კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი HP აცხადებს, რომ აპირებს იყიდოს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Silver Peak, რომელიც მას დაეხმარება ქსელის გაფართოებაში და შესაბამისი საშუალებების გაძლიერებაში. როგორც Reuters-ი წერს, გარიგების ღირებულება დაახლოებით $925 მლნ იქნება.
კალიფორნიაში დაფუძნებული Silver Peak-ი იმუშავებს Aruba-სთან ერთად, რომელიც თავის მხრივ უკაბელო ინტერნეტქსელის მოწყობას უზრუნველყოფს.
მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესები სატელეკომუნიკაციო ქსელ WAN-ს იყენებენ, რათა სხვადასხვა ლოკაციებზე არსებული ქსელები ერთმანეთს დაუკავშირონ.
“ჩვენ თანდათან უფრო აქტიურად ვხედავთ ასეთი ტექნოლოგიების საჭიროებას, ვინაიდან ნაწილობრივ გადავდივართ სახლიდან მუშაობაზეც. პანდემიამ დააჩქარა ჩვენი გეგმა და ხედვა, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან სტრატეგიული აქტივია“, – განაცხადა HP-ს Intelligent Edge-ის მიმართულების პრეზიდენტმა კეერტი მელკოტემ.
მისივე თქმით, Silver Peak-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო. შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ხოლო ახლა ისევ განახლდა მასზე საუბარი.
2014 წელს დაარსებული კომპანია Silver Peak-ის წლიური შემოსავალი $100 მილიონია. 2018 წლის ივნისის მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $465 მლნ-ს შეადგენს.