ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, დიზელის საწვავის გლობალურ ბაზრებზე დეფიციტური მდგომარეობა შესაძლოა მომავალი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდეს. ეს კი, მაღალი ფასების ფონზე, ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას და შეაფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან კონფლიქტების გამო ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში საწვავის წარმოება მცირდება.
დიზელის საწვავი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში, ამიტომ მისმა რეკორდულად მაღალმა ფასებმა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისები გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გამოიყენონ არსებული მარაგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მიმართულებით დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაიმუქრა.
„დიზელის რეკორდულად მაღალი ფასები უკვე იწვევს ფართო ეკონომიკურ შედეგებს. იზრდება საქონლის თვითღირებულება, რაც გავლენას ახდენს რეალურ შემოსავლებზე, ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციაზე“, – აღნიშნულია სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ IEA განვითარებული ეკონომიკების ნავთობის საგანგებო მარაგებს მართავს.
სააგენტოს მონაცემებით, სექტემბერში ახლო აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან დიზელის ექსპორტის საერთო კლებამ დღეში 1.3 მილიონი ბარელი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი დიზელისა და გაზოილის მიმართ არსებული გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 4,5%-ს შეადგენს, რომელსაც სააგენტო მიმდინარე წლისთვის პროგნოზირებს.
„ვინაიდან სისტემაში არსებული ბუფერული რესურსები მცირდება, ხოლო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები გრძელდება, ნავთობის ბაზრებზე უახლოეს თვეებში შესაძლოა კიდევ უფრო მეტი რყევა დაფიქსირდეს. ჭარბი მიწოდება კი, სავარაუდოდ, მხოლოდ 2027 წელს გამოჩნდება“, – აცხადებენ IEA-ში.
სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობის გააქტიურება ხელს შეუწყობს მარაგების აღდგენას, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი საშუალო დისტილატების ბაზარზე დაგროვილი დეფიციტის სრულად დასაფარად. აღსანიშნავია, რომ დიზელი, გაზოილი და რეაქტიული საწვავი სწორედ საშუალო დისტილატების კატეგორიას მიეკუთვნება.
IEA-ის ანგარიშის თანახმად, 2027 წლის პირველ ნახევარში დიზელის გლობალურ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი კვლავ არათანაბარი იქნება, ხოლო მეორე ნახევარში ვითარება შედარებით დასტაბილურდება. მარტში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წევრები შეთანხმდნენ, რომ დეფიციტის საპასუხოდ, საგანგებო რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებდნენ. მოგვიანებით, ვალდებულებების ჯამური მოცულობა 426 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი ბარელი ჯერ კიდევ მისაწოდებელია.

















