად განსხვავდება იდეის პირველი ვერსია იმისგან, რასაც დღეს ქმნით და რა კონკრეტული პროგრესი გაქვთ უკვე მიღწეული პროდუქტის, მომხმარებლების, პარტნიორების ან ბაზარზე გასვლის კუთხით?
იდეის პირველი ვერსია საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს ვქმნით. თავდაპირველად უფრო მეტად რესტორნის მხრიდან შეკვეთის გაადვილებაზე ვიყავით ფოკუსირებული, თუმცა ბაზრის სიღრმისეულმა ანალიზმა სრულად ახალი შესაძლებლობები დაგვანახა. გავიაზრეთ, რომ რეალური მასშტაბი და ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც პროცესს სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდანაც ვხედავთ. ამან სრულიად შეცვალა ჩვენი ბაზარზე გასვლის სტრატეგია. დღეს Solution 86 აღარ არის უბრალოდ შეკვეთების აპლიკაცია, ის არის B2B გაყიდვების ახალი, გაციფრულებული არხი დისტრიბუტორებისთვის. ბაზარზე გასვლისა და პარტნიორობების კუთხით კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით: ამ ეტაპზე უკვე დავპარტნიორდით საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან. ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი პლატფორმის ეფექტურობა რეალურ, დიდ მასშტაბზე დავალიდუროთ. ამასთანავე, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ბაზრის სხვა მსხვილ მოთამაშეებთანაც და ძალიან ახლოს ვართ ახალ, სტრატეგიულ პარტნიორობებთან.
რა არის თქვენი გუნდის უახლოესი 6-12 თვის მთავარი მიზანი?
ჩვენი უახლოესი 6–12 თვის მთავარი მიზანია მიმწოდებელი კომპანიების შეკვეთების მიღებისა და დამუშავების ოპერაციული პრობლემების გადაჭრა და პროდუქტის კომერციული ვალიდაცია რეალურ გარემოში.
რა ეტაპზე იყო Solution 86 UG StartUp Factory-ის პრე-აქსელერატორში მონაწილეობამდე და რა მთავარი მოლოდინები გქონდათ პროგრამისგან?
პროგრამაში მონაწილეობამდე, ფაქტობრივად, საწყის წერტილში ვიყავით. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობდა, ყოველდღიურად გვაწუხებდა და სექტორს დიდ ზიანს აყენებდა, თუმცა მისი გადაჭრის კონკრეტული იდეა ან პროდუქტის ხედვა ჯერ ჩამოყალიბებულიც კი არ გვქონდა.
რა იყო ყველაზე ღირებული, რაც ამ პროცესმა და პროგრამამ მოგცათ?
ყველაზე ღირებული, რაც ამ პროგრამამ მოგცა, პირველ რიგში, საქმის დაწყების მუხტი იყო. მოგვცა მკაფიო გზა, თუ როგორ გვექცია პრობლემა რეალურ პროდუქტად. და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო ახალი კონტაქტები, მენტორები და ის გარემო, სადაც გავეცანით ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი პროდუქტისა და ბიზნეს მოდელის სწორად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს.
რას ეტყოდით მათ, ვისაც აქვს იდეა ან მონაწილეობის სურვილი, თუმცა ჯერ კიდევ ფიქრობს – რატომ უნდა დარეგისტრირდნენ პრე-აქსელერაციის ახალ ნაკადში?
ნუ ელოდებით იდეალურ მომენტს ან „მზა“ იდეას. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ამბიციებზე, დარეგისტრირდით და უბრალოდ დაიწყეთ კეთება. პრე-აქსელერაცია არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თქვენი ჰიპოთეზები რეალურ ბაზარს შეაჯახოთ და გაიაროთ იდეიდან პროდუქტამდე მისასვლელი ყველაზე საინტერესო გზა.
პროგრამაში მონაწილეობამდე საკუთარი თავისთვის ერთი რჩევის მიცემა შეგეძლოთ, რას ეტყოდით?
გააკეთე იგივე, make no mistakes 😀
UG StartUp Factory კვლავ განაგრძობს დამწყები სტარტაპერების მხარდაჭერას. თუ გაქვს, ან არ გაქვს იდეა – 30 სექტემბრამდე დარეგისტრირდი პრე-აქსელერაციის პროგრამაზე და დაიწყე საკუთარი სტარტაპი ნულიდან.
S
















