მიმდინარე კვირას უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის ტექ.კომპანიები შემოსავლების შესახებ ბოლო მონაცემებს გამოაქვეყნებენ. მათ შორის იქნება Netflix-ი, Johnson & Johnson-ი, Coca-Cola, Verizon-ი, American Express-ი, Honeywell -ი, AT&T-ი, Harley-Davidson-ი და United Airlines-იც. ამერიკის ბაზარზე კომპანიების შემოსავლები მიმდინარე კვირას ეკონომიკური ამბების ეპიცენტრში იქნება.
რაც შეეხება ევროპას, ევროპის ცენტრალურ ბანკში მონეტარული პოლიტიკის შესახებ შეხვედრებს მიმდინარე კვირასაც გამართავენ, ხუთშაბათს მოსალოდნელია პრესკონფერენციაც. საფრანგეთი ბიზნესის კვლევის განახლებულ შედეგებს გაასაჯაროებს, რაც ბიზნესის აქტიურობას განსაზღვრავს. კვლევის ფარგლებში 4000 ბიზნესლიდერის მოსაზრებებსა და შედეგებს იკვლევენ, რომლებიც სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიას წარმოადგენენ.
იაპონიასა და შვეიცარიაში ივნისის სავაჭრო ბალანსის შესახებ გახდება ცნობილი, ხოლო რუსეთში უმუშევრობის დონეს, ივნისის რიტეილ-გაყიდვებს და მშპ-ის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებენ.
რაც შეეხება საქართველოს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მიმდინარე კვირა ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნების კუთხით საკმაოდ დატვირთული იქნება. კერძოდ, დღეს, 19 ივლისს 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი გამოქვეყნდება, დღესვე ცნობილი გახდება გასული თვის ადგილობრივი ექსპორტის შესახებ რიცხვები, ასევე მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრისა და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2020 წლის წლიური, დაზუსტებული).
სამშაბათს, 20 ივლისს, უნდა ველოდოთ საქსტატის მიერ შემდეგი მონაცემების გამოქვეყნებას:
– სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის ივნისი)
– მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– ექსპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის ივნისი)
– მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2021 წლის ივნისი).
გარდა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისა, დღეიდან საქართველოს მთავრობის მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ 322-ე დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება. ასევე, დღეიდან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის არქონის შემთხვევაში, მსურველები კონფერენციებსა და ტრენინგებს ვერ დაესწრებიან.