Air China-მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

Air China-მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. როგორც ირკვევა, ფრენები ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

Air China-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ურუმჩიდან პირველი პირდაპირი რეისი Boeing 737-800-ით შეასრულა. თვითმფრინავმა საქართველოს დედაქალაქში 98 მგზავრი ჩამოიყვანა, თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით კი 121 მგზავრი გაემგზავრა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია”, – ვკითხულობთ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს.

Air China ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ასრულებს. შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია, China Southern Airlines-ი ოპერირებს.