დანა უაითის თქმით, 2027 წლისთვის UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე მუშაობს

დანა უაითის თქმით, 2027 წლისთვის UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე მუშაობს

ფოტო: Getty Images

 

აბუ-დაბიში, UFC 333-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ 2027 წლისთვის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე მუშაობს. უაითმა ეს განცხადება Setanta Sports-ის კომენტატორისა და ჟურნალისტის, გიორგი ბუჩუკურის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

„დიახ, ამაზე ნამდვილად ვმუშაობთ და პასუხი დადებითია“, – უპასუხა UFC-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ 2027 წელს ორგანიზაციის ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SPRIBE-ის დამფუძნებელმა, დავით ნატროშვილმა განაცხადა, რომ დანა უაითსა და UFC-ის მენეჯმენტს შეხვდა და პარტნიორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, საქართველოში ღონისძიების ჩატარებაზეც ისაუბრეს.

„UFC-ში ამჟამად ორი ქართველი ჩემპიონია – მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია, რის გამოც დანა უაითს შევთავაზე შესაძლებლობა UFC-ის ღონისძიება, ისტორიაში პირველად, საქართველოში ჩატარებულიყო“, – განაცხადა მაშინ ნატროშვილმა. მისივე თქმით, დანა უაითისგან ამ იდეის განსახორციელებლად მზაობა იყო.

ცნობისთვის, UFC 333-ზე, რომელიც აბუ-დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება, მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ქამრის დაბრუნებას შეეცდება.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი