დღეს, 29 იანვარს კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად კორუფციის დაბალი დონით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა (58 ქულით). 2017 წელს საქართველოს 56 ქულა ჰქონდა და 46-ე ადგილი ეკავა, ანუ საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა. თუმცა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოსთან დაკავშრებით აღნიშნავს, რომ “უკუსვლაა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.”
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. რეიტინგი კორუფციის აღქმის ინდექსს (Corruption Perceptions Index) ეფუძნება. ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება.
კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 88 ქულით პირველ ადგილზე დანიაა. რეიტინგის ბოლო ადგილს სომალი იკავებს 10 ქულით.