პანდემიის პირისპირ

პანდემიის პირისპირ

ბაზრის ლიდერის – თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აფასებს კრიზისს, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ ახსოვს.

თიბისის გენერალური დირექტორი საქართველოში სისტემურ ბანკს მართავს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი – 39%-ს. ამ მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. პანდემიის პირობებში, როცა ეკონომიკა პრაქტიკულად ჩაკეტილია და მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული – თიბისის სლოგანი: გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება! – კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და პასუხისმგებლობასაც აათმაგებს. დღეს უკვე სრულიად ნათელია: პოსტპანდემიურ პირობებში გადარჩება და წარმატებას მიაღწევს ის, ვინც მეტ მოქნილობას გამოიჩენს, ვინც ციფრულ პლატფორმებს განავითარებს, ვინც მზად იქნება ყველაზე წარმოუდგენელი სცენარებისთვისაც, რადგან რასაც დღემდე ვაკვირდებით, Covid-19 დანებებას არ აპირებს და ყველა გზით გვაიძულებს, მასთან ერთად ცხოვრებას მოვერგოთ.

მოგესალმებით, ბატონო ვახტანგ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ ეს არ არის იმ ტიპის კრიზისი, რასაც მსოფლიო ნაჩვევია – ეს ჯანმრთელობაზე დარტყმით გამოწვეული კრიზისია, რომელსაც ბოლო ჯერაც არ უჩანს. თქვენს მაგალითზე გვითხარით – რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი, როცა მიხვდით, რომ კორონა მორიგი, ჩვეულებრივი გრიპი არ არის და არა მხოლოდ საქართველოს, გლობალური ეკონომიკის გაჩერებაც შეუძლია?

ჩვენი პირველი ფიქრი იყო – როგორ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება? ოპერატიულად, ერთი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ მიზნისთვის მიგვეღწია. თანამშრომლების შემდეგ, ის მომხმარებლებიც უნდა დაგვეცვა, ვინც ჩვენს ფილიალებში მოდიოდნენ. ეს იყო პრიორიტეტული ამოცანა – ყველა სხვა ამოცანა გვერდით გადავდეთ – მათ შორის, ახალი პროდუქტების განვითარება თუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნების მიღწევის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მასშტაბურობის უზრუნველყოფა. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სატელეფონო მომსახურების ქსელში, სადაც დღის განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 8 ათასი ზარი შემოდიოდა – პანდემიის პირობებში, ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა და ყოველდღიურად 16 ათას ზარს გადააჭარბა.

ამიტომ ერთი კვირის განმავლობაში 50 თანამშრომელი დავამატეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი. ჩვენ რომ რეალურად შეგვემცირებინა რისკი ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის, დამატებითი ზომების გატარება იყო საჭირო – მაგალითად: იცით, რომ სატელეფონო მომსახურებას ჩვენი თანამშრომლები დიდ სივრცეებში აწარმოებდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს რისკი შეგვემცირებინა და დღეს უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი სატელეფონო ქსელის 300-ზე მეტი თანამშრომელი სრულად სახლიდან მუშაობს. ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზარზე პასუხის ხარისხი შეგვიმცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს მომსახურება შენარჩუნებულია, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა კი – რისკებისგან დაცული. მომავალი ათი დღის შემდეგ – მას შემდეგ, რაც პიკი, სავარაუდოდ, გადაივლის – ჩვენი მთავარი საზრუნავი ისევ ხარისხი გახდება.

ამ პანდემიის მთავარი ეკონომიკური მოლოდინი სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირებაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესი გაჩერებულია და, ჯანდაცვის მოტივით, საქმიანობა დღეს აკრძალული აქვს – არამედ იმიტომაც, რომ მივხვდით, ონლაინ ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება და საკმაოდ ხარისხიანადაც. ძალაუნებურად, ონლაინუნარებსაც ვავითარებთ – ვთქვათ, იმავე ონლაინლექციებით ან ბანკთან ონლაინურთიერთობის აწყობით. ამიტომ, თითქოს მეტი რამ ხდება ავტომატიზებული და ლოგიკური ჩანს, ვიფიქროთ, რომ ადამიანური ძალა ნაკლებად საჭირო ხდება, არა? თქვენ კი ამბობთ, 50 თანამშრომელი დავამატეთო…

ეს 50 თანამშრომელი გადმოვრთეთ იმ ფილიალებიდან და სერვისებიდან, რომლებიც უკვე აღარ გვჭირდებოდა და, შესაბამისად, მათი კვალიფიკაცია გამოვიყენეთ ამ სატელეფონო ქსელში – ესეც საკმაოდ ოპერატიულად განვახორციელეთ. მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ შევძელით ის, რომ ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 2,200 თანამშრომელი მუშაობს სახლებიდან. საინტერესო ის არის, რომ აქტივობა არ შემცირებულა. ყოველდღიურად ვიღებთ ზარებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით და ბევრი თანამშრომელი სვამს კითხვას – რამდენად საჭიროა თუნდაც პანდემიის შემდეგ ოფისში დაბრუნება. მათთვის უფრო ეფექტიანი და საინტერესოა ბინებიდან, სახლებიდან მუშაობა.

პრინციპში, ისეთი ტიპის მოცემულობა დადგა, რაზეც შეიძლება ჯერ კიდევ დიდხანს არ გეფიქრათ, რომ არა სწორედ ეს პანდემია…

კი, ნამდვილად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევამ შეიძლება ბევრი კარგი მაგალითი მოგვცეს და ძალიან საინტერესო შედეგებიც მივიღოთ და თუ ადამიანები თავიანთ ფუნქციას მათთვის უფრო კომფორტულად და შედეგიანად თავიანთი ბინებიდან შეასრულებენ – რატომაც არა. კორონავირუსთან ბრძოლამ ბევრი რევოლუციური გადაწყვეტილება შეიძლება მიგვაღებინოს და, შესაბამისად, შესაძლოა ამ პანდემიიდან უფრო საინტერესოები და ძლიერებიც კი გამოვიდეთ.

ძალიან ხშირად მესმის ბევრი სხვადასხვა ანალიტიკოსისგან, რომ კორონავირუსს აქვს ძალა, ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი რეალობა, ეკონომიკა, ხოლო ის კონკურენტული უპირატესობები, რაც შეიძლება ადრე კონკურენტულ უპირატესობად ითვლებოდა, აღარ იყოს საკმარისი ამ ახალი ტიპის ეკონომიკისთვის – როგორ ფიქრობთ, შეიძლება, ამდენად დიდი გავლენა ჰქონდეს Covid-19-ს გლობალურ და ჩვენს – საქართველოს – ეკონომიკაზე?

ცვლილებები იქნება. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თანხების მობილიზება, რაზეც მთავრობა მუშაობს. მილიარდ- ნახევარი დოლარი მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის და კიდევ მილიარდ- ნახევარი – კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია საქართველოს ეკონომიკისთვის: მარტო მილიარდ- ნახევარი დოლარი ეს არის მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 8-9%-ზე მეტი და ამას მეორე მილიარდ-ნახევარსაც თუ დავუმატებთ, თქვენ თვითონ ხედავთ ამ დახმარების მასშტაბს. ამ თანხებს თუ შევადარებთ პროცენტულად იმავე ევროპისა თუ ამერიკის, თუ სხვა წამყვანი ქვეყნების მიერ დაანონსებულ ინიექციებს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკაში, ჩემი აზრით, საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ კონკურენტულ პირობებშია. ეს თანხები არსებობს, ეს თანხები მობილიზებულია – ახლა მთავარია, საქართველომ იპოვოს თავისი ახალი როლი შეცვლილ სამყაროში და ამ თანხების მიზნობრივი განაწილება სწორად მოხდეს.

სანამ საქართველოს ახალ როლზე გკითხავდეთ, მანამდე ცოტა უფრო მეტად დავაკონკრეტოთ, რა გაკვეთილები შეიძლება გამოიტანოს თქვენმა სექტორმა.

რაც შეეხება თიბისის, ჩვენზეც იმავეს თქმა შემიძლია – თიბისი არასდროს იქნება ისეთივე, როგორიც იყო თუნდაც ერთი წლის წინ. სულ მცირე, ის ფაქტი, რომ ბევრი ჩვენი თანამშრომელი თავიანთი სახლებიდან უფრო ეფექტიანად მუშაობს – ეს უკვე ფუნდამენტური ცვლილებაა. კარგია ის, რომ 5-7 წელია, აქცენტს ვაკეთებდით სივრცით პროდუქტებზე – მაგალითად, ამ კრიზისის დაწყებამდე ჩვენი ტრანზაქციების მხოლოდ 7% იყო ფილიალებში, რაც ძალიან დაგვეხმარა უკვე კრიზისის დროს – ჩვენი მომხმარებლები ყველა ტრანზაქციას ისედაც ფილიალებში მოსვლის გარეშე ასრულებდნენ, ეს სისტემები უკვე აწყობილი გვქონდა და ჩვენი მომხმარებლების უმრავლე-სობას საჭირო უნარები უკვე ჰქონდა გამომუშავებული. ჩვენი მთავარი გამოწვევა ჩვენი პროდუქტების თუ სერვისების გაციფრულება არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა, მათი უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ უზუნველვყავით ჩვენი სისტემების სტაბილურობა და უკვე დღეს ვფიქრობთ იმ სტრატეგიაზე, თუ როგორები უნდა ვიყოთ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ.

ამ პანდემიის ყველაზე მტკივნეული შედეგი გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოში, უმუშევრად დარჩენილი ან დიდ გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები არიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლიათ ასეთი სტრესის პირობებში ადამიანებს მომავალზე, პოსტკრიზისულ პერიოდზე ნაყოფიერად ფიქრი?

ადამიანები, რომლებსაც შიში აქვთ, რა იქნება ხვალ, ამას ვერ გააკეთებენ. ჩვენ დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენს თანამშრომლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ არც ერთი მათგანი 2020 წლის განმავლობაში სამსახურს არ დაკარგავს. ეს მათ მიანიჭებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, რაც თიბისის გაცილებით ეფექტიანად დააძლევინებს კრიზისს და მომავალში ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

როცა ამბობთ, რომ საქართველომ უნდა იპოვოს თავისი როლი შეცვლილ გლობალურ რეალობაში – აქ უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს ამ პანდემიიდან? მაგალითად, უნდა შეიცვალოს თუ არა მისი ეკონომიკის სტრუქტურა? ბევრი საუბარი გვესმის ამ ბოლო დროს, რომ ამ პანდემიამ სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთების აუცილებლობა დაგვანახვა… ასეთი ტიპის გაკვეთილები გვჭირდება? ამ ტიპის მსოფლიოს მივიღებთ პანდემიის გადავლის შემდეგ?

რა თქმა უნდა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ ინდუსტრიებზეც, რომლებიც იმპორტის ჩანაცვლებას შეძლებს. მართალია, სოფლის მეურნეობა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას ოცდამეერთე საუკუნეში ვერ უზრუნველყოფს. უნდა გვქონდეს გამართული სოფლის მეურნეობა, მაგრამ არ შეიძლება, ის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ძრავა იყოს. ეს სექტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღეს დასაქმებისთვის ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ სხვა დარგების იდენტიფიცირება და განვითარება აუცილებელი იქნება. აქ ალბათ ზუსტი ფორმულა არ არსებობს და უფრო ტესტირების გზით უნდა წავიდეთ და ბოლოს ავარჩიოთ, რა არის საუკეთესო საქართველოსთვის. თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ძირითადი ხედვა, პრიორიტეტები და განვითარების ხაზი უნდა არსებობდეს, რომ ტესტირებამ გამოავლინოს, რომელი გზა უფრო მეტად გაამართლებს და წარმატებას მოგვიტანს.

ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების – ასე ვთქვათ, პაკეტის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ თქვენთვისაც, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიისთვის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და თქვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ როდესაც ინვესტორებს თიბისის სახელით ესაუბრებით, ჯერ, კარგი გაგებით, ჰყიდით საქართველოს და მხოლოდ შემდეგ – თავად თიბისის. მეორე მხრივ – ეს განტოლება პირიქითაც მუშაობს: ნებისმიერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია, თვითონ აქციის ფასიც ზომავს არა მხოლოდ თიბისის ეფექტიანობას, არამედ – ქვეყნის ეკონომიკის გამართულ მუშაობას – ამიტომ მინდა გკითხოთ, რა იქნებოდა კონკურენტული უპირატესობების ის სასურველი პაკეტი, რომლის კომუნიკაციაც მოგინდებოდათ ინვესტორებთან პოსტპანდემიურ პერიოდში?

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ინვესტორებთან – მაგალითად, ორი კვირის წინ გვქონდა, ასე ვთქვათ, კონფერენც- ჩართვა ჩვენს ინვესტორებთან და 80% კითხვების, თქვენ მართალი ბრძანდებით, იყო ქვეყანაზე, საქართველოზე – როგორ უმკლავდება კრიზისს, რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ და ამ ნაწილში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინვესტორები შედეგებით კმაყოფილები არიან – რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გვეხმარება. ახლა მთავარია, საქართველომ მიაგნოს თავის კონკურენტულ უპირატესობებს. იქიდან გამომდინარე, რომ, თავისი მეზობლებისგან განსხვავებით, საქართველოს ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია – აქცენტი ისევ თავისუფალ ეკონომიკაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანებსა და ბიზნესებს ექნებათ თავისუფლად ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა. ალბათ ეს უნდა იყოს ამოსავალი.

აი, სწორედ ამ მიმართულებით ხომ არ ხედავთ, რომ ამ პანდემიამ შეიძლება ნაწილობრივ ისიც გამოიწვიოს, რომ სახელმწიფოს როლს მიენიჭოს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა და თან მეტ-ნაკლებად ბუნებრივად მოხდეს ეს? ამის ტენდენციები, ვთქვათ, იმავე 2008-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც შეიმჩნეოდა…

ეს ალბათ ამ პერიოდში, სანამ კარანტინის რეჟიმია დაწესებული – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მოკლე პერიოდში დავძლიოთ. თუმცა, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია შევინარჩუნოთ საბაზრო ეკონომიკა და თავისუფალი ეკონომიკა იყოს ამოსავალი, რა გზასაც საკმაოდ თანამიმდევრულად ადგას ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ამ გზის რადიკალურ ცვლილებას რისკად არ განვიხილავ.

თქვენ არ დაასახელეთ, მაგრამ მე მინდა მაინც გავამახვილო ყურადღება კომერციული ბანკების საერთო გადაწყვეტილებაზე – სამი თვით გადაევადებინათ სესხები. რას ელოდებით ამ ინიციატივისგან?

იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის – როგორც ფიზიკური პირებისთვის, ვისაც ჰქონდათ სესხები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებსაც მეტ- ნაკლებად ამ გამოწვევებთან შეხება ჰქონდათ – სესხების გადავადება. სხვათა შორის, შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა ზომისა და სეგმენტის გათვალისწინებით, მომხმარებელთა დაახლოებით 40-დან 60%-მა მიიღო ეს შეთავაზება და სესხები გადაავადა. ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, აუცილებლად გადასადგმელი იყო ბანკების მხრიდან და, როგორც იცით, ბანკების უმრავლესობას მსგავსი შეთავაზება ჰქონდა.

თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეა, რომ ეს გადაწყვეტილება მოითხოვდა კოლოსალურ მუშაობას: ფაქტობრივად, ბოლო სამი- ოთხი კვირის განმავლობაში ათობით ადამიანი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ან ზარით, ან ეს- ემ- ესით, შეთავაზება ასიათასობით მსესხებლამდე მისულიყო. სამწუხაროდ, შეცდომებიც იყო. სტატუსის დაახლოებით ას შეთავაზებაზე ტექნიკური შეცდომა მოგვივიდა, თუმცა ესეც 24-საათიანი მუშაობის შემდეგ გამოვასწორეთ.

აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც ამ შეცდომის გამო შეწუხდა, მაგრამ როცა ასიათასობით შეთავაზებას ეხება საქმე და ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ალბათ, ასეთი შეცდომები მოსულა. დღეს ეს პრობლემები ტექნიკურად უკვე ამოწურულია. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე და საბოლოოდ პასუხი გავცე – დიახ, ვფიქრობ, რომ სესხების გადავადება გასაკეთებელი იყო და ეს ჩვენ მოგვცემს 3-4 თვეს, რომ ჩვენს მომხმარებლებთან, ბიზნესებთან ერთად დავსხდეთ და შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ.

ისე გამოვიდა, რომ გადაფასებებსა და შესაძლებლობებზე ვაკეთებთ ძირითადად აქცენტს და გადაფასების ნაწილში გამახსენდა, რამხელა დროს, ენერგიასა და ძალისხმევას ხარჯავდა თიბისი იმაზე, რომ ჩვენში – მომხმარებლებში ლოიალობა გაეზარდა – ფერი, განათება, შუშის სივრცეები, სუნიც კი სპეციალურად შერჩეული და გათვლილი გქონდათ. როგორ აფასებთ ამ ძალისხმევას ამ ახალი სივრცითი გადმოსახედიდან, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით?

ჰო, ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ გეთანხმებით – ალბათ ამ კუთხითაც მიდგომები შეიცვლება, მოგვიწევს ესეც სივრცითი კომუნიკაციის სფეროში გადავიტანოთ – მხედველობითი და სხვა ფაქტორები მეტად შემოვიტანოთ კომუნიკაციაში, რომ იგივე შედეგი მივიღოთ – გავზარდოთ მომხმარებლის ლოიალობა. მოგვიწევს, წინა პლანზე სხვა აქცენტები წამოვწიოთ – ამაში ნამდვილად გეთანხმებით.

შეჯამებისკენ ისევ შესაძლებლობების მოხმობით მინდა, რომ წავიდეთ. სულ ვამბობ, რომ თიბისიმ დროს გაუსწრო agile-მიდგომების აგრესიული დანერგვით – მოგეხმარათ ეს გამოცდილება? დღეს თქვენი გუნდები მუშაობენ, ვთქვათ, იმავე პოსტპანდემიის გეგმებზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს თიბისიმ შეცვლილი ბანკინგის მოთხოვნებს?

ჩვენ ეს ტრანსფორმაცია დაახლოებით 15 თვის წინ დავიწყეთ. ჯერ ბოლოში გასულები არ ვართ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული გვქონდა, ძალიან დაგვეხმარა. ახლა უკვე სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ გადაწყობის შემდეგ დაახლოებით 500 თანამშრომელს ვუთხარი, რომ პარასკევს შეგიძლიათ არ მოხვიდეთ და სახლიდან იმუშაოთ- მეთქი.

12 თვის წინ ეს რევოლუციურ ნაბიჯად ჩანდა და პირადად მეც ვთვლიდი, რომ სამუშაოსადმი მიდგომის კუთხით ეს დიდი გარღვევა იყო. დღეს უკვე ვიცინით, რადგან ჩვენი თანამშრომლების 95% სახლიდან მუშაობს, მაგრამ 12 თვით ადრე გადადგმული ნაბიჯი, ის ერთი დღე ჩვენ დაგვეხმარა იმით, რომ სრულიად წარმოუდგენელ რეალობასაც კი მომზადებულები დავხვდით: ჩვენი სისტემები, IT-პროგრამები – გამოვიდა, რომ ყველა საჭირო პროცესი ამ ტიპის მუშაობისთვის წინასწარ ავაწყვეთ. შესაბამისად, პანდემიის პირობებში მასშტაბის გაზრდა უფრო ადვილად და ნაკლებად მტკივნეულად შევძელით.

შევაჯამოთ – რა უნდა იყოს მთავარი გზავნილი Covid-19- თან დაკავშირებით დღეს?

ეს აუცილებლად უნდა გადავლახოთ – ასე ვუყურებთ ამ საკითხს კომპანიაში. მთავარია, ყველა დავრჩეთ სახლში. თანხები მნიშვნელოვანწილად მობილიზებულია და მე გულწრფელად მჯერა, რომ საქართველო იპოვის თავის ახალ როლს შეცვლილ გარემოში.  

 

P.S. ჩანს, თიბისი, პანდემიის მიუხედავად, ახალ როლს იმაზე მალე მოირგებს, ვიდრე გვეგონა. ამ ინტერვიუს შემდეგ სიახლეც მალე დაგვეწია: საქართველოს ლიდერმა ბანკმა უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან საბანკო საქმიანობას უკვე უზბეკეთში დაიწყებს. სტრატეგია და მიზნები აქაც თანამედროვე და ამბიციურია: უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი კი ციფრულ არხებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება. ესეც ერთი პასუხი Covid-19-ს.