პანდემიისას 493 ადამიანი მილიარდერი გახდა

პანდემიისას 493 ადამიანი მილიარდერი გახდა

კორონავირუსმა დააზარალა სახელმწიფოთა ეკონომიკა, გაართულა ყოველდღიურობა, შეზღუდა მობილობა, თუმცა, როგორც სტატისტიკა მოწმობს, მილიარდერთა სიის გაზრდა არ შეუფერხებია. Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში ახლა 493 ადამიანით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში სიას თითო წარმომადგენელი საშუალოდ ყოველ 17 საათში ერთხელ ემატებოდა.

ახალი წევრების საშუალო სიმდიდრე $2 მილიარდია, საშუალო ასაკი კი – 54 წელი. მათგან 84%-ის ისტორია არ უკავშირდება მემკვიდრეობით მიღებულ კომპანიებსა და შემოსავალს, უმეტესი თავადვეა საკუთარი სიმდიდრის წყარო.

საყურადღებოა, რომ 493-დან 205 მილიარდერი ჩინეთიდანაა, რაც ქვეყანას ახალგამდიდრებულთა სიის ლიდერს ხდის. ერთ-ერთი ასეთია $5 მილიარდის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრესი ქალი, 39 წლის ქეით ვანგი, რომელიც ელექტროსიგარეტების კომპანია RLX-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია.

ახალგამდიდრებულებს შორის ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 98 ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, მათ შორის, $1 მილიარდის მფლობელი კიმ კარდაშიანი, მსახიობი ტაილერ პერი ($1 მილიარდი), Apple-ის მმართველი, ტიმ კუკი ($1.3 მილიარდი).

ქვეყნების რიგში მესამე ადგილზეა გერმანია 26 ახალი მილიარდერით, მას მოსდევს კანადა და ინდოეთი, საერთო რადეონობით 19-19.

პანდემიის დროს გამდიდრებულების ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი 18 წლის დევიდ ლეჰმანია. ის გერმანიის ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის მემკვიდრე გახდა.

მილიარდერთა სიაში მოხვედრას კრიპტოვალუტის ბუმმაც შეუწყო ხელი.  ჩამონათვალს  ორი კრიპტოფირმის დამფუძნებელი, 29 წლის სემ ბენკმან-ფრაიდიც შეემატა, რომლის ქონება $8.7 მილიარდია.

იხილეთ ამავე თემაზე: