გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბის“ ახალი ფილმის გამოსვლამდე, Airbnb-ზე Barbie Dream House გამოჩნდა, სადაც დარჩენა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. „ბარბის“ ვარდისფერი ვილა, რომელიც ფილმისადმი მაყურებლის ინტერესის გაძლიერებისკენ მიმართული მარკეტინგული გათვლაა, მალიბუში მდებარეობს.
სრულად ვარდისფერ ვილაში, რომელიც ბარბის საკულტო სათამაშო კომპლექტის რეალური ვერსიაა, სტუმრებს კენი უმასპინძლებს – ცნობისთვის, მის როლს, „ბარბის“ ახალ ფილმში რაიან გოსლინგი ასრულებს. ვიზიტორებს კენის ტანისამოსის კოლექციაზე სრული წვდომა ექნებათ და ყვითელ-ვარდისფერი ციგურებისა და სერფინგის დაფის გამოყენებასაც შეძლებენ.
Barbie Dream House-ის დასათვალიერებლად მისული სტუმრების კომფორტულ დასვენებას კონსიერჟი უზრუნველყოფს. მალიბუში მდებარე ვარდისფერ ვილას დიდი აუზი, შემოფარგლული აივანი, გარე საცეკვაო მოედანი და სავარჯიშო სივრცე აქვს. Airbnb-ის ინფორმაციით, DreamHome-ში სტუმრებს სამზარეულო და ტელევიზორი არ დახვდებათ.
Airbnb-ზე „ბარბის“ სახლის დაჯავშნა შესაძლებელი 17 ივლისს იქნება. შეთავაზების ფარგლებში, ჯამში ოთხი სტუმარი, 21 და 22 ივლისს, მალიბუს Barbie Dream House-ში უფასოდ დარჩენას შეძლებს. თუმცა კომპანიები სტუმრების მგზავრობის ხარჯებს არ დაფარავენ.
გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბის“ პრემიერა 2023 წლის 21 ივლისსაა დანიშნული. ახალ ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ.