რატომ უნდა მასკს SpaceX-ისა და Tesla-ს გაერთიანება?

რატომ უნდა მასკს SpaceX-ისა და Tesla-ს გაერთიანება?

ფოტო: VCG/Getty Images

ილონ მასკი SpaceX-ისა და Tesla-ს შესაძლო შერწყმას დადებითად აფასებს. გარიგების განხორციელების შემთხვევაში კი შეიქმნება ტექნოლოგიური გიგანტი, რომლის საბაზრო ღირებულება, სავარაუდოდ, $3.5 ტრილიონს მიაღწევს. ორი კომპანიის გაერთიანება მასკს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, ენერგეტიკის, სატელიტური კომუნიკაციებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებები ერთ ბიზნესში მოაქციოს.

ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს შერწყმის იდეას სამშაბათს მხარი საჯაროდ დაუჭირა. მისი თქმით, კომპანიების თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების, რობოტიკისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„ვფიქრობ, კომპანიების გაერთიანებას ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან სუპერინტელექტის სინგულარობის ზღვარზე ვართ და თანამშრომლობით ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია“,  – განაცხადა მასკმა.

რატომ შეიძლება სურდეს მასკს კომპანიების გაერთიანება?

Tesla და SpaceX-ი თავდაპირველად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბიზნესებად განიხილებოდა. პირველი ელექტრომობილებსა და ენერგიის შენახვის სისტემებზეა ორიენტირებული, მეორე კი რაკეტებს, კოსმოსურ მისიებსა და სატელიტურ ინტერნეტს ავითარებს. თუმცა მასკის გეგმებში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ისეთი პროექტები, რომლებიც ორივე კომპანიის ტექნოლოგიებსა და რესურსებს აერთიანებს.

მედიასააგენტო Reuters-ი იმ დადებით შედეგებზე წერს, რაც კომპანიების შერწყმამ შეიძლება მოიტანოს. მისი მოსაზრებით, შერწყმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებდა. ამჟამად მასკის რამდენიმე პროექტი სხვადასხვა კომპანიას მოიცავს, რაც კაპიტალის განაწილებისა და საინჟინრო რესურსების გამოყენებისთვის ცალკეული საბჭოებისა და აქციონერების თანხმობას მოითხოვს. გაერთიანებული სტრუქტურა კი მენეჯმენტს საშუალებას მისცემდა, ფინანსური რესურსები, სპეციალისტები და საწარმოო შესაძლებლობები პრიორიტეტების მიხედვით უფრო მოქნილად გადაენაწილებინა.

ამასთან, მასკს Tesla-ში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებების განვითარებისთვის მეტი გავლენის მოპოვება დიდი ხანია სურს. ის Tesla-ს დაახლოებით 11%-ს ფლობს, SpaceX-ში კი დაახლოებით 38%-იანი წილი აქვს და კომპანიის მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შერწყმამ შესაძლოა მის ხელში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები კიდევ უფრო გაზარდოს.

რას შეცვლის შერწყმა ინვესტორებისთვის?

გარიგების შედეგად Tesla-ს აქციონერები წვდომას მიიღებდნენ SpaceX-ის სწრაფად მზარდ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ბიზნესზე, კოსმოსური გაშვების მომსახურებასა და სამომავლო კოსმოსურ პროექტებზე. თავის მხრივ, SpaceX-ის ინვესტორები გაერთიანებული კომპანიის მეშვეობით Tesla-ს ელექტრომობილების, ენერგიის შენახვის სისტემების, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებისა და რობოტიკის ბიზნესშიც მიიღებდნენ წილს.

დაახლოებით $3.5-ტრილიონიანი სავარაუდო საბაზრო ღირებულებით, გაერთიანებული კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციებს შორის აღმოჩნდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, მის პორტფელში გაერთიანდებოდა ავტომობილების წარმოება, რობოტიკა, სატელიტური კავშირი, კოსმოსური ტრანსპორტირება, ენერგიის შენახვა და ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

შერწყმის მომხრეების აზრით, კომპანიების ერთ სტრუქტურაში მოქცევა კაპიტალის უფრო ეფექტიანად განაწილებას შეუწყობდა ხელს, რადგან მათი საქმიანობის სფეროები სულ უფრო მეტად უკავშირდება ერთმანეთს.

თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ინვესტორებს გაცილებით ფართო სპექტრის რისკის გათვალისწინებაც მოუწევდათ. ტექნოლოგიური, მარეგულირებელი და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები ორივე ბიზნესისთვის განსხვავებულია. შესაბამისად, ერთ კომპანიაში გაერთიანება შესაძლოა ინვესტიციების შეფასებასაც ართულებდეს.

როგორ შეიძლება ითანამშრომლონ Tesla-მ და SpaceX-მა?

კომპანიებს უკვე აქვთ საერთო პროექტები, თუმცა შერწყმა თანამშრომლობის მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობას შექმნიდა.

ერთ-ერთი მიმართულება Starlink-ის სატელიტური ქსელის გამოყენებაა. Reuters-ის დაკვირვებით, მას შეუძლია უზრუნველყოს კავშირი Tesla-ს რობოტაქსებისთვის, ავტონომიური სისტემებისა და Optimus-ის ჰუმანოიდი რობოტების მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, Tesla-ს ბატარეებისა და ენერგიის შენახვის სისტემები შესაძლოა SpaceX-ის მზარდ ენერგეტიკულ საჭიროებებს, მათ შორის მონაცემთა ცენტრების მუშაობას, მოემსახუროს.

კომპანიების ამჟამინდელი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია Terafab-ი – ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ტექნოლოგიების საწარმოო კომპლექსი, რომლის შექმნაზეც Tesla და SpaceX-ი ერთობლივად მუშაობენ. პროექტის მიზანი მოწინავე ჩიპების წარმოებაა, რომლებსაც Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემებსა და Optimus-ის რობოტებში, ასევე SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების პროექტებში გამოიყენებენ. მასკის გეგმით, მასშტაბური წარმოება 2028 წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს.

თანამშრომლობის კიდევ ერთი შესაძლო მიმართულებად Reuters-ი წარმოების ავტომატიზაციას ასახელებს. Tesla-ს გამოცდილება მასშტაბური ქარხნების ავტომატიზაციაში შესაძლოა SpaceX-ს Starship-ის წარმოების გაფართოებაში დაეხმაროს. ამავე დროს, SpaceX-ის ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება Tesla-ს გარკვეულ პროექტებში. მაგალითად, მომავალი თაობის Roadster-ისთვის კომპანია რაკეტების ტექნოლოგიებიდან მიღებული კომპონენტების გამოყენებას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ გაერთიანებამ შესაძლოა კომპანიებს სტრატეგიული მომარაგების ჯაჭვების კოორდინაციაშიც შეუწყოს ხელი. Tesla-ს მასშტაბები ბატარეების, ნახევარგამტარებისა და საწარმოო აღჭურვილობის მიმართულებით SpaceX-ის საჭიროებებს შეავსებდა, რომელიც სპეციალიზებულ ლითონებს, ელექტრონიკას, ძრავის სისტემებსა და სატელიტურ კომპონენტებს მოიხმარს.

რა რისკს შეიცავს გარიგება?

Reuters-ის შეფასებით, შერწყმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გეოპოლიტიკური და მარეგულირებელი საკითხები იქნება. SpaceX-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, სადაზვერვო უწყებებისა და NASA-ს მნიშვნელოვანი კონტრაქტორია. Tesla კი ჩინეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – შანხაის ქარხანა კომპანიის ავტომობილების წარმოებასა და გაყიდვებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამ ორი ბიზნესის ერთ კომპანიაში მოქცევამ შესაძლოა აშშ-ის მარეგულირებლებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებების მეტი ყურადღება მიიქციოს. დამატებითი კონტროლი შესაძლოა ჩინეთშიც წარმოიშვას.

ამერიკული მედიასააგენტოს მიმოხილვის თანახმად, გარიგება აქციონერებისა და კორპორაციული მართვის თვალსაზრისითაც რთული იქნება. ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ, შექმნის თუ არა ორი კომპანიის გაერთიანება უფრო მეტ ღირებულებას, ვიდრე მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირება. ამასთან, კითხვებს გააჩენს ინტერესთა კონფლიქტი, ხმის უფლების განაწილება და კაპიტალის გადანაწილების პრინციპებიც.

დაბოლოს, Reuters-ის დაკვირვებით, ორივე კომპანიის სამომავლო გეგმები მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ფინანსურ რისკს შეიცავს. Starship-ის განვითარება, რობოტაქსები, ჰუმანოიდი რობოტები, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები და ორბიტული ინფრასტრუქტურა ძვირადღირებული და ტექნიკურად რთული პროექტებია. შერწყმა ამ გამოწვევებს არ გააქრობს – ის მათ ერთი კომპანიის ფარგლებში მოაქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი გარიგებას დადებითად აფასებს, SpaceX-ისა და Tesla-ს გაერთიანება ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მასკმა განაცხადა, რომ შესაძლო შერწყმის საკითხს ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოები განიხილავენ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი