Airbnb-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე პირველადი საჯაროდ განთავსების (IPO-ს) შემდეგ გაორმაგდა, შედეგად ახლა მისი საბაზრო ღირებულება $100 მილიარდს სცდება.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში მოგზაურობა შემცირდა და შესაბამისად Airbnb-ის სერვისზე მოთხოვნამ იკლო, ის მაინც ერთ-ერთ მიმზიდველ კომპანიად რჩება ინვესტორებისთვოს.
“არამგონია რომ ამ ზაფხულს ბევრი დალოდებოდა Airbnb-ის IPO-ს, თუმცა, ჩვენ ვგეგმავდით აქციების პირველად საჯარო განთავსებას და ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა Airbnb-ის მთავარმა აღმასრულებელმა ბრაიან ჩესკიმ.
ცნობისთვის, კომპანიამ 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში $2.5 მილიარდის ოდენობის შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც 48%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, კომპანიამ წმინდა მოგების სახით მესამე კვარტალში $219 მილიონი მიიღო, რაც მეორე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია.
Airbnb-ი სამმა ადამიანმა ბრაიან ჩესკიმ, ნათან ბლეჩარჩიკმა და ჯო გებიამ 2008 წელს სან-ფრანცისკოში დააარსეს, როდესაც თავიანთი ბინის გაქირავება დაიწყეს ერთ-ერთი კონფერენციის დროს.