კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნების ნაწილი კვლავ ჩაკეტილია. დახურულია ბიზნესები და ბუნებრივია, ღირსშესანიშნაობებიც.
თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც ნელ-ნელა გახსნეს ეკონომიკა, ტურისტული ადგილების გახსნაც დაიწყო. მიუხედავად ახალი გზამკვლევებისა, რაც როგორც ადმინისტრაციამ, ასევე ვიზიტორებმა უნდა დაიცვან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება. რამდენად უსაფრთხოა ღირსშესანიშნაობების მონახულება? უნდა ვეწვიოთ თუ არა მსგავს ადგილებს? ამ საკითხზე CNBC-მ სტატია მოამზადა, სადაც მსოფლიოს ხუთ ღირსშესანიშნაობაზე საუბრობს:
9/11–ის მემორიალი და მუზეუმი
ნიუ-იორკში 9/11-ის მემორიალი 13 მარტს დაიხურა. 4 ივლისს კი ხელახლა გაიხსნა. თუმცა, მუზეუმი კვლავ დაკეტილია.
მემორიალთან მისასვლელი მხოლოდ ერთი გზაა დატოვებული. ტერიტორიაზე მკაცრად ითხოვენ პირბადის ტარებას. ტურები ჯერჯერობით არ არის ნებადართული, ვინაიდან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება.
მემორიალს ასობით ვიზიტორი სტუმრობს დღეში, მაშინ როდესაც კორონავირუსამდე იქ ათასობით ადამიანი მიდიოდა.
„ლონდონის თვალი“
ლონდონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ე.წ ლონდონის თვალი 20 მარტს დაიხურა და ის ჯერ კიდევ დაკეტილია. მისი გახსნის თარიღი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.
როდესაც ამ ღირსშესანიშნაობას გახსნიან, მკაცრად იქნება მოთხოვნილი სოციალური დისტანცირება და შეზღუდული იქნება ვიზიტორთა რაოდენობა.
ასევე ვიზიტორებს უნდა ეკეთოთ პირბადე და მიჰყვნენ მხოლოდ ერთ რიგს. ნაღდი ფულით ბილეთის ყიდვა არ იქნება შესაძლებელი.
ბურჯ–ხალიფა
ბურჯ-ხალიფა, რომელიც დუბაიში მდებარეობს, 15 მარტს დაიხურა და 28 მაისს ხელახლა გაიხსნა. მას შემდეგ რაც 7 ივლისს დუბაიმ საზღვრები გახსნა, საერთაშორისო ტურისტებსაც მიეცათ შესაძლებლობა ცათამბჯენს ეწვიონ. ბურჯ-ხალიფა მსოფლიოს უმაღლესი შენობაა, რომელიც 124 სართულისგან შედგება. ამჟამად ამ ღირსშესანიშნაობის მხოლოდ 30%-ია ათვისებული ვიზიტორებისთვის, შეზღუდულია ლიფტების გამოყენება. ყველა ტურისტს უზომავენ ტემპერატურას შესვლამდე. პირბადეები სავალდებულოა, ხოლო ხელთათმანები ნებაყოფლობითია.
აღსანიშნავია, რომ ბურჯ-ხალიფას ამჟამად საათში საშუალოდ 150 ადამიანი სტუმრობს, მაშინ როდესაც პანდემიამდე საათში 1000 ვიზიტორს იღებდნენ.
ტაჯ მაჰალი
ინდოეთში მდებარე ტაჯ მაჰალი 17 მარტს დაიხურა და ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ. ადგილობრივმა მთავრობამ მისი გახსნის გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო, ვინაიდან ინდოეთში კორონავირუსით დაინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა კვლავ დიდია.
აღსანიშნავია, რომ ტაჯ მაჰალი დღეში 70 000 ვიზიტორიც კი სტუმრობდა დატვირთულ დროს.
მილანის კათედრალი
მილანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ ეს ცნობილი კათედრალია, რომელიც კორონავირუსის გამო 9 მარტს დაიხურა, ხოლო 29 მაისს გაიხსნა. ვიზიტორებს შეუძლიათ ტაძარში შესვლა, თუმცა, მათ უნდა ეკეთოთ პირბადეები, ასევე უნდა გამოიყენონ ხელების სადეზინფექციო ხსნარი და გაიზომონ ტემპერატურა.
ამასთან, ვიზიტორებს უნდა ეკეთოთ ხელთათმანები, რეკომენდებულია ბილეთების ონლაინ შეძენა.