ბერმუდის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის – ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ ორგანიზაციას შორის მიმდინარე დავას განიხილავს. ეს დავა შვეიცარიასა და სინგაპურში მიმდინარე პროცესის ნაწილია და ის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ მრავალმილიონიან თაღლითურ საქმიანობას უკავშირდება.
ბერმუდის კუნძულების სასამართლოს მიერ 2020 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებული შუალედური გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესში მტკიცებულებების სახით დოკუმენტების მნიშვნელოვანი არქივი წარადგინა, მათ შორისაა მისი ყოფილი ასისტენტების – ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი ბაჩიაშვილის სრული საფოსტო არქივი, რომელიც Credit Suisse-სთან ურთიერთობას ეხება. ელექტრონულ ფოსტასთან ერთად, წარდგენილია საქმესთან მიმართებით მათ კომპიუტერებში არსებული ფაილებიც. იმ პერიოდში, როდესაც პატრიკ ლესკადროს თაღლითური სქემა მიმდინარეობდა, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ასისტენტი და “ქართუ ჯგუფის” ერთ-ერთი აღმასრულებელი იყო, გიორგი ბაჩიაშვილი კი მის საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობდა.
როგორც სასამართლო მასალებშია წარმოდგენილი, Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელისთვის მტკიცებულებების შეგროვებისთვის ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა შეისწავლეს ათასობით დოკუმენტი და მათგან მტკიცებულებებისთვის შეკრიბეს ისინი, რომლებიც შვეიცარულ ბანკთან ურთიერთობას ეხებოდა.
დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.
ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 11 თებერვალს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პროცესზე “ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ” და საკუთარი განჩინებით, შვეიცარიულ ბანკს პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება დაავალდებულა.
Credit Suisse-მა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც 2020 წლის 7 ოქტომბერს სასამართლომ დაასკვნა, რომ საკითხს წარმოებაში არ მიიღებდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს მონაცემების გამჟღავნება დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Credit Suisse -ი ამ საქმეში მონაცემების წარდგენას განგებ აჭიანურებს. ბანკი ამ გაჭიანურებას კოვიდ19-ის პანდემიას უკავშირებს, თუმცა მოსამართლის შეფასებით, პანდემია მონაცემების წარმოუდგენლობის გამართლება არაა. ამასთან, ბანკი დავობს, რომ საბანკო საიდუმლოების შესახებ შვეიცარული კანონის დასაცავად, ისინი იმ მონაცემებიდან, რომელთაც ბერმუდის კუნძულებზე წარადგენენ, ინფორმაციას ნაწილობრივ დაფარავენ. ამას კი ივანიშვილის იურისტები ეწინააღმდეგებიან.
მოსამართლემ საქმეზე შემდგომი სხდომა მიმდინარე წლის 18 იანვარს დანიშნა.
ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, “რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ” – 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან თქვა ივანიშვილმა.
თავად Credit Suisse-ი ამ და კიდევ რამდენიმე სხვა სკანდალის გამო, რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგა, 2020 წლის თებერვალში ბანკის CEO ტიდჯანე თაიმი თანამდებობიდან გადადგა.
2018 წელს ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მილიარდერების, მათ შორის ვიტალი მალკინის – ყოფილ პირად ბანკირს, პატრის ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟენევის სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მისი კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეფულა.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.
აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.