Tesla-მ პირველი ელექტრონული პიკაპის, „Cybertruck“-ის წარმოება 2022 წლამდე გადაავადა. ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„Cybertruck“-ის წარმოების გადავადებასთან დაკავშირებით თავდაპირველი ინფორმაცია Electrek-მა გაავრცელა, რომელიც ავტომწარმოებლის ონლაინ გვერდზე შეკვეთების სექციაში შესულ ცვლილებას ეყრდნობოდა. კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე შეკვეთის ვადასთან დაკავშირებით წარწერა – „სრულდება დღეს“ შეიცვალა წარწერით – „თქვენ შეძლებთ ფორმის შევსებას 2022 წელს, როდესაც წარმოების დასრულება მოახლოვდება“. როგორც ჩანს, აღნიშნული განცხადება ეხება ერთ, ორ და სამძრავიან სატრანსპორტო საშუალებებს.
„Cybertruck“-ის წარმოების გადავადება მოულოდნელი არ ყოფილა მათთვის, ვინც Tesla-ს პირველი ელექტრონული პიკაპის შესახებ ახალ ამბებს თვალს ადევნებდა. 2019 წელს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, „Cybertruck“-ის გეგმის მიხედვით, წარმოების 2021 წლის ბოლოსთვის დასრულება დააანონსა. იანვარში, მეოთხე კვარტლის შემოსავლების შეჯამებისას, მასკმა განაცხადა, რომ პირველი ელექტრო-პიკაპის მცირე რაოდენობით წარმოება 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა მასობრივ მიწოდებას უკვე 2022 წელს ვარაუდობდა.
გარდა ამისა, გასულ თვეს, Tesla-ს სამანქანო ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა, მეორე კვარტლის შემოსავლების გასაჯაროების შემდგომ განაცხადა, რომ „Cybertruck“-ის არქიტექტურის ძირითადი საინჟინრო დეტალები დასრულებული იყო და დაამატა, რომ „Cybertruck“ წლის ბოლოსთვის ბეტა ფაზაში გადავიდოდა. შესაბამისად, აქამდეც ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ Tesla-ს პირველი ელექტრო-პიკაპი 2021 წლის ბოლომდე გამოვიდოდა.