თბება, ჩემი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან ჩანს, როგორ დნება თოვლი შვეიცარიის მთებში. რა სწრაფად გავიდა დრო, გაზაფხულის მოახლოება მახსენებს, თუ რამდენი რამ შეიცვალა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მათ შორის ჩვენი კოლექტიური გამოცდილებაც.
ჩემი კარიერის მანძილზე მრავალ ბიზნეს ცვლილებას შევსწრებივარ, თუმცა Covid19-ის მიერ გამოწვეული ტრანსფორმაციის პერიოდი უპრეცენდენტო იყო. შეიზღუდა მოგზაურობა, შეიცვალა შეხვედრებისა თუ ბიზნეს ლანჩის პრაქტიკა, კონფერენციები ონლაინში გადავიდა. ერთი სიტყვით, ტრანსფორმაცია განიცადა ყველა იმ სფერომ, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ჩართულობასა და თავშეყრას ითვალისწინებს. ანუ მარკეტინგში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო.
საჭირო გახდა ახალი იდეებისა და მიდგომების მოფიქრება, თუმცა მოცემული რეალობა არც ისე დამნდობი აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ კრეატიული ვორქშოპები, სადაც ლიდერი რაღაც პრობლემას ასახელებს და მონაწილეებს მოუწოდებს, ინდივიდუალურად მოიფიქრონ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. შემდეგ კი ლიდერი ამბობს: “ახლა კი დაივიწყეთ ყველა თქვენი იდეა და შექმნით ახალი”.
პანდემია შეუზღუდავი შესაძლებლობების პერიოდად იქცა. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ეს იყო ცვლილებისა და განვითარების დრო.
წარმოიდგინეთ, ფოტოგრაფები, რომლებიც პანდემიამდელ პერიოდში შემოსავალს სხვადასხვა დღესასწაულებსა თუ ღონისძიებებზე ადამიანების სასიამოვნო მოგონებების აღბეჭდვით იღებდნენ. Covid 19-ის პანდემიის შედეგად კი, როდესაც ადამიანები აქტიურ სოციალურ ცხოვრების წესს მოწყდნენ და პირად სივრცეებში გადაინაცვლეს, მათ ეს შემოსავლის წყარო დაკარგეს. ზოგი მათგანი გამოთავისუფლებულ დროს უნარების განვითარებისთვის იყენებდა, ზოგი კლიენტების ახალ საჭიროებებს მოერგო, მათი ნაწილი კი ახალ გამოწვევებთან ადაპტაციისთვის მოემზადა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის სფეროში დიდი მოთხოვნა არის ვიზუალურ კონტენტზე. მისი მეშვეობით ხდება პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ მომხმარებლისთვის, რომლებიც აღარ ან ვეღარ დადიან მაღაზიებში, სავაჭრო გამოფენებსა თუ შოურუმებში. მაგალითად, ფოტოგრაფი ისააკ როდრიგესი აღნიშნავს, რომ კომერციული ფოტოების გადაღების შემდეგ, რომელიც საკვებისა და პროდუქტის ვიზუალის შექმნას გულისხმობს, მისი შეკვეთების რაოდენობა თვეში 15-დან 40-მდე გაიზარდა. ეს ზრდა კი პანდემიის პერიოდში მოხდა.
მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომელთა შემოსავალიც სავსე დარბაზებსა თუ საკონცერტო ჰოლებზე იყო დამოკიდებული. თუ ადრე ბესტსელერი ბრიტანელი ავტორის, ჯერემი კასელის მიერ გამართულ ტრენინგებზე ბილეთების დაჯავშნა მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე იყო შესაძლებელი, კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ მის ლექციებზე მოთხოვნა მყისიერად დაეცა. მას შემდეგ, რაც კასელმა გაანალიზა, რომ კლიენტებისთვის ონლაინ შეხვედრების ჩატარება უფრო დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, ვიდრე პირისპირ გამართული კონფერენციები, მან შექმნა ვირტუალური პრეზენტაციების მხარდამჭერი აქტივების პაკეტი.
ნიდერლანდებში კი ჯენიფერ ვან დერ შაფის გრანდიოზულ ღონისძიებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, როდესაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, შედეგად შოუ გაუქმდა. “წლის წარმატებული ქალის” ორგანიზატორები შეხვედრის ონლაინ რეჟიმში გამართვას გეგმავდნენ, ამ იდეას კი ჯენიფერი არ ემხრობოდა. პანდემიამდელ პერიოდში ის აკრიტიკებდა ონლაინ ღონისძიებების პრაქტიკას, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ ტიპის შეხვედრები დაცლილი იყო იმ ღირებულებებისგან, რასაც ადამიანთა პირისპირ კონტაქტი წარმოადგენს. თუმცა, ვირტუალურ ღონისძიებებში ჯენიფერმა დაინახა შესაძლებლობა – მან გადაწყვიტა, შეექმნა სატელევიზიო შოუ, რომელიც დამსწრეთა შორის ემოციების გაზიარებას უზრუნველყოფდა. ცოცხალი ღონისძიების შეგრძნებების, ტელევიზიის სწრაფი ტემპისა და თეატრალური ელემენტების გაერთიანებით ჯენიფერ ვან დერ შაფმა შექმნა ახალი Work-From-Home (WFH) ბიზნესი.
ეს მაგალითები ნათლად ასახავს, რომ შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. მსგავსი მიდგომა არ გულისხმობს რაღაც ინოვაციური ბიზნეს იდეის შექმნას, არამედ ის შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე მიუთითებს.
ეს ადამიანები უბრალოდ ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ საღი აზროვნება, პანდემიის პირობებში. მათ მამოძრავებელ ძალას კი სურვილი წარმოადგენდა. სანამ საზოგადოების ნაწილი ახალი პლატფორმების შემუშავებაზე ფიქრობდა, მეორე ნაწილი საკუთარი უნარების განვითარებაზე მუშაობდა: ადამიანებმა დაიწყეს ენების შესწავლა Duolingo-სა თუ italki-ს მეშვეობით, გადაწყვიტეს საკუთარი კულინარიული უნარების დახვეწა, გიტარაზე JamPlay-ის პლატფორმის მეშვეობით სწავლა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობდნენ აემაღლებინათ კარიერული კვალიფიკაცია: გადიოდნენ ბიზნეს მენეჯმენტის EDX კურსებს, სწავლობდნენ პროგრამირებას Codecademy-ს ან დეველოპმენტს Google-ის მეშვეობით…
ვირტუალურ სფეროში გადასვლის შედეგად მარკეტერებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ წარმატებული წამოწყების სპონსორები, პარტნიორები ან მოეხდინათ მათი რეკლამირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარკეტინგი შესაფერისი აუდიტორიის პოვნას, მასთან დაკავშირებასა და ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარებას ემსახურება. პანდემიამ კი შექმნა სრულიად ახალი ეკოსისტემა, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა.
და, რა გაჩერებს შენ?
მარიან სალცმანი
მარიანი კომპანია Philip Morris International-ის გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ამჟამად მასშტაბურ ტრანსფორმაციას გადის დასახული მიზნის – უკვამლო მომავლის მისაღწევად. მარიანი Forbes-ის კონტრიბუტორი, ასევე არაერთი წიგნის ავტორი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი პრაქტიკოსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.