ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Inflection AI-მ, თავისი პირველი ჩატბოტის, Pi-ის გაშვებიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში, $1.3 მილიარდის დაფინანსება მიიღო. 2022 წლის დასაწყისში შექმნილი AI-სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი მუსტაფა სულეიმანია.
Inflection AI-ის ინვესტორებს შორის ტექნოლოგიური გიგანტები, Microsoft-ი და Nvidia, მათთან ერთად კი სამი გავლენიანი მილიარდერი: LinkedIn-ის თანადამფუძნებელი რეიდ ჰოფმანი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი და Google-ის ყოფილი CEO ერიკ შმიდტი არიან, რომელთაც სტარტაპში პერსონალური ინვესტიციები განახორციელეს. წყაროებზე დაყრდნობით, ახალი დაფინანსება Inflection-ს $4 მილიარდად აფასებს.
სულეიმანის განცხადებით, სტარტაპმა დამატებითი ინვესტიციები ჩატბოტის, Pi-ის გაშვების შემდეგ მოიძია, მიღებული დაფინანსება კი შემდგომი განვითარებისა და მუშაობისთვის საკმარისია. სტარტაპის ჩატბოტს OpenAI-ის ChatGPT-ის მსგავსი გამოთვლითი შესაძლებლობები აქვს. Microsoft-სა და Nvidia-სთან მიღწეული შეთანხმების სხვა დეტალები უცნობი რჩება.
დაფინანსება ცხადყოფს, რომ ახალშექმნილი სტარტაპი Microsoft-სა და Nvidia-სთან, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, მნიშვნელოვან კავშირებს ამყარებს. Microsoft-ი OpenAI-ის მთავარი ინვესტორი, ხოლო Inflection-ში cloud-გამოთვლების მიმართულებით პარტნიორია. თავის მხრივ, Nvidia მჭიდროდ თანამშრომლობს Inflection-თან, თავისი ფლაგმანის, გრაფიკული დამუშავების ერთეულის, H100-ის დანერგვაზე.