ვინ არის სტივენ ჰაბარდი – აშშ-ის მოქალაქე, რომელიც რუსეთმა გაათავისუფლა?

ვინ არის სტივენ ჰაბარდი – აშშ-ის მოქალაქე, რომელიც რუსეთმა გაათავისუფლა?

ფოტო: AFP

რუსეთმა აშშ-ის მოქალაქე, 74 წლის სტივენ ჰაბარდი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა. ჰაბარდი, რომელიც ყოფილი მასწავლებელია, რუსეთში დაქირავებულ მებრძოლად ცნეს და თითქმის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჰაბარდი მიჩიგანის შტატის ქალაქ ბიგ-რაპიდსში გაიზარდა. The New York Times-ის მიერ სამხედრო ჩანაწერებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას აშშ-ის საჰაერო ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში უმსახურია. მოგვიანებით მან ინგლისური ენის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღო და 25 წლის განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა, სადაც ინგლისურს ასწავლიდა. შემდეგ კვიპროსში გადავიდა, 2014 წელს კი, უკრაინელ პარტნიორთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ იზიუმში დასახლდა.

მისი დის, პატრიცია ჰაბარდ ფოქსის თქმით, სტივენი თვეში დაახლოებით 300 დოლარის ოდენობის პენსიით ცხოვრობდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირი თითქმის არ ჰქონდა. და-ძმამ ერთმანეთთან ბოლოს 2021 წლის სექტემბერში ისაუბრა.

როგორ აღმოჩნდა ჰაბარდი რუსეთის ტყვეობაში?

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო, იმავე წლის აპრილში კი იზიუმი დაიკავა. უკრაინულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი 2022 წლის სექტემბერში აღადგინეს, თუმცა ამ დროისთვის ჰაბარდი უკვე რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰაბარდი 2022 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად უკრაინის სამხედრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მორიგეობა ედებოდა.

ჰაბარდის დამ განაცხადა, რომ ძმა YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო. ჩანაწერში მამაკაცს ვლადიმირ პუტინისა და ომის შესახებ შეხედულებებზე ეკითხებიან. სხვა ვიდეოში მამაკაცი ხელებშეკრულია და ურტყამენ.

რატომ გაასამართლეს და დააპატიმრეს?

2024 წლის ოქტომბერში მოსკოვის სასამართლომ ჰაბარდი დახურულ პროცესზე დაქირავებულ მებრძოლად ცნო და ექვსი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მტკიცებით, ჰაბარდი უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფს შეუერთდა, გაიარა სამხედრო მომზადება, მიიღო იარაღი და საბრძოლო მასალა, სანაცვლოდ კი თვეში 1 000 დოლარს დაჰპირდნენ. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მან წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.

თუმცა ჰაბარდის დამ ეჭვქვეშ დააყენა ინფორმაცია აღიარებითი ჩვენების შესახებ. მისი თქმით, ძმას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ 70 წელს გადაცილებული სამხედრო მოქმედებებში ჩართულიყო.

ჰაბარდის ამერიკელმა ადვოკატმა, მარტინ დე ლუკამ, Reuters-ს 2025 წლის ივნისში განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ არც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და არც რომელიმე სამხედრო დანაყოფის წევრი ყოფილა. ადვოკატის გადმოცემით, ჰაბარდი ამბობდა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ის უბრალოდ სახლიდან გაიყვანეს.

რა უძღოდა წინ გათავისუფლებას?

2025 წლის იანვარში აშშ-ის ხელისუფლებამ ჰაბარდი უკანონოდ დაკავებულ პირად ოფიციალურად გამოაცხადა. ამ სტატუსმა ვაშინგტონს მისი გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა მისცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი ამერიკელ ოფიციალურ პირებს ჰაბარდთან საკონსულო წვდომის უფლებას არ აძლევდა. The New York Times-ის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვლისთვის ის რუსეთის სულ მცირე ხუთ სხვადასხვა საპატიმროში ჰყავდათ გადაყვანილი.

მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ მხოლოდ 2025 წლის აპრილში შეიტყო, რომ ჰაბარდი მოსკოვის აღმოსავლეთით, მორდოვიის რეგიონში მდებარე დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ფონზე მოხდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, მისი დაკავების გარემოებები და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების სისწორე დამოუკიდებლად დადასტურებული არ ყოფილა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი