ბანკები ტფილისში, როგორც სოკო წვიმის შემდეგ

ბანკები ტფილისში, როგორც სოკო წვიმის შემდეგ

„ჩვენი ქალაქი თან-და-თან ამერიკულ ქალაქს ემსგავსება! მგონი დღე არ გაივლის ისე, რომ ან ერთი ახალი ბანკი, ან რომელიმე კომისიონერის, ვექსილის, თუ ფულის სასესხებელი კანტორა და სხვა ამ გვარები არ გაჩნდეს. ერთის სიტყვით, ისე იბადებიან ამ გვარი სხვა-და-სხვა სავაჭრო და საწარმოვო კანტორები, ბიუროები, როგორც სოკო წვიმის შემდეგ. და ყველა ამ კანტორებს რომ ჰკითხოთ, მარტო და მხოლოთ საზოგადოების სასარგებლოდ, გაჭირებულ ხალხის ხელის-მოსამართავად იმართებიან, სხვა არავითარის მიზნით. ყველას საზოგადო საჭიროების დაკმაყოფილება, ღარიბთა შეწევნა, ქვეყნის წარმოებისა და კეთილდღეობის წარმატება აქვთ მხედველობაში, სხვა არაფერი!“

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ქართული პრესის კვლევისას, სხვა საკითხების კვალდაკვალ, ბანკების თემას სხვადასხვა კონტექსტში არცთუ იშვიათად ახსენებენ.

ზოგადად, პრესაში არა მხოლოდ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ იმ კონკრეტულ მოვლენებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში იყო აქტუალური.

ერთ-ერთი ასეთი „მარადმწვანე“ თემა თავადაზნაურობის ნაწილის მიერ უძრავი ქონების ბანკში დაგირავება იყო, რამაც თურმე „დაღუპა კნიაზები, ააღებინა ხელი მამულ-დედულზე, გააკოტრა და ბანკის მონათ გახადა დიდი „იმენიის“ პატრონები“.

ამ თემას ვიზუალურად კარგად ასახავს იმდროინდელ პერიოდიკაში გამოქვეყნებული კარიკატურებიც.

საბანკო სფეროს გარშემო არსებულ საკითხებს ეძღვნება გაზეთ „ივერიის“ 1886 წლის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილი რედაქტორის სვეტიც, რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ილია ჭავჭავაძე უნდა იყოს. საკითხის შესახებ მსჯელობის აუცილებლობა იმას უნდა გამოეწვია, რომ „არა ერთხელ რისხვითა და წყრომით გამოლაშქრებულან ბანკებსა და მათს მნიშვნელობაზედ არამც თუ ჩვენი დაბალის-ღობის პუბლიცისტები, არამედ მოლექსენიც კი და მათ შორის სახელგანთქმულნიც – არ ერიდებიან ბანკების ავად-ხსენებას და სახელის გატეხასა. რისთვის და რადა? სწორედ მოგახსენოთ, ბევრჯელ დავკვირვებივართ ამისთანა ამბავს და ვერ წყრომისა და რისხვის მიზეზი ვერ გვიპოვია, იმისთანა მიზეზი, რომელიც დამჯდარსა და ნაფიქრს მსჯელობას ეშესაბამება“.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1903 წ.

აქვე უცვლელად გთავაზობთ ზემოხსენებულ სვეტს:

„ჩვენ გუშინდელს ნომერში ვსთქვით, რომ თითქმის არც ერთს წუნის მდებელს მწერალსა და მოლექსეს არ გამოუთქვამს, რა მიზეზითა სწუნობს ჩვენს ბანკებსა. მარტო ეს კი ვიცით: ყველანი იძახიან ბანკები ჩვენა გვღუპავსო და ამ კილოზედ ათას ნაირად ჰგალობენ პროზითა და ლექსითა. რა საგანი უნდა აძლევდეს ამის მთქმელს საბუთსა?

საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმაა ბანკის შესახებ უჯერო და შეუწყნარებელი და ამ მითქმა-მოთქმაში უნდა ვეძიოთ იგი საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენნი მწერალნი და მოლექსენი ამ მითქმა-მოთქმის ხმას აჰყვნენ უსათუოდ, თორემ თავისას გამოაცხადებდნენ რასმეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ზო­გი იძა­ხის, რომ ბან­კებ­მა ფუ­ლის სეს­ხად შოვ­ნის სახ­სა­რი გაგ­ვი­ად­ვი­ლაო და ამით მაც­დუ­რე­ბის კა­რი გაგ­ვი­ღო­ვო. ბან­კე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, ჩვენ ვა­ლებს არ ავი­ღებ­დი­თო და მა­შა­სა­და­მე ჩვე­ნი მა­მუ­ლე­ბი ყო­ვე­ლის გან­საცდე­ლი­სა­გან თავ­-­დახ­ს­ნი­ლი იქ­ნე­ბო­დაო და ჩვენც უვა­ლო­ნი­ო.

თუ ამისი მთქმელნი მართალის გულითა სდებენ ამით წუნს ჩვენს ბანკებს, ამისი წამალი ადვილია: ბანკის კრებამ დაადგინოს, რომ თავად-აზნაურსა და ერთობ ქართველსა, რომელსაც ადვილად საშოვარი სესხი აცდუნებს, აეკრძალოს ბანკიდამ ფულის სესხად მიცემა, თუნდა რომ ძალიანაც უჭირდეს. ამითი იგი სამაცდურო კარი, რომლის მიზეზითაც ბანკებს წუნსა სდებენ, სამუდამოდ დახშულ იქმნება და თავად-აზნაურობას ცალკე და ქართველობას საერთოდ ნება ექმნება მაშინ სთქვას, რომ დახსნილ ვარ ბოროტისა და მაცდურებისაგანო.

ხოლო არა გვგონია ბანკის კრებათა კეთილგონიერებამ ამ სასაცილომდე მიაღწიოს და გაუფრთხილებელი, გაუსინჯავი და წინ დაუხედავი კაცი ბორძიკს და წაქცევას იმით გადაარჩინოს, რომ მის გამო ნება არ მისცეს არავის სიარულისა.

ზოგი კიდევ იმიტომ ჰრისხავს ბანკებს, რომ მართალია ფული გვიჭირს სასესხებლად, ბანკის ვალს ვიღებთ, მამულებს ვუგირავებთ და როცა პირობას ვალისას და სესხისას ჩვენის დაუდევნელობით ვერ ვუსრულებთ ბანკსა, ბანკი მამულებს გვიყიდის და ცარიელზედ გვსვამსო. მაშ რა უნდა ჰქმნას ბანკმა? ნუ გაგვიყიდის მამულებსაო, თვითონ ჩაიბაროს ჩვენი მამულიო, უპატრონოსო, რაც შემოვა, იმითი ვალი იშოროსო და როცა მოიშორებს, მამული ჩვენვე დაგვიბრუნოსო.

ამ უთავ-ბოლო, მაგრამ სანატრელს აზრს ბევრი მომხრე ჰყავს ჩვენს საზოგადოებაში და ამ მომხრეებზედ სხვა არა გვეთქმის-რა გარდა იმისა, რომ „ნეტარ არიან მორწმუნენი“. ზემოხსენებულ აზრის პატრონებს ან სულ არ ესმით, რა არის ნდობა, „კრედიტი“ და რით გამოიწვევა იგი ნდობა, ან განგებ თვალ-დახუჭულნი არიან.

ბანკი ჯერ გაჭირებულის კაცის მოციქულია ფულის პატრონის წინაშე და მერმე მისი თავმდებიცა. მისი კლიენტი ერთის მხრით სესხის ამღებია, რომელიც ფულიანს კაცს ეძებს, რომ ფული ისესხოს, მეორეს მხრით – ფულის პატრონი, რომელიც სანდო კაცს და სანდო პირობას ეძებს, რომ ფული ასესხოს. ამათ შუა მოქმედობს ბანკი, ვითარცა მოციქული და თავდები. ამ მოქმედებისათვის ბანკის აგებულებაში იმისთანა რამ უნდა იყოს საძირკვლად დადებული, რომ ფულის პატრონი მიენდოს და ბანკის შემწეობით და თავდებობით ფული სესხის ამღებს გადასცეს. მოკლე ვადიან ბანკებს ამისათვის სხვა საძირკველი აქვთ, საადგილ-მამულო ბანკსა – სხვა. ერთი ქვა-კუთხედი საადგილ-მამულო საძირკველისა იგია, რომ სესხის ამღები ვალის მოსაშორებლად ვადაზედ შემოიტანს ბანკში რაც შემოსატანია და ბანკიც გადასცემს ფულის პატრონსა და მეორე იგია, რომ ფულის პატრონი დარწმუნებულია წინადვე, თუ ვადაზედ სესხის ამღებმა არ შემოიტანა დაწინდული, დაგირავებული მამული გაიყიდება და გასყი­დულის ფასით აუდგება ნასესხები. თუ ამითაც ვერ გაისწორა ანგარიში, იმედი აქვს, რომ მთელი ქონება ბანკისა, როგორც თავ-მდებისა, მისი პასუხის მგებელია.

ამ სამს უსათუო პირობაში ერთი რომელიმე რომ გააუქმოთ, ვერც ბანკი და ვერც თვითონ თქვენ გროშსაც ვერ იშოვით სასესხებლად. ტფილისისა და ქუთაისის ბანკებმა ათს მილიონზედ მეტი ფული იშოვეს გასასესხებლად ამ სამის უსათუო პირობითა. ეს სამი აუცილებელი პირობა ამ ბანკებისაგან არ არის მოგონილი, არამედ იგი პირობანი წარმომდგარნი არიან თვით კრედიტის ბუნებისაგან, რომელიც უიმათოდ ყურსაც არ შეიბერტყს ხოლმე და ადგილიდამ არ იძვრის.

თუნდ ეგეც არ იყოს, ერთი ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა აქვს მამულების დაგირავებას, თუ პირობის გატეხას არ უნდა მოსდევდეს თვითონ მამულის გაყიდვა? მაშინ გირავნობა რა შუაშია და რა თამასუქია?

აბა ერ­თი მი­დით გა­რე­შე კაც­თან და უბ­რ­ძა­ნეთ: ფუ­ლი მა­სეს­ხე, მა­მულს და­გი­გი­რა­ვებ იმ პი­რო­ბით კი, რომ თუ ნა­სეს­ხე­ბი არ დაგიბ­რუ­ნე, მა­მუ­ლი არ გა­მი­ყიდო­ვო. ხომ სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო­ფით ფუ­ლის პატ­რონ­სა!.. ეს უნ­და ახ­სოვ­დეთ იმათ, ვი­საც გულ­წ­რ­ფე­ლა­და სწამთ, რომ მა­მუ­ლე­ბის გა­უს­ყიდ­ვე­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რო­ცა კა­ცი მა­მუ­ლის თავ­დე­ბო­ბით იღებს ვალ­სა. გა­გო­ნი­ლა გა­ნა: მა­მულზედ მან­დე­ვი ფუ­ლიო და მამულს კი ნუ აზღ­ვე­ვი­ნე­ბო, თუ მე გა­გიმ­ტყუნ­დი და პი­რო­ბა ვერ აგის­რუ­ლე­ო.

აქ, სწორედ მოგახსენოთ, არავითარი ლოღიკა არ არის. იქნება გვითხრან, რომ რაკი ბანკი ჩაიბარებს მამულს, თვითონ მამული თავისის შემოსავლით გადიხდის ვალსაო. ამასაც მეტად მოკლე ფეხები აქვს. თუ თვითონ პატრონმა ბანკიდამაც ფული აიღო მამულზედ და მამულს ისე ვერ მოუარა, რომ ვალს გასძღოლოდა, ბანკმა საიდამ და როგორ უნდა მოუაროს.

ჩვენი ტფილისისა და ქუთაისის ბანკები, რომელნიც კრედიტით მოწვეულის სხვისის ფულით მოქმედობენ, როგორ შეძლებენ და შეუძლებელს შესაძლებლბად როგორ გარდაჰქმნიან!..

აკი ვამბობთ, ეს მამულების გაუსყდიველობა ბანკის საქმეში სიზმარია და ეგ სიზმარი მართალია, სანატრელი და სასურველია, მაგრამ მაინც სიზმარია და ოცნება. კიდევ ვიტყვით: ნეტარ არიან მორწმუნენი და ჩვენ კი ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მაგ ნატარებას გამოკლებულნი ვართ“.

როგორც ჩანს, რედაქტორის ამ სვეტის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იმ დროის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე „სახელგანთქმული მოლექსე“ აკაკი წერეთელიც იყო.

ზემოთ მოყვანილ წერილს იმავე გაზეთის ფურცლებზე აკაკიც გამოხმაურებია, რომელსაც აღუნიშნავს, „სათავადაზნაურო ბანკების ვითომდა წუნის-მდებლებში“ მეც ვიგულისხმებოდიო და განუმარტავს, რომ მისი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკს შეეხებოდა.

ამავე ტექსტში აკაკი საბანკო სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგულისხმო გარემოებაზე და ზოგადად, ქართველების ფინანსებთან და ფულთან დამოკიდებულებაზეც ამახვილებდა ყურადღებას:

„რაც ერთ დროს კარგია, შეიძლება ისვე მეორე დროს ცუდი იქნეს და რაც ერთს ადგილას სასარგებლოა, იმან მეორე ადგილას ვნების მეტი ვერა მოიტანოს-რა. ამ საზოგადო კანონს ვერ წაუვიდოდა, რასაკვირველია, ვერც ბანკი.

ჩვენმა ხალხმა, ქართველმა, დღესაც არ იცის, თუ როგორ უნდა მოხმარება ფულისა: ან უნდა შესჭამოს და ან კიდობანში ჩადვას უმოძრაოდ… ამ ორ გზას ვერ ასცდება. როგორც სამუშაო იარაღს, ანუ გასაცვლელ-გამოსაცვლელ შუამავალს, ფულს ის ვერ წარმოიდგენს;

ისტორიულად მეომარ და მიწის მუშა ქართველებს ბანკიდან ფული ადვილად გამოჰქონდათ და სარგებლის შეტანის დროს კი ხელ-ცარიელები რჩებოდნენ. რასაკვირველია, რომ მამა-პაპისეულის დაკარგვა ენანებოდათ და თავს აღარ იზოგავდნენ, ოღონდ კი იმ შემთხვევას გადარჩენოდნენ.

მამა-სისხლად იღებდნენ განზე სადმე სესხს და მით კიდევ უარესს საფრთხეში ვარდებოდნენ: ერთხელაც იყო ის მამულებიც ეკარგებოდათ და განზედაც კიდევ იმ ბანკის წყალობით აღებული ვალი საშვილიშვილოთ ჰღუპავდა დამგირავებლებს და სამუდამოდ აუკუღმართებდა მათ ადამიანობასაც“.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, სურათებიანი დამატება, 1904 წ.

ძველი ქართული პრესის მიხედვით, ბანკების და დიდი ფულის გარშემო ტფილისის ღამის „რაინდები“, ქალაქელი კრიმინალებიც აქტიურად ტრიალებდნენ, რომლებიც სხვისი ქონების იოლად დაუფლების იმედად, „დღისითაც უშიშრად დანავარდობდნენ“, დაუჯერებელ, ზოგჯერ სახალისო და „გასაშტერებელ“ ამბებს ატრიალებდნენ და გაზეთების ფურცლებზე წარუშლელ კვალს ტოვებდნენ:

„ეხლა ტფილისში მოქმედებენ ერთ ნაირი ჯიბგირები, რომლებიც უფრო ხელოვნურად ასრულებენ თავიანთს საქმეს და, როგორც ამბობენ, სხვა ჯიბგირებზე მეტს საშოვარს შოულობენ. ეს ამხანაგობა შესდგება რვა კაცისაგან და რამდენსამე დასად არის დაყოფილი. ჯიბგირები ისე მშვენივრად, ევროპულად, მორთულნი დადიან, რომ იმათზე ეჭვის აღება ძალიან ძნელია, თუ სადმე საქმეზე ვერ დაიჭირეს.

დილით საათის ათზედ გაიყოფებიან რამდენსამე დასად და ზოგი სახელმწიფო ბანკში მიდის, ზოგი ხაზინაში და ზოგი კიდევ კერძო ბანკებში. პალტოსა და ქუდს მიაბარებენ შვეიცარს, თითონ-კი შებრძანდებიან და დაიწყებენ დარაჯს, თუ ვინ რას იღებს, ანუ რას აბარებს ბანკში და მიღებულს ფულს სად ჩაიდებენ და როგორ ინახვენ. თუ ვინიცობაა, მიმღებმა ფული ისე შეინახა, რომ ადვილი ამოსაღებია, მაშინ დარდიმანდი ჯიბგირი კვალდაკვალ გამოუდგება და სადაც უფრო მოსახერხებელს ადგილს დაინახავს, იქ ამოაძრობს ჯიბიდგან ფულს და თავისს გზას გაუდგება“.

„ერთ ქართველ კაცს ჯიბიდგან ამოაცალეს ტრამვაის ვაგონში 3, 500 მანეთი. ფული სახელმწიფო ბანკიდგან გამოეტანა იმ განზრახვით, რომ სადმე ღვინის სარდაფი გაეღო. როგორცა სთქვეს ცოლმა და ქმარმა, მათთან ვაგონში კინტოურად ჩაცმული არავინა მჯდარა. ყოფილან ყველანი ევროპულად ჩაცმულნი, მათ შორის ერთი ცილინდრიანი კაცი, რომელსაც მათთან ერთად გამოეტანა ფული ზემოხსენებულ ბანკიდგან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ბანკიდგან აღებული ფული პატრონს არამც თუ შინამდის, ბანკის გარედ კარებამდისაც ვერ გამოეტანოს. მოკლე ახალუხებისა და ყელიან ჩუსტების მაგიერად ჯიბის ოსტატებმა ეხლა ფრაკები ჩაიცვეს, დაიხურეს ცილინდრი, გამოიწკიპეს ხელები „პერჩატკებით“ დაიჭირეს „ტროსტი“ და დაიწყეს ნავარდობა თავისუფლად. გვიკვირს, პოლიცია რატომ არ ადევნებს თვალ-ყურს ამ ვაჟბატონებს. ნუთუ მათის ფიქრით მარტო აზიურ ტანისამოსში ჩაცმულს კაცს შეუძლია ავაზაკობის ჩადენა და სხვას არავის?“

„1895 წლის 1 დეკემბერს, ერთი გასაშტერებელი ამბავი მოხდა ტფილისში. დღისით, მეთერთმეტე საათზე, სახელმწიფო ბანკიდამ გამოვიდა კაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ერთი მუჭა ფული. უეცრად მივარდა ვიღაცა, გამოსტაცა ხელიდამ ის ფული და გაიქცა. ბევრნი გამოუდგნენ, მაგრამ ვერას გახდნენ: მტაცებელი გაიქცა, შეუხვია სერგიევის ქუჩას და ჩაიყლაპა.

რაოდენი გაბედულება უნდა ჰქონდეს კაცს, რაოდენად გულ-დანდობილი უნდა იყოს თავის სიმარჯვეზე, რაოდენად სასაცილოდ უნდა აგდებული ჰყვანდეს მთელი ქვეყანა, რომ თითქმის შუადღისას, ამისთანა თვალსაჩინო ადგილას ეს გასაშტერებელი ამბავი ჩაიდინოს კაცმა ასე უშიშრად“.

„ერთს ტფილისის საკომერციო ბანკის მოხელეს მიუტანია ფულიანი პაკეტი ფოსტის განყოფილებაში სხვაგან გასაგზავნად და თითონ იქვე რაღაც საქმისათვის მიბრუნებულა.

ამ დროს ფოსტის მოხელესთან მისულა ერთი ვიღაც უცნობი კაცი და უთქვამს, ის ფულიანი პაკეტი ისევ უკან მიბოძეთ, ადრესი მინდა შევცვალოო.

ფოსტის მოხელეს ფულის მიმტანი ჰგონებია, გადაუცია ფული. ქურდი ფულიანად სადღაც გამქრალა“.

დასასრულ კი 1885 წელს მომხდარი ერთი წარმოუდგენელი, „ბედოვლათური“ ამბავი, რომელიც თბილისში, ბანკში დაგირავებულ ერთ-ერთ სახლში მომხდარა:

„წუხელის, მეთორმეტე საათზე, მუხრანიანთ ხიდისა და ვანქის ქუჩის შუა გაუჩნდა ცეცხლი ანდრიას ავაქიანცის სახლს, რომელზედაც ყოფილა ბანკის ვალი. 28-ს ამ სახლზე ვაჭრობა უნდა მომხდარიყო. როდესაც ცეცხლის-მქრობი რაზმი მოვიდა – სახლის ქვემო სართულზე ჯერ კიდევ არ გადასულიყო ცეცხლი. ანდრიას ავაქიანცი დაატუსაღეს.

ცეცხლი ბანიდამ გაჩენილა, სადაც ავაქიანცი მწვადსა სწვავდა თურმე…“.