უცხოეთში დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ფულადი გზავნილები 29.4 მილიონი დოლარით (24.4%-ით) შემცირდა. იანვარ-აპრილში კი ჯამში 104 მილიონი დოლარით (23.3%-ით) შემცირდა.
უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 25 მილიონი დოლარით შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და იტალია, საბერძნეთიდან 4 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო იტალიიდან 1.5 მილიონი დოლარით.
ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 7 თვეში გზავნილები 171 მილიონი დოლარით არის შემცირებული.