AR-სათვალეების კომპანია Magic Leap-მა $500 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

AR-სათვალეების კომპანია Magic Leap-მა $500 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

გაფართოებული რეალობის სათვალეების ბაზრის ერთ-ერთმა კომპანიამ, Magic Leap-მა $500 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც თავის კლასში საუკეთესო AR-ფუნქციონალის მქონე პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენებს. ახალი თაობის პირველი სათვალე – Magic Leap 2, – ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება.  ამ ფინანსური გარიგების შედეგად, Magic Leap-ის ღირებულება $2 მილიარდად შეფასდა.

ცნობისთვის, გასულ წელს Magic Leap-მა და მისმა პარტნიორებმა აჩვენეს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება სწავლების, წარმოებისა და ჯანდაცვის სექტორებში შეიძლება. გარდა ამისა, თავის ისედაც მსხვილ საპატენტო პორტფელს კომპანიამ არაერთი ახალი პატენტი შემატა, მათ შორის არის Magic Leap 2-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, რომლებიც ამ პროდუქტს ინდუსტრიული გამოყენების მქონე ყველაზე მცირე და მსუბუქ სათვალედ აქცევს.

ფოტო: Magic Leap

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანია საცალო მოხმარების გაფართოებული რეალობის სათვალეებს აწარმოებდა და $3 მილიარდამდე მოცულობის ჯამური ინვესტიციაც კი მოიზიდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიიდან ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რის მერეც კომპანიამ სამომხმარებლო ბაზარი დატოვა და ინდუსტრიული გამოყენების მქონე სათვალეების წარმოებაზე გადავიდა.