Forbes-ი ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას მესამედ აქვეყნებს. წელს სფეროს 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო ქონებამ $1.08 ტრილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბოლო ერთ წელში, Facebook-ის დამფუძნებლოს ქონება $15.6 მილიარდით გაიზარდა, – სოციალური ქსელის აქციების ფასი 34%-ითაა გაზრდილი. Amazon-ის აქციების 25%-იანმა ზრდამ კი ჯეფ ბეზოსს ერთ წელში $15.5 მილიარდი მოუტანა.
ტექნოლოგიური სფეროს 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ამერიკელები და ჩინელები დომინირებენ. პირველი ათეულიდან 8 მილიარდერი ამერიკელია. სიაში 33 მილიარდერი აზიელია.
გასულ წელთან შედარებით ქონება მხოლოდ 11 მილიარდერს შეუმცირდა.
ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების სიის სათავეში ბილ გეითსია, – მისი ქონება რეიტინგში $84,5 მილიარდადაა შეფასებული. (ამ დროისთვის გეითის ქონება 85.2 მილიარდს შეადგენს).
სიაში მეორე ადგილს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომელმაც წელს, მცირე ხნით, გეითსისთვის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის ჩამორთმევაც შეძლო. რეიტინგში ბეზოსის ქონება $81,7 მილიარდაა შეფასებული (ამ დროისთვის ბეზოსის ქონება $83.3 მილიარდს შეადგენს).
$69,6 მილიარდით სიის მესამე ადგილზეა მარკ ცუკერბერგი. რეიტინგში მეოთხე ადგილზეა Oracle-ს დამფუძნებელი ლარი ელისონი, მას ლარი პეიჯი მოსდევს $43,9 მილიარდით. სერგეი ბრინის ქონება რეიტინგში $42,7 მილიარდადაა შეფასებული და ის ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს.
სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს ჯეკ მა, რომლის ქონებაც რეიტინგში $37.4 მილიარდადაა შეფასებული. მერვე ადგილს იკავებს მა ჰუატენი, ჩინური Tencent-ის თანადამფუძნებლი მიმდინარე წელს აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანიც გახდა, მისი ქონება რეიტინგში $36.7 მილიარდადაა შეფასებული.
რეიტინგის მეცხრე ადგილზეა სტივ ბალმერი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქონება $32.9 მილიარდს შეადგენს. რეიტინგს ასრულებს მაიკლ დელი, Dell-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება რეიტინგში $22.4 მილიარდადაა შეფასებული.