ფოტო: AP
Nvidia-მ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებული გამოძიებისთვის იურიდიული კომპანია Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაიქირავა, რომელიც წარსულში ინდოელ მილიარდერ გაუტამ ადანის ინტერესებს იცავდა. აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ქალი, რომელთანაც ჰუანგს რომანი ჰქონდა, ჩინელი ჯაშუშია.
Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრების განცხადებით, გამოძიებას იურისტი ჯუნ ჰ. კიმი გაუძღვება. გამოძიების მიზანია, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ჰუანგის პირად ურთიერთობას უცხოურ სადაზვერვო ოპერაციასთან კავშირი და ხომ არ გამჟღავნებულა ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან კომპანიის კომერციული საიდუმლოებები.
გამოძიების დაწყების შესახებ Nvidia-ს საბჭომ კვირას განაცხადა. ეს გადაწყვეტილება The New York Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ჰუანგს ბიზნესმენ ელის ჰუანგთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეჭვი აქვთ, რომ ბიზნესმენი ჩინეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში მონაწილეობდა.
კვირასვე ჰუანგმა თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც ქორწინების მიღმა ურთიერთობა დაადასტურა. კომპანიის საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ინციდენტის შედეგად ეროვნული უსაფრთხოების ან Nvidia-ს კომერციული საიდუმლოებები დაზარალდა. ამასთან, ჰუანგი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, ხოლო საბჭო მისა და მენეჯმენტის გუნდის მიმართ ნდობას ინარჩუნებს.
გამოძიების ხელმძღვანელი ჯუნ ჰ. კიმი გახმაურებული საქმეების გამოძიებაში მანამდეც მონაწილეობდა. 2021 წელს ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ის მაშინდელი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამოსაძიებლად დაიქირავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კუომო არაერთ ქალს ავიწროებდა, მათ შორის მოქმედ და ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს. ანგარიშის გამოქვეყნებას გუბერნატორის გადადგომა მოჰყვა.
კიმი Wachtell Lipton-ს ოქტომბერში შეუერთდა. იურიდიული კომპანია უოლ-სტრიტის ერთ-ერთ გავლენიან ფირმად მიიჩნევა და არაერთ მსხვილ კლიენტს ემსახურებოდა. მათ შორისაა ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი, რომელმაც 2023 წელს კომპანია თაღლითობისა და საფონდო მანიპულაციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციოდ დაიქირავა. Wachtell Lipton-ი ასევე წარმოადგენდა OpenAI-ს რამდენიმე დაფინანსების რაუნდის დროს და Twitter-ის ინტერესებს იცავდა ილონ მასკის მიერ კომპანიის შეძენის პროცესში.
წაიკითხეთ ასევე: დონალდ ტრამპის თქმით, ჯენსენ ჰუანგის საქმეს FBI სწავლობს
ჰუანგის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ Nvidia-ს აქციების ფასზე იმოქმედა. Forbes-ის შეფასებით, სამშაბათის მდგომარეობით, ჰუანგის ქონება $147 მილიარდს შეადგენდა. სკანდალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან $15 მილიარდზე მეტი დაკარგა. მხოლოდ სამშაბათს მისი ქონება $8.4 მილიარდით შემცირდა, ორშაბათს კი დანაკარგმა $7.4 მილიარდი შეადგინა.
შედეგად, ჰუანგმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში ადგილი დაკარგა და Forbes-ის რეიტინგში მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









