მხოლოდ პირველ წელს, ლონდონის ეკონომიკისთვის შვედური პოპჯგუფ ABBA-ს ვირტუალური შოუს წმინდა ეკონომიკურმა სარგებელმა $225 მილიონი შეადგინა. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, შოუს ფარგლებში მსმენელის წინაშე ჯგუფის წევრების – აგნეტა ფელტსკოგის, ბენი ანდერსონის, ბიორნ ულვეუსისა და ანი-ფრიდ ლიუნგსტადის ციფრული ასლები წარდგნენ.
Sound Diplomacy-ისა და RealWorth-ის ანალიზის თანახმად, 2022 წლის მაისის შემდეგ ABBA-ს ციფრულმა შოუმ საერთო ჯამში დაახლოებით $410 მილიონი გამოიმუშავა. დამსწრეთა რაოდენობამ კი 1 მილიონს გადააჭარბა. მომავალი ზაფხულისთვის შოუს გარკვეულ თარიღებზე ბილეთის ფასი $127-ს აღემატება და კონკურენციაში მოდის ტეილორ სვიფტის რეკორდულ Eras-ს ტურთან, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ასევე მომავალ წელს იმართება.
თუმცა სვიფტის ცოცხალი შოუსგან განსხვავებით, ABBA-ს შემთხვევაში სცენაზე ბენდთან ერთად ციფრული „აბბატარები“ არიან წარმოდგენილნი. 90-წუთიანი შოუ ოცამდე ცნობილ ჰიტს აერთიანებს, განათება და სპეციალური ეფექტები შვედი პოპვარსკვლავების ილუზიას ქმნიან სცენაზე, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში სპეციალურად ABBA-ს კონცერტებისთვის შეიქმნა.
ABBA-ს წევრების ციფრულ ვერსიებზე Disney-ის საკუთრებაში არსებული Industrial light & Magic-ის 850-კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. Industrial light & Magic-ის დამაარსებელი კი „ვარსკლავური ომების“ შემქმნელი ჯორჯ ლუკასია.