Disney აცხადებს, რომ მის სტრიმინგ-პლატფორმას უკვე 94.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, „Disney+“-ის მიზანი 2024 წლისთვის 60-დან 90 მილიონამდე გამომწერის მოგროვება იყო, თუმცა ~ გამომწერების რაოდენობამ ამ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა, რამაცკომპანიის პროგნოზი შეცვალა. ახლა „Disney+“-ში 2024 წლისთვის 230-დან 260 მილიონამდე გამომწერს ელოდებიან.
Disney-ის სტრიმინგ-სერვისი 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა და მალევე დააგროვა გამომწერების დიდი რაოდენობა. პირველივე დღეს მას 10 მლნ მომხმარებელი შეუერთდა, ხოლო პირველი კვარტალის ბოლოს სტრიმინგ-სერვისს უკვე 26.5 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ონლაინსერვისის გამომწერთა რაოდენობის სწრაფ ზრდას პანდემიამაც შეუწყო ხელი.
გასული წლის დეკემბერში კომპანიაში განაცხადეს, რომ დაახლოებით 100 ფილმისა და სატელევიზიო პროექტის პირდაპირ ონლაინპლატფორმა „Disney+“-ზე გაშვება იგეგმება. მათ შორის მოიაზრება „მარველის“ ათობით სერიალი. ეს განცხადება ამ სერვისის მომხმარებელთა რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.