SPAR-ის პირველი სამი მაღაზია თბილისში

SPAR-ის პირველი სამი მაღაზია თბილისში

დღეს, 10 სექტემბერს, თბილისში ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელის SPAR International-ის პირველი სამი ობიექტი იხსნება. ობიექტები გაიხსნება გოგებაშვილის 50-ში, კოსტავას ქუჩაზე და ყაზბეგის 12-ში.

ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილია “ფუდმარტისა” და “იოლის” ქსელის სრული რებრენდინგი, 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩანაცვლდებდა “ფუდმარტისა” და “იოლის” ყველა 51 მაღაზია, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. გარიგება არ გულისხმობს SPAR–ის მიერ “ფუდმარტის” და “იოლის” მაღაზიების შეძენას. მოხდა რებრენდინგი და მაღაზიები SPAR-ის სახელით გაიხსნება. ჰოლანდიური კომპანია ინვესტიციებს არ განახორციელებს. “ფუდმარტი” უბრალოდ გამოიყენებს ბრენდის სახელს, გამოცდილებას და ცოდნას. 

არსებული მაღაზიების ჩანაცვლების გარდა, დაგეგმილია ახლების გახსნაც, შედეგად, 2018 წლის ბოლომდე საქართველოში SPAR-ის 80 მაღაზია იქნება.

SPAR International არის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი გლობალური ბრენდი, რომელიც აერთიანებს 12 ათასზე მეტ მაღაზიას 35 ქვეყანაში. SPAR დაფუძნებულია 1932 წელს ნიდერლანდებში და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღაზიების, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდეს ქსელად მსოფლიოში, ეს ქსელი ყოველდღიურად 13 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით.