ევროკავშირმა საქართველოსთვის კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყო.
ამჯერად დასავლელი პარტნიორები საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად იმუშავებენ, რისთვისაც 1.5 მილიონი ევრო დაიხარჯება. ამ ეტაპზე ხვანჭკარა, თუშური გუდა, ჩურჩხელა, სულგუნი, ბორჯომი, ტვიში, ნაბეღლავი და კიდევ 40 ადგილწარმოშობის დასახელება უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია.
საჯარო სამსახურების დაძმობილების, ე.წ. ტვინინგის პროექტის დაწყების მიზანი საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ხარისხის პოლიტიკის გაუმჯობესება, საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების კონტროლი, სამართლიანი კონკურენციისა და დაცვის ეფექტიანი სისტემის ხელშეწყობაა.
ევროკავშირი აღნიშნული პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია იტალიურ- ფრანგული კონსორციუმით, რომელიც ქართულ მხარეს სისტემის განვითარებაში თავისი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით ეხმარება.
ეს ქვეყნები შემთხვევით შერჩეული არ არის. გეოგრაფიული აღნიშვნების ძირითადი რაოდენობა (90%) ჯერჯერობით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ 30 ქვეყანაზე მოდის. ლიდერებად ითვლებიან საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებსაც მაღალხარისხიანი სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების წარმოების განსაკუთრებით მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვთ.
მაგალითად, გეოგრაფიული აღნიშვნებით მონიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება საფრანგეთში წელიწადში 19 მლრდ ევროს შეადგენს და 600-ზე მეტ დასახელებას მოიცავს. ამ პროდუქციის შექმნაში 138 000-მდე საწარმოა ჩართული. საფრანგეთის ღვინის ექსპორტის 85% სწორედ გეოგრაფიული აღნიშვნების ღვინოებზე მოდის.
ამ გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ე.წ. ტვინინგის პროექტი. პროექტის ბენეფიციარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია.
უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების, ისევე როგორც მათი კონტროლის სისტემა საქართველოში ნაწილობრივ დანერგილი იყო, თუმცა იმ სარგებლის მიღება, რომელიც დამატებით ღირებულებასა და გაზრდილ კონკურენტუნარიანობასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ მისი სრულყოფილად მუშაობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
“გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი დაცვა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების” ფარგლებში”, – გვეუბნება საქპატენტის პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩევლის ქართველი პარტნიორი ქეთევან კილაძე.
ამ ეტაპზე ხვანჭკარა, თუშური გუდა, ჩურჩხელა, სულგუნი, ბორჯომი, ტვიში, ნაბეღლავი და კიდევ 40 ადგილწარმოშობის დასახელება ოფიციალურად რეგისტრირებულია. ქეთევან კილაძე Forbes Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების წარმატებული სისტემა გაჯერებულ ბაზარზე ხარისხიან პროდუქტებს გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული სხვა ნიშანდებების შექმნა და პოპულარიზაცია კი ხელს შეუწყობს ქვეყნის მდიდარი სასურსათო მემკვიდრეობისა და მისი გამორჩეული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, აგრეთვე მწარმოებელთა შემოსავლების გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ ზრდას. სისტემის პოზიტიურ მხარეებს შორის ქვეყნის რეგიონების განვითარებისა და ტურზიმის ხელშეწყობაც სახელდება.
“პროექტის წარმატებით განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპორტის კუთხით, ვინაიდან მომხმარებლისთვის გეოგრაფიული აღნიშვნები ხარისხთან ასოცირდება. სისტემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვისაც”, – განმარტავს კილაძე.
ქეთევან კილაძის მსჯელობას ევროკავშირის რიცხვებიც ამყარებს. ევროკავშირში რეგისტრირებული აღნიშვნების რიცხვი 3300-ზე მეტია. 2010 წელს წარმოებული იყო გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული 54,3 მლრდ ევროს ღირებულების პროდუქცია. 2005 წლიდან 2010 წლამდე გაყიდვების მოცულობა 12%-ით გაიზარდა. ევროკავშირში საშუალო ღირებულების მაჩვენებელი 2,23 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია ჩვეულებრივთან შედარებით 2,23-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.
ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს მესამე ქვეყნების 894 ღვინის დაცვას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირში 18 ქართული ადგილწარმოშობის ღვინოა დაცული.
ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთვნენ სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინისა და სურსათის ეროვნული სააგენტო, საბაჟო დეპარტამენტი, საგამოძიებო სამსახური, მონიტორინგის სააგენტო, ასევე ასოციაციები, კერძო კომპანიები, მასერტიფიცირებლები, მწარმოებლები და ფერმერები.
საქართველოსთვის ახალი პროექტის მნიშვნელობა დიდი ხანია, გაცნობიერებული აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. დღესდღეობით მსოფლიოში 10 000-მდე გეოგრაფიული აღნიშვნაა ცნობილი, მათი საერთო ღირებულება კი 80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, შამპანური, კონიაკი, პარმესანი ან ბურგუნდიული, დიდი ხანია, საყოველთაოდაა ცნობილი, თუმცა ბოლო ათწლეულებში სულ უფრო მეტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის აღიარება და პოპულარიზაცია ხდება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ნოემბერში გაიმართა. პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.