საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა

საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7 წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები – JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი Galt & Taggart-ია. გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით – Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.

შეთავაზებულ ობლიგაციებზე ქართული ფასიანი ქაღალდისათვის უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა და ჯამურმა მოთხოვნამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ბანკებს და ემიტენტს საშუალება მისცა ობლიგაციების კუპონი საწყისი 4.875%-5.000%-იანი დიაპაზონიდან, 4.00%-მდე შეემცირებინათ.

ობლიგაციების ემისიას ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან: EBRD და ADB, რომელთა ჩართულობამ თავისი წვლილი შეიტანა ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნის დაფიქსირებაში. საბოლოოდ, ემისიის 80% აქტივების მმართველმა კომპანიებმა და საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს, რომელთა 41% – დიდ ბრიტანეთში, 35% – კონტინენტურ ევროპაში, 19% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ.

ობლიგაციების გამოშვებამდე “საქართველოს რკინიგზას” საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად “BB მინუსს” შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ბოლოს 2012 წელს 7.75%-ში განათავსა. მოზიდული რესურსი სწორედ ამ ობლიგაციების 1 წლით ვადაზე ადრე რეფინანსირებას მოხმარდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მიმართოს.

აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ 2019 წლის შემდეგ განთავსებული მეექვსე ევროობლიგაციაა.

„პირველ რიგში, ვულოცავთ სქართველოს რკინიგზას წარმატებით დახურულ ტრანზაქციას და მოხარულები ვართ, რომ სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდის მიუხედავად, საქართველოდან კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა. ობლიგაციებზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემიტენტის მიმართ ინვესტორების ინტერესს და მმართველი გუნდის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ აქტივობას მთელი ვირტუალური როუდშოუს განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებასთან ერთად, საერთაშორისო ევრობონდების განთავსებაშიც აქტიურადაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ბონდები, საქართველოდან განთავსებული რიგით მეორე მწვანე ევროობლიგაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, “Georgia Global Utilities”-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. საქართველოდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე მწვანე ევროობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს ქვეყნისა და კომპანიების გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“,  – დავით ფერაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.