მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, Apple-მა, აწ უკვე ტრადიციულად, კიდევ ერთი ფისკალური კვარტალი რეკორდულად მაღალი ფინანსური შედეგებით დაასრულა: 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა $123.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $34.6 მილიარდის მოგება დაწერა.
ტექნოლოგიური გიგანტის ამგვარი შედეგები, უმეტესწილად, iPhone 13-ის საუცხოო გაყიდვებმა და სერვისების სექტორში Apple-ის მზარდმა როლმა განაპირობა. iPhone-ების გაყიდვების მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 9%-ით იმატა და $71.63 მილიარდი შეადგინა. რეალურად, Apple-მა მზარდი შემოსავალი ყველა სექტორში დაწერა, გარდა ერთისა: Mac-ების გაყიდვებმა 25%-ით იმატა, სერვისების მიწოდებამ – 24%-ით, საათებისა და სხვა აქსესუარების გაყიდვებმა – 13%-ით, ხოლო iPad-ის გაყიდვებმა 14%-ით იკლო, რაც, უმეტესიწილად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებით აიხსნება.
ახალი მოდელების გამოჩენის პარალელურად მოსალოდნელია, რომ 2022 წელი Apple-ისთვის უაღრესად საინტერესო და კიდევ უფრო სარფიანი აღმოჩნდება. მედიას თუ დავუჯერებთ, 5G-ის მხარდაჭერის მქონე განახლებული iPhone SE თებერვალში გამოჩნდება. ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ Apple-ი განახლებული iPad Air-სა და M1 პროცესორის მქონე Mac mini-ს ან iMac-ს გამოუშვებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ი Square-ის მსგავსი ონლაინგადახდების სერვისის დანერგვას გეგმავს, რომელიც iPhone-ის მფლობელებს უკონტაქტო გადახდების მიღების ფუნქციას ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე შესთავაზებს.