ახალი შესაძლებლობები ავტოინდუსტრიაში და ქართული საავტომობილო ბიზნესის მომავალი დავით ჭეიშვილის პერსპექტივით

ახალი შესაძლებლობები ავტოინდუსტრიაში და ქართული საავტომობილო ბიზნესის მომავალი დავით ჭეიშვილის პერსპექტივით

მსუბუქი ავტომობილების ბიზნესამდე მისასვლელი გზა დავით ჭეიშვილისთვის 2008 წელს თეგეტა ჯგუფში დაიწყო. 13 წლის წინ ჯერ „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-ის ფინანსურ დირექტორად დანიშნეს, მალევე გენერალური დირექტორის პოზიცია ჩააბარეს,  2014-ში კი „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“-ის დირექტორის პოზიცია დაიკავა და მას შემდეგ მსუბუქი ავტომობილების ბიზნესში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იცნობენ.

„თეგეტა უზარმაზარი კომპანიაა 25-წლიანი ისტორიით, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. ამ პერიოდის ნახევარზე მეტი უკვე მისი გუნდის წევრი ვარ და შესაბამისად, მონაწილეც განვითარებისა და გაზრდის კუთხით გადადგმული ნაბიჯების.

მუშაობის პროცესში ხვდები, რომ თეგეტა ამბიციურია და ზრუნავს შენს ენთუზიაზმზე, შთაგაგონებს იყო ლიდერი და მოგიწოდებს ბრძოლისუნარიანობისკენ – რომ პრობლემების მიუხედავად სასოწარკვეთაში არ ჩავარდე. მოგიწოდებს არ შეგეშინდეს პირველი ნაბიჯის, შეცდომის დაშვების, იყურო წინ და გწამდეს, რომ აუცილებლად მიაღწევ შედეგს… შესაბამისად, ეს დიდი აზარტია და უფრო მეტ ემოციას განიჭებს, რომ საქმე უკეთ აკეთო“ – დავით ჭეიშვილი, მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.

აზარტი საქმის კეთების მიმართ კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როცა იცი, რომ შენი საქმით სარგებელი მოგაქვს არამარტო კომპანიისთვის, რომლისთვისაც მუშაობ, არამედ ქვეყნისთვისაც.  „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“-ი საქართველოში პორშეს, მაზდას, ტოიოტასა და ვოლვოს იმპორტიორია და ქართული ავტოინდუსტრიის ფორმირებასა თუ განვითარებაში  მნიშვნელოვანი  წვლილი აქვს შეტანილი.

„მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებში 2011 წლიდან ჩავერთეთ: ქრონოლოგიურად გავხდით პორშეს და მაზდას ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში; 2013 წელს მოგვენიჭა ტოიოტას ოფიციალური დილერის სტატუსი. დაარსდა „ვოლვო ქარს თეგეტა“ და ვოლვოს სტანდარტების შესაბამისად აშენდა POP UP შოურუმი, სადაც უახლესი ავტომობილების სრული სამოდელო რიგია წარმოდგენილი. ასევე, თეგეტა ქარ რენტი EUROPCAR-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში. მალევე, ჰოლდინგს კიდევ ერთი ოფიციალური დილერი შეემატა, ამჯერად ბათუმში, სადაც უახლესი სტანდარტების შოურუმი და სერვისცენტრი ემსახურება რეგიონში ტოიოტას მომხმარებელს.

ყოველთვის ვცდილობთ უფრო შორს გავიხედოთ და ხვალინდელ დღეზე ვიზრუნოთ, დავიხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიციონირება. აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ რაც 2020 წელს პორშეს პირველი ელექტრომობილი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მომსახურების კუთხით ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავეთ, ავამაღლეთ ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაცია და დღეს “პორშე ცენტრი თბილისი” რეგიონის მასშტაბით ელექტრო ავტომობილების სერვისის პირველ ჰაბს წარმოადგენს.

თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რომ უფრო ხმამაღალი სიტყვა ვთქვათ არა მარტო ქართულ, არამედ რეგიონულ ავტოინდუსტრიაში.“

პროგრესი და თანამედროვე დროის მოთხოვნებთან  ფეხის აწყობა თეგეტამ კოვიდ პანდემიის დროსაც გააგრძელა. თუმცა ამ გლობალურმა გამოწვევამ  ცხადია მსუბუქი ავტომობილების ბაზარს მნიშვნელოვნად დაატყო ხელი. ლოგისტიკური, უსაფრთხოებისა  თუ სხვა სახის სირთულეების გადალახვამ, საბოლოოდ „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“-ის ახალი, ონლაინ  მიმართულებით დაჩქარებული განვითარება გამოიწვია.

„პანდემია იყო ალბათ ის, რისი გათვლა და სიმულირებაც წარმოუდგენელია საშუალო თუ გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესში. გლობალური დარტყმა მიიღო ყველა ინდუსტრიამ, გაჩერდა წარმოებები, მოიშალა მიწოდების ჯაჭვები, დაიხურა ქარხნები და შოურუმები, შეფერხდა ლოჯისტიკა… ამ ფონზე, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, მძაფრი შეგრძნებებიც, რადგან ამ რეალობაში მანამდე ჩვენ თაობებს არ უცხოვრია. თუმცა სირთულეები ყოველთვის გვიბიძგებს ახალი გზები მოვიფიქროთ.

კრიზისის ფონზე, ჩვენ არ გავაუქმეთ არცერთი შეკვეთა, ვიმუშავეთ ონლაინ მიმართულებების დახვეწაზე, როგორც გაყიდვის და შოურუმის ონლაინ წარმოდგენის, ასევე კომფორტული მომსახურების შეთავაზების გაუმჯობესების მიზნით და რაც უნდა უცნაური გეჩვენოთ, ძალიან მალე გვქონდა პირველი ავტომობილის ონლაინ გაყიდვის პრეცედენტიც.

ეს წარმატება კი უკვე ბიძგი იყო, უფრო მეტი კონცენტრირება მოგვეხდინა მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციის დახვეწის მიზნით. ამის ნათელი დადასტურება კი უახლოეს წარსულში ვოლვოს ონლაინ-შოფის ექსპლუატაციაში ჩაშვებაა. ვოლვო პირველი მერცხალია და მალე სხვა სიახლეებიც გვექნება. ეს პროცესი უწყვეტია და დღესაც ახალ, მაგრამ უკვე უფრო მრავალმხრივ და მრავალფუნქციურ გადაწყვეტებზე ვმუშაობთ, რაც არამარტო ავტოინდუსტრიის, არამედ ნებისმიერი ბიზნეს მიმართულების ხვალინდელი დღეა.“

ახალი შესაძლებლობების გარდა, პანდემიამ სრულად შეცვალა ავტოინდუსტრიის განვითარების გზა.  ნახევრად გამტარი ჩიპების მიწოდების პრობლემა, რომელიც მსოფლიო გიგანტ ავტომწარმოებლებს შეეხოთ, დღემდე გამოწვევად რჩება.

„AlixPartner-ის 2021 წლის პირველ კვარტალში გაკეთებული ანალიზის მიხედვით, ჩიპების წარმოების შეფერხების გამო, ავტომწარმოებელთა მოსალოდნელი ზარალი 65 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო; თუმცა მაისში ჩატარებული კვლევების მიხედვით ეს ციფრი 110 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, სექტემბრის კვლევა კი 210 მილიარდს პროგნოზირებს….

ალბათ წარმოგიდგენიათ რა კოლოსალურ ბრუნვებზეა საუბარი. პანდემიამ ფაქტობრივად ჩააგდო ჩიპების წარმოების და მიწოდების საკითხი – ამას თავისი ახსნაც აქვს: მუშაობის დისტანციურ სტილზე გადასვლამ გაზარდა მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის გაჯეტებზე, ხოლო იმავე პერიოდში ავტომწარმოებლებმა გააჩერეს წარმოება, რასაც ავტომატურად მოჰყვა საწარმოო ციკლის დარღვევა, რის შედეგსაც ახლა ვხედავთ. თუმცა, ეს პირიქით ბიძგიცაა იმისათვის რომ ავტომწარმოებლებმაც ახალ გადაწყვეტებს მიაგნონ, რაზეც მუშაობენ კიდეც წამყვანი კომპანიები.“

ვიდრე გლობალური  ავტოინდუსტრია ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, უფრო ლოკალურ დონეზე, დავით ჭეიშვილისთვის მთავარი გამოწვევაც და მთავარი მიღწევაც სწორი გუნდის ფორმირებასა და გუნდში სწორი ღირებულებების დანერგვამდე მიდის. თუ წარმატების ხარისხით ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით  „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მიმართულებას სანერვიულო არაფერი აქვს – მათი სტრატეგია პირველობისთვის ბრძოლაში ნაყოფიერად მუშაობს.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო პირველობისთვის ბრძოლა და ამ გზაზე სიახლეების შემოტანა ბიზნესში, რომელიც ბიზნესის ეფექტურობისა და ბაზარზე შეღწევისთვისაა საჭირო. ეს რომ წარმატებით განახორციელო, პირველ რიგში წარმატებული, ამბიციური და მოტივირებული გუნდის ფორმირებაა აუცილებელი. დიახ, ჩვენ რიგებში ბევრია ასეთი, ბევრიც სწავლის პროცესშია. გუნდის ინიციატივები და ახალი იდეები ყოველთვის მისასალმებელია, რაც მთავარია არ გვეშინია ცვლილებების და მარცხის – ესაა ჩვენი სამუშაო მიდგომის ძირითადი პრინციპი და ამის შედეგია, რომ დღეს სამართლიანად ვართ ქართული ავტობაზრის ლიდერები. ეს ჩვენს საქმიანობაში ჩართული ყველა რგოლის დამსახურებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.“

გუნდსა და მის ხელმძღვანელს  მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის განვითარების თვალსაზრით ოპტიმისტური სამომავლო ხედვა აქვს. პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეები, ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებსაც ქმნის, რის გამოყენებასაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“-ში უთუოდ აპირებენ.

„დღეს გლობალური ავტოინდუსტრია დიდი სტრატეგიული ცვლილებების პროცესშია. პანდემია და ნახევრად გამტარი ჩიპების ირგვლივ არსებული პრობლემები ამის ერთგვარი კატალიზატორიცაა, თუმცა ეს სტრატეგიული ცვლილებები მანამდე დაიწყო, თუნდაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებითა და ელექტროავტომობილებზე გადასვლის სახით.

იხვეწება ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ალტერნატივები ახალი პროდუქტების დამუშავების გზით, რადგან დღევანდელი რეალობა – ცხოვრების სწრაფი რიტმი და მუდმივად გენერირებადი ახალი მოთხოვნები, სწორედ მომხმარებლის საჭიროებების სწორად, სწრაფად და მოქნილად დაკმაყოფილებაზეა ფოკუსირებული.

ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის უფლებას, რომ უფრო მოტივირებულად, იმედიანად და ამბიციურად შევხედოთ მთლიანად მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის განვითარებას.“- დავით ჭეიშვილი, თეგეტა ჯგუფის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *