საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 47-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელს საქართველოს 49-ე ადგილი ეკავა 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება. 2019 წლის პროგნოზის მიხედვით საქრთველო მსოფლიოში 48-ეა.
2018 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ლიბიაში დაფიქსირდა – 18%, რაც ლიბიის სამოქალაქო ომიდან თანდანთან გამოსვლის შედეგია. მეორე ადგილზე რუანდაა 8.6%-ით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს ბანგლადეში და ეთიოპია ინაწილებენ 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდით.
საქართველოს სამეზობლოში 2018 წელს ყველაზე მაღალი ზრდა სომხეთში დაფიქსირდა – 5%. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. 2.6%-ით გაიზარდა თურქეთის ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკა 2.3%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 1.4%-ით.
2018 წელს ყველაზე მეტად,18%-ით ვენესუელას ეკონომიკა შემცირდა, შემდეგ მოდის დომინიკა 12%-იანი შემცირებით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს ყველაზე სწრაფად განას და სამხრეთ სუდანის ეკონომიკები გაიზრდება – 8.8%-ით.
ცხრილი: ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდით, 2018 წელი
ქვეყანა | ეკონომიკის ზრდის ტემპი |
ლიბია | 17.9% |
რუანდა | 8.6% |
ბანგლადეში | 7.7% |
ეთიოპია | 7.7% |
კოტ დივუარი | 7.4% |
კამბოჯა | 7.3% |
ვიეტნამი | 7.1% |
ინდოეთი | 7.1% |
დომინიკის რესპუბლიკა | 7.0% |
ტაჯიკეთი | 7.0% |