“არსებობს A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების რუსული ვერსია. პატარა ქვეყანას მისი წარმოება სურს“ – ამ სათაურით სტატიას ამერიკული Forbes-ი აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საუბარია სუ–25–ებზე, რომელიც ადრე საქართველოში იწარმოებოდა. ჟურნალისტს სტატიაში მოჰყავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის კომენტარიც.
“ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი – ტექნიკური, ინტელექტუალური და ადამიანური – რომ აღვადგინოთ, ვაწარმოოთ და გავყიდოთ სუ–25–ები ჩვენ თვითონვე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის დასაწყისში. მისივე თქმით, არაერთი ქვეყანაა ამით დაინტერესებული.
Forbes-ი წერს, რომ ეს ნამდვილად ასეა, სუ-25 ნამდვილად პოპულარული საბრძოლო თვითმფრინავია. დაახლოებით 485 ცალი მსგავსი თვითმფრინავი დაფრინავს საჰაერო ძალებთან ერთად 24 ქვეყანაში.
სტატიაში საუბარია, რომ აღნიშნული თვითმფრინავი არ არის თანამედროვე და პირველი მსგავსი თვითმფრინავი საბჭოთა კავშირში 1981 წელს გამოჩნდა, ანუ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ამერიკელებმა მსგავსი ტიპის თვითმფრინავი A-10 გამოუშვეს. თუმცა, ამერიკელები მუდმივად აახლებდნენ ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს ახალი თავდაცვითი სისტემით, აღჭურვილობით და ასე შემდეგ, სუ–25–ების უმრავლესობა კი ჯერ კიდევ დაფრინავს ძველი სისტემით, რომელიც 1980 და 90-იან წლებში იყო.
“საბჭოთა კავშირში სუ-25 იწარმოებოდა თბილისის საავიაციო ქარხანაში ძირითადად, ქარხანაში 1978 წლიდან დაახლოებით 800 ცალი აწარმოეს. თუმცა, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს დარჩა ქარხანა, რომელშიც ვერ შეინარჩუნა წარმოება. რუსეთმა კი ახალი სუ–25-ების წარმოება ციმბირში დაიწყო“, – წერს Forbes-ი.
სტატიაში ასევე ნახსენებია 2008 წლის ომიც და აღნიშნულია, რომ სწორედ ამ ომის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა საავიაციო ქარხანაც კი დაბომბეს, სადაც თავად ეს საბრძოლო თვითმფრინავები იწარმოებოდა.
“ომი დასრულდა. რუსეთმა დაიკავა სამხრეთ ოსეთი, ომის შემდეგ, თბილისმა 33 000–იანი ძლიერი არმიის რეფორმირება დაიწყო. $9 მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში, იმედოვნებდნენ რომ ინვესტიციები განხორციელდებოდა ახალ კომუნიკაციებში, ანტი სატანკო აღჭურვილობასა და საჰაერო თავდაცვითი სისტემებში. თუმცა, საბრძოლო თვითმფრინავები ნაკლები პრიორიტეტი იყო. $10 მილიონზე მეტი შეიძლება დაჯდეს ახალი სუ-25-ის წარმოება“, – აღნიშნულია სტატიაში.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველომ საჰაერო ძალების რეფორმირება 2016 წელს განახორციელა. ოთხი წლის შემდეგ კი ქვეყნის არსენალი საკმაოდ მოკრძალებულია – საქართველოს საჰაერო ძალებს 58 თვითმფრინავი ჰყავს, უმრავლესობა დიდი ხნის, საბჭოთა დროინდელი ვერტმფრენები. ინვენტარში არის 10 სუ–25-ც.