საქართველოში მარტის ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა – ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. საქსტატის ექსპრესმონაცემების მიხედვით, თებერვალში წ/წ 2.9%-იანი ზრდის შემდეგ, 2020 წლის მარტში წ/წ 30.8%-ით გაიზარდა. „მაღალი ზრდა ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული, თუმცა ექსპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა“, – წერია მიმოხილვაში.
რაც შეეხება იმპორტს, თებერვალში წ/წ 12.2%-იანი კლების შემდეგ, 2020 წლის მარტში იმპორტის ზრდამ წ/წ 21.7% შეადგინა.
„აბსოლუტურ მაჩვენებელში იმპორტის მოცულობა 141.3 მლნ დოლარით, 793.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტის მსგავსად, მაღალი ზრდა ძირითადად დაბალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, თუმცა ასევე მცირე, მაგრამ დადებითი, 0.8%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის შესაბამის თვესთან შედარებითაც. მარტში სავაჭრო ბალანსი წ/წ 16.0%-ით (54.4 მლნ აშშ დოლარით) გაუარესდა“, – წერს TBC Capital-ი.
მიმოხილვაში ფულადი გზავნილების მონაცემებიცაა გაანალიზებული. TBC Capital-ის მიხედვით, თებერვალში წ/წ 17.5%-იანი მატების შემდეგ, მარტში აშშ დოლარში გამოხატულმა ფულადმა გზავნილებმა (წ/წ +49.5%) ძლიერი ზრდის დინამიკა გამოავლინა.
„მაღალი, 36.0%-იანი ზრდა ფიქსირდება ამ მაჩვენებლის 2019 წელთან შედარებითაც, საიდანაც ნაწილი საზღვრების ჩაკეტვის შედეგად, ელექტრონული გადმორიცხვების ზრდით აიხსნება. ტრანსფერები გაიზარდა ყველა ძირითადი ქვეყნიდან. კონტრიბუციის მხრივ, ევროკავშირი (წ/წ +50.9%) მთლიან ზრდაში ყველაზე დიდ წვლილს ინარჩუნებს. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის (წ/წ +59.8%), უკრაინისა (წ/წ +145.2%) და თურქეთის (წ/წ +15.0%) წვლილიც. უფრო მეტიც, კლებადი ტენდენციის შემდეგ, რუსეთიდან ფულადი გზავნილები წ/წ +26.8%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია TBC Capital-ის მიმოხილვაში.