Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგებთან ბრძოლის მიზნით $1 მლრდ–ის ოდენობის დონაციის შესახებ აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ $1 მლრდ–ი დორსის ქონების დაახლოებით 30%–ს შეადგენს. ვინაიდან მისი ქონება ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 3,3 მლრდ დოლარია. როგორც ჯეკ დორსიმ Twitter–ზე დაწერა, ის გამოყოფილ თანხას კორონავირუსის პანდემიის დამარცხების შემდეგ ქალთა ჯანმრთელობას, განათლებას და ძირითად შემოსავალს მოახმარს.
„რატომ გოგონების ჯანმრთელობა, განათლება და უნივერსალური ძირითადი შემოსავალი (UBI)? ვფიქრობ, რომ ისინი მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გრძელვადიანი გამოსავლის გზების პოვნაში საუკეთესოები არიან“, – დაწერა დორსიმ.
გამჭვირვალობისთვის დორსი ამბობს, რომ ყველა დონაცია იქნება გაზიარებული საჯარო Google Sheet–ით. ამჟამად დოკუმენტი აჩვენებს, რომ $100,000 გადარიცხულია ამერიკის საკვების ფონდში, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს და ლორენ პაუელ ჯობსის მიერ არის დაარსებული.
აღსანიშნავია, რომ დორსის დანაპირები დონაციასთან დაკავშირებით არის ყველაზე მასშტაბური საჩუქარი, რაც კი ერთ ადამიანს გაუღია. ასევე ე. წ ტოპ–დონორები არიან ბილ და მელინდა გეითსებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დაახლოებით $100 მლნ–ს გაიღებენ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით.