სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სეზონს რეგულაციებით, თუმცა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. წინა წელთან შედარებით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოლოდინები ოპტიმისტურია, თუმცა ოფიციალური თარიღის დასახელება მეტწილად კლიმატურ პროცესებზეა დამოკიდებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე, რომელიც დაგვიანებით, 8 მარტს გაიხსნა და აპრილის ბოლოსკენ ეტაპობრივად დაიხურა, ჯამში ოთხივე კურორტს 134 183 პირი ეწვია. სათხილამურო არეალების მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, (83 055) გუდაური გამოირჩეოდა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1,522,133-ს მიაღწია, რაც 2019 წლის მონაცემების 19%-იან აღდგენას გულისხმობს. სექტემბრის მოცემულობით, 51%-ით აღდგა საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალიც. აღსანიშნავია, რომ შემოდგომის პერიოდში ვიზიტორების კლებამ სასტუმროების ფასზეც იმოქმედა. 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი 23%-ითაა შემცირებული, თუმცა ეს მონაცემები ზამთრის კურორტებზე სასტუმროების ფასების პროგნოზირების საშუალებას არ გვაძლევს და ყველაფერი საქართველოს ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და მესტიაში ვიზიტორთა რაოდენობითაა განპირობებული.
რეგულაციები
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ“ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უკვე შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე იმოქმედებს. საკოორდინაციო სხდომაზე დადგენილი რეგულაციები დახურული საბაგირო გონდოლით, რომელიც ათ ადამიანს იტევს, რვა ადამიანის მგზავრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით იფუნქციონირებენ. ასევე, რეგულაციების ფარგლებში ინტენსიურად მოხდება საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. მართალია, ახალი რეგულაციები ღია ტიპის საბაგიროებზე არ ვრცელდება, მაგრამ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციები სამინისტრომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურიზმის სექტორთან ერთად შეიმუშავა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც და მონაწილეობდა ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული „მწვანე პასპორტები“ ზამთრის კურორტებზეც იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოეთხოვებათ და არა პერსონალს, შესაბამისად, საჭირო ზომების მიღება პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კვლავ მომსახურების სერვისში არსებული კომპანიების ვალდებულებად რჩება.
განახლებული ინფრასტრუქტურა
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2021-2022 წლების ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე მონტაჟდება გათოვლიანების სისტემები. 1,406-მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და სამი მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. გარდა ამისა, ბაკურიანში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ კოხტას საბაგიროს. რაც შეეხება გუდაურს, აქ ხელოვნურად დათოვლიანდება სამი ტრასა, ასევე საბაგირო „გუდაურას“ ძველი, დაზიანებული ბაგირი შეიცვლება ახლით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საბაგიროების ფასების ზრდა არ იგეგმება და ღირებულება კვლავ წინა წლების მსგავსი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს შედარებით ახალ, თუმცა სწრაფად მზარდ სამთო-სათხილამურო კურორტს, მესტიაში, კერძოდ, ზურულდის მთაზე, ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია ‘“დოპელმაირ/გარავენტა ჯგუფის“ მიერ ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება. საბაგირო ათადგილიანი გონდოლის ტიპის იქნება და საათში 1,800 მგზავრს მოემსახურება. მესტიის ახალი საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია და ექსპლუატაციაში ის 2021-2022 წლების სეზონზე შევა.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ევროპის თასის ეტაპებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. შედეგად, დიდველის მიმდებარე ტერიტორიას ორი ახალი სათხილამურო ტრასა დაემატება, რომელთა რეაბილიტაცია 2023 წლის ჩემპიონატის სამზადისს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის დიდველზე სულ შვიდი საბაგირო და ჯამში 40-კილომეტრიანი სასრიალო ტრასა ფუნქციონირებს.
მარკეტინგული კამპანიები
ზამთრის სეზონისთვის, მიზნობრივი ბაზრებიდან საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ახალი, მარკეტინგული ონლაინ კამპანიების დაწყებასაც გეგმავს. ადმინისტრაციის კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, ესენია: National Geographic-ი, CNN-ი, Vogue-ი, Conde Nast Traveler Global-ი, Conde Nast Traveler Middle East-ი, Time Out Magazine Middle East-ი, Wego, Expedia. ასევე, მარკეტინგული კამპანია მოიცავს სოციალურ ქსელებსაც: Facebook-ს, Instagram-ს, Twitter-ს, LinkedIn-ს. კამპანიის ფარგლებში გავრცელდება საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ვიდეორგოლები, სტატიები, განთავსდება ბანერები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ მარკეტინგული კამპანიებისთვის მიზნობრივი ბაზრები კოვიდრეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეირჩა და აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გასტანს.
სანამ ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ზუსტ თარიღზე ინფორმაცია გასაჯაროვდება, Forbes Georgia 2021-2022 წლების პროგნოზებსა და გეგმებზე სასტუმრო „გუდაური ლოჯის“ გენერალურ მენეჯერს, ნათია ჭიაურელს ესაუბრა. „გუდაური ლოჯი“ ყველაზე დიდ და სწრაფად განვითარებად ზამთრის სპორტულ კურორტზე, გუდაურში მდებარეობს. პირველ სათხილამურო ბილიკზე მდებარე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, ულამაზესი მთის ხედებით, 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. დამსვენებლებს ქართული რესტორანი, ლობი ბარი, სპა ცენტრი, სკი დეპო, კონცეპტუალური მაღაზია და ენოთეკა მასპინძლობს.
როგორია სასტუმროს დატვირთულობა და წინასწარი ჯავშნებით სეზონის გახსნასთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ?
„გუდაური ლოჯი“ 2020 წლის იანვარში გაიხსნა და მალევე მოიპოვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორთა ლოიალობა. პანდემიის გამო მალევე მოგვიწია სასტუმროს დროებით დახურვა, თუმცა ამ ხნის განმავლობაშიც არ ნელდებოდა „გუდაური ლოჯის“ მიმართ მთის მოყვარულთა ინტერესი. ბედნიერები ვართ, რომ 15 დეკემბრიდან ისევ შევძლებთ სტუმრების მასპინძლობას. სასტუმროს გახსნის დღის დაანონსებისთანავე მივიღეთ წინასწარი ჯავშნები, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად მატულობს და წარმატებული სეზონის დიდ მოლოდინს გვიქმნის.
რამდენად დიდია ტურისტების დაინტერესება?
სასტუმროს მიმართ დაინტერესება მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან.
როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გავლენა ნომრების დაჯავშნასა და გაუქმებაზე?
„გუდაური ლოჯი“ დროებით დახურულია და მხოლოდ 15 დეკემბრიდან განაახლებს სტუმრების მიღებას, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გავლენა არ მოუხდენია ოთახების ჯავშნების რაოდენობაზე.
ტურიზმის ადმინისტრაციისგან ხომ არ მიგიღიათ უკვე კონკრეტული რეგულაციები სეზონზე სასტუმროების მართვასთან დაკავშირებით?
მსოფლიო პანდემიის გამოცხადების დღიდან ვითვალისწინებთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას. ვხელმძღვანელობთ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სასტუმროების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის შემუშავებული დოკუმენტით.
როგორც ცნობილია, “მწვანე პასპორტები” ზამთრის კურორტებზეც გავრცელდება – რა მოლოდინი გაქვთ, ხომ არ შეამცირებს ეს ვიზიტორთა რაოდენობას?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, 27 ოქტომბერს, საქართველოს სასტუმროებს შორის პირველებმა გამოვაქვეყნეთ შიდა სტანდარტი, რომელიც სტუმარს ორჯერადი ვაქცინაციის ან უარყოფითი PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვს. შესაბამისად „მწვანე პასპორტების“ შემოღებამ ძალიან გაგვახარა, რადგან ვთვლით, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტების ფუნქციონირებას და დაიცავს დამსვენებლების უსაფრთხოებას.
ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში Covid-19-თან დაკავშირებულ კვლევას ადგილზე ჩაატარებს.
და ბოლოს, რადგან “მწვანე პასპორტების” მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე ვრცელდება, თავად რა ზომებს იღებთ სასტუმროს პერსონალთან დაკავშირებით?
მიგვაჩნია, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალია. ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულია.
მთავარი ფოტო: Sergii Potapenko