Visa ახალ საკონსულტაციო სერვისის დანერგვას იწყებს, რომელიც მის კლიენტებს კრიპტოვალუტების სამყაროში ნავიგაციას გაუწევს.
Visa-ს განცხადებით, ახალი სერვისი, კრიპტოსაკონსულტაციო პრაქტიკა, თავის ანალიტიკურ და საკონსულტაციო განაყოფში იქნება განთავსებული და მისი ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციისთვის – მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებისა და სხვა ფირმებისათვის- კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ რჩევების მიცემა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბანკი UMB უკვე იყენებს Visa-ს კრიპტოსაკონსულტაციო მომსახურებას.
ამ ნაბიჯით Visa კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ ინტერესს კრიპტოსამყაროში. Visa-ს ევროპული კრიპტომიმართულების ლიდერის, ნიკოლა პლეკასის განცხადებით, მხოლოდ 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე კომპანიამ საკუთარი კრიპტოდაკავშირებული ბარათების სქემების მეშვეობით $3.5 მილიარდის ეკვივალენტი მოცულობის ტრანზაქციები განახორციელა.
Visa იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქციონალი მას ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის დანერგვაში დაეხმარება. კონკურენტ Mastercard-ის მსგავსად, საკრედიტო ბარათების გიგანტი ზრდის მთავარ შესაძლებლობას კრიპტოვალუტებში ხედავს.
მეორე მხრივ, Visa მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან ზეწოლას განიცდის. გასულ თვეში „ამაზონმა“ განაცხადა, რომ მაღალი გადასახადების გამო ის დიდ ბრიტანეთში Visa-ს საკრედიტო ბარათების გამოყენებას შეწყვეტს. მსგავსი შეზღუდვა ელექტრონული კომერციის გიგანტმა უკვე დააწესა ავსტრალიასა და სინგაპურში.
„ზოგიერთ წამყვან ბირჟას მილიონობით ან ზოგ შემთხვევაში ათობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კრიპტო ჩვენთვის უზარმაზარი ზრდის შესაძლებლობაა და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ამ კუთხით განვითარებაზე“, – აღნიშნა პლეკასმა CNBC-სთან საუბრისას.
Visa Wednesday-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 94% ფლობს გარკვეული დონის ინფორმაციას კრიპტოვალუტების შესახებ, მაშინ როდესაც მხოლოდ მათი ერთი მესამედი იყენებს მას როგორც გაცვლის ან ინვესტიციის საშუალებას.