“თბილღვინომ“ წელს რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავა. გარდა ამისა, კომპანიამ პანდემიის მიუხედავად, ახალი ვენახების გაშენებაც შეძლო, რის შემდეგაც ჯამში “თბილღვინოს“ ვენახების ფართობმა 306 ჰექტარს მიაღწია. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაახლოებით 400 თანამშრომელს ასაქმებს, ვენახების გარდა, ფლობს საწარმოებს თბილისსა და ყვარელში და წლიდან წლამდე ზრდის წარმოების მოცულობასა და ღვინის ასორტიმენტს. Forbes Georgia-მ კომპანიის დამფუძნებელ ზურაბ მარგველაშვილთან გამოწვევებზე, გეგმებსა და მოლოდინებზე ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ზურაბ, “თბილღვინოს“ ორი ღვინის საწარმო აქვს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. რამდენად შეაფერხა ეს პროცესი 2020-მა წელმა?
2020 წელი იყო გამოწვევებით და სირთულეებით სავსე. თუმცა, უკვე წლის ბოლოა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “თბილღვინომ“ ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხა. იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება და მივიღეთ შესაბამისი ზომები, შეფერხებები ფაქტობრივად არ გვქონია. ასევე ჩვენ მანამდე გვქონდა დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიც არის მაგალითად ვენახების გაშენება წვეთოვანი ირიგაციით, და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა-განვითარება.
შესაბამისად, მივყევით გეგმას და 2020 წელს ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ ენისელში ჩვენ შევძელით გაგვეშენებინა დამატებით 42 ჰა საფერავის ვენახი. ასევე წელს გადავამუშავეთ ჩვენთვის რეკორდული რაოდენობის ყურძენი. მოგეხსენებათ გაყიდვების ზრდას ახლავს გარკვეული რისკები, სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ ყოველწლიურად ვაძლიერებთ საწარმოო სიმძლავრეებს და გეგმაზომიერად ვზრდით წარმოებას. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, 2020-მა წელმა გეგმების განხორციელებაში ვერ შეგვაფერხა. არც საწარმოო პროცესი შეფერხებულა.
ქართველი ღვინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი ადგილობრივი მომხმარებლები ძირითადად არიან ტურისტები. თუმცა, ამ კუთხით წელს ჩავარდნა ჰქონდათ. “თბილღვინოს“ შემთხვევაში როგორ არის გადანაწილებული წარმოება ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე?
“თბილღვინოს“ წარმოების 90%-ზე მეტი ექსპორტზე გადის. გვყავს დაახლოებით 70 პარტნიორი 30-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოს ბაზარზე გვქონდა მნიშვნელოვანი 50%-60% კლება გაყიდვებში. ეს ვარდნა, როგორც თქვენ აღნიშნეთ გამოწვეულია ტურისტების დეფიციტით და ასევე შეზღუდვებით ჰორეკას მიმართულებით. ამის ფონზე, ჩვენ გავაძლიერეთ საქართველოში გაყიდვების გუნდი და 2020 წლის ივნისიდან ავამუშავეთ ონლაინ მაღაზიაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით. საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს ონლაინ მაღაზიის გაყიდვების კუთხით. ყოველთვე გვაქვს ზრდა და უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენი ონლაინ მაღაზია.
“თბილღვინოს“ თავისი პროდუქცია 30-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. რომელია თქვენი ძირითადი საექსპორტო ბაზრები და სად არის განსაკუთრებით მოთხოვნადი თქვენი ღვინო?
„თბილღვინოს“ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი და ძლიერი მხარეა ექსპორტი და დივერსიფიცირებული ბაზრები. თითოეულ ბაზარზე რამდენიმე ძლიერი პარტიორი გვყავს, მათ შორის დიდი ქსელები, რომელთანაც წლებია ვთანამშომლობთ. იშვიათი გამონკალისის გარდა, ზრდა უმრავლეს ბაზრებზე გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ლოგიკური პასუხი იმ ნაბიჯებზე, რაც კომპანიამ გადადგა იმისათვის, რომ გაყიდვები გაზრდილიყო.
რაოდენობრივად კი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ყაზახეთზე მოდის. შემდეგ მოდის რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ბელარუსი და ა.შ. თუმცა, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ბაზრები, როგორიც არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც ასევე ყოველწლიურად ვიზრდებით.
2020 წლის 9 თვეში საქართველოში ღვინის ექსპორტი 5.8%-ით შემცირდა. ამის მიზეზი გლობალურად მოხმარების შემცირებაა. თქვენს შემთხვევაში, როგორია ციფრები, თუ შესადარებლად წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ავიღებთ?
ჩვენ საექსპორტო ბაზრების უმრავლესობაში გვაქვს მინიმუმ შენარჩუნება და ხშირ შემთხვევაში ზრდა. უფრო მეტიც, 2019 წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, მიუხედავად პანდემიისა, მოვახერხეთ და თანამშრომლობა დავიწყეთ ოთხ ახალ ძლიერ პარტნიორთან. არსებულ პარტნიორებთანაც გვაქვს ზრდა რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ზოგადად, ჩვენი დაკვირვებით, არა მოხმარების შემცირება, არამედ ეკონომიკური კრიზისია გაყიდვების კლების მთავარი მიზეზი. სწორედ ამიტომ „თბილღვინომ“ ჩაატარა დამატებითი აქტივობები იმისათვის რომ შეენარჩუნებინა გაყიდვების ზრდის ტემპი.
ასევე ფაქტობრივად ჩვენ ჩვეული ოპერატიულობით საექსპორტოდ ვამზადებდით ღვინოს ისე, რომ არცერთი დღე წარმოება არ გაჩერებულა და შეკვეთები არ დაგვიანებულა. არც ლოგისტიკური პრობლემები შეგვქმნია.
თქვენ აწარმოებთ ათობით სახეობის ღვინოს და აპირებთ კიდევ დამატებით რამდენიმე ახალი სახეობის დამატებას მომავალი წლისთვის. ამ გეგმებზე რომ მოგვიყვეთ უფრო დეტალურად…
მოგეხსენებათ, ჩვენ 2013 წლიდან დავიწყეთ ვენახების გაშენების პროცესი. დღეს უკვე 306 ჰექტარის ფართობის ვენახებს ვფლობთ. ეს არის ძირითადად მუკუზანის და ქინძმარაულის ზონებში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი 2021 წელს და შემდგომაც გაგრძელდება. წელს კი ამ მიმართულებითაც საკმაოდ საინტერესო წელი გამოგვივიდა, ვინაიდან მეღვინეებისა და გაყიდვების გუნდების აქტიური თანამშრომლობის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს.
ზოგადად, “თბილღვინო“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, წელს გადავწყვიტეთ, რომ მცირე რაოდენობით უძველესი ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ქვევრის მცვივანი ვაწარმოოთ. ამის პარალელურად, ამავე მიმართულების განვითარებაა “ამბერ რქაწითელი“ და “ამბერ ქისი“, რომელიც ვფიქრობთ, რომ მალე მოიპოვებს პოპულარობას როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზრებზე.
გავზარდეთ ასორტიმენტი განსაკუთრებული მარაგის ხაზშიც და წინანდალთან, საფერავსა და მუკუზანთან ერთად მომავალი წლიდან მწვანეს განსაკუთრებულ მარაგსაც ვაწარმოებთ.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ღვინო საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით მზადდება, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა გაგვემდიდრებინა ჩვენი ასორტიმენტი და გვეწარმოებინა ისეთი ღვინოებიც, როგორიცაა ნახევრად ტკბილი ქისი, აისვაინი, და წითელი მაღალი კატეგორიის ღვინო. ეს ის სიახლეებია, რომლებსაც ჩვენი კომპანია სამომავლოდ შესთავაზებს მომხმარებელს.
საინტერესოა, რომელია თქვენ მიერ წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი ღვინო…
გვაქვს დიდი ასორტიმენტი, როგორც სუფრის, ასევე ჯიშური და ადგილწარმოშობის ღვინოებისა, ასევე გვაქვს განსაკუთრებული მარაგის ღვინოების და ქვევრის ღვინოების ხაზი. ეს მრავალფეროვნება არამარტო რაოდენობრივად, არამედ საფასო სეგმენტებითაც გამოირჩევა, რაც როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო მომხმარებელს უდიდესი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. ტრადიციულად ღვინო, რომელიც მაღალი საფასო სეგემენტისაა, საკმაოდ მოთხოვნადია, ისევე როგორც ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, წინანდალი და ასევე სუფრის ღვინოებიც.
როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ღვინის ინდუსტრიის გამოწვევები ქვეყანაშიც და გლობალურადაც?
ვფიქრობ, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ხარისხის კონტროლი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა, რის წინაშეც საქართველო დგას. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელია, მაინც გვიწევს პროდუქციის ხარისხზე საუბარი. ქვეყნიდან გასული დაბალხარისხიანი მილიონობით ბოთლი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ეს რეალურად არის ძალიან დიდი პრობლემა.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ვითარება, რომ მწარმოებელს ჰქონდეს მოტივაცია აწარმოოს ხარისხიანი ღვინო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ აწარმოოს პრემიარული და ძვირიანი საფასო სეგმენტის ღვინო. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა საფასო სეგმენტში იყოს საღი, ჯანმრთელი ღვინოები. აღარ ვამბობ იმაზე, რომ კანონის დარღვევით არ უნდა იწარმოებოდეს ღვინო.
ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, მაგრამ მსოფლიოში მაღალხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებაა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ან შედარებით ახალ ჩინეთის ბაზარზე, სადაც ძირითადად მოთხოვნა არის დაბალფასიან ღვინოებზე, ვინაიდან ეს არის რისკის შემცველი ქართველი მეღვინეებისთვის. უნდა მოხდეს დივერსიფიცირება, ამისათვის კი ქართული ღვინის ხარისხი უნდა იყოს მაღალი.
დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ არაერთი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy. ბოლო ჯილდო იყო დეკემბრის დასაწყიში საერთშორისო კონკურსზე – International wine challenge-ზე, მოწინავე ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის თქვენი საფერავის, 2020 წლის ჩემპიონ წითელ ღვინოდ დასახელება. რას ნიშნავს ეს თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის?
უნდა აღინიშნოს რომ “თბილღვინო“ ყოველწლიურად აგზავნის ღვინოს ყველაზე გავლენიან კონკურსებზე. ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ ლონდონში ვაგზავნით ნიმუშებს, ვინაიდან პირველ რიგში გვჭირდება ყველაზე მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალების შეფასება. ამ კონკურსის შედეგებით ვაფასებთ თუ რა წინსვლა და განვითარება გვაქვს ხარისხობრივად.
ბოლო 3 წელია 20-ზე მეტ ჯილდოს ვიღებთ ლონდონის სამ კონკურსზე, ხოლო 2020 წლის შედეგები არის “თბილღვინოს“ ყოველწლიური განვითარების მკაფიო დადასტურება და ნიშანი იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ და ტემპი არ უნდა დავაგდოთ.
წელს ჯამში 31 ჯილდო მოვიპოვეთ ლონდონის სამ საერთაშორისო კონკურსზე. მათ შორის ერთი ტროფი, სამი ოქრო, ექვსი ვერცხლი, 16 ბრინჯაო და ოთხი რეკომენდაცია.
ამ კონკურსებზე გაუმჯობესებულ შედეგებს ველოდით და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველით. თუმცა, საფერავის ეს გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულოა. როცა ამ ფაქტს არა შენ როგორც მწარმოებელი, არამედ მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური ჟიური ამბობს, და როდესაც შენი ღვინო ფრანგულ, ესპანურ, ახალ ზელანდიურ, ავსტრალიურ, იტალიურ და სხვა მრავალი ქვეყნის ტოპ მწარმოებლის წითელ ღვინოებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს, ეს ნამდვილად არის საბაბი იმის, რომ შეაფასო საკუთარი მიღწევები და წინ კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის იბრძოლო. ეს კონკურსი თითქმის 40 წელია ტარდება და ქართულმა ღვინომ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.
და ბოლოს, თქვენ ცოტა ხნის წინ გადაიღეთ ანიმაცია ქართული ღვინის ისტორიასთან დაკავშირებით. საინტერესოა ვისზეა ეს გათვლილი, და რა გამოხმაურება გაქვთ?
ეს არის განსაკუთრებული პროექტი, მასზე ვმუშაობდით 6 თვეზე. იდეა წამოვიდა იქიდან რომ ჩვენ 30-ზე მეტ საექსპორტო ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ყოველწლიურად გვიწევს შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც ვუყვებით ჩვენი ღვინის ისტორიას. ამიტომაც ანიმაციის მიზანი იყო ლამაზად გვეჩვენებინა ღვინის, ვაზისა და საქართველოს უწყვეტი, მჭიდრო ისტორიული კავშირი. შეგვექმნა ვიდეო, რომელიც ყველა ქართველისთვის იქნებოდა სასიამოვნო ემოციების მომტანი და დასამახსოვრებელი უცხოელი მაყურებლისთვის და რაც მთავარია ხაზგასმა იმ დადასტურებული ფაქტის, რომ “თბილღვინო“ არის ამ 8 000-წლიანი ისტორიის ღირსეული გამგრძელებელი.