რეპროდუქციული მედიცინა საქართველოში წლიდან წლამდე ვითარდება. ~ამ სერვისის მისაღებად ქვეყანაში უცხოელებიც უფრო აქტიურად სტუმრობენ. ჩაჩავას კლინიკაში ამ მიმართულებას უკვე ათი წელია, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთი გოცირიძე ხელმძღვანელობს. მისი დაკვირვებით, რეპროდუქციულ მედიცინას ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ სპეციალური რუბრიკისთვის Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქეთი, თქვენი აზრით, რა ადგილი უჭირავს დღეს ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციულ ცენტრს ქართული რეპროდუქციული მედიცინის დარგში ?
ჩაჩავას კლინიკა 1875 წლიდან მოწინავეა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და ყოველთვის ხარისხთან ასოცირდებოდა.10 წლის წინ აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა – ვყოფილიყავით ამ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლინიკის ღირსეული წარმომადგენელი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უნაკლოდ გამოგვივიდა და დღეს ამ ძლიერი გუნდის წყალობით ჩაჩავას კლინიკის კედლებში ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ქალი შეიგრძნობს ნანატრ სიხარულს, რაც ახალი სიცოცხლის დაწყებასთანაა დაკავშირებული.
რეპროდუქციული მედიცინის თვალსაზრისით საქართველოში კონკურენცია მზარდია. თქვენი უპირატესობა რა არის?
ცალკე მინდა გამოვყო რეპროდუქციული ცენტრის გუნდი, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული პროფესიონალები, რომლებსაც ყოველდღიურად მოუხარიათ სამსახურში, რომ ამ დიდ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ჩვენთან ასეთი პრინციპია – წარმატება არ გვეკუთვნის არცერთს ცალ-ცალკე, ეს საერთო გამარჯვებაა.
უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენად შეინიშნება უცხოელების მხრიდან თქვენს მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა?
ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა, მათ შორის უცხოელი პაციენტების მხრიდან, დინამიკაში მუდმივად მზარდია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვანი – ჩვენი წარმატების მაღალი კოეფიციენტი. თუმცა ბოლო პერიოდში პაციენტთა ნაკადის ზრდა გარემო ფაქტორებმაც განაპირობა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უცხოელი პაციენტების მხრიდან, ჩვენი ცენტრის რეპროდუქციულ სერვისებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია…
ზოგადად უკრაინაში რეპროდუქციული მიმართულება მედიცინის ერთ-ერთი კარგად განვითარებული დარგია, კარგად იყო განვითარებული სამედიცინო ტურიზმიც და შედეგად ქვეყანა დიდი რაოდენობით უცხოელ პაციენტს იღებდა. ნაცნობი სამწუხარო მოვლენების გამო, ამ პაციენტთა დიდმა ნაწილმა საქართველოში გადმოინაცვლა და, როგორც თავად ხშირად ამბობენ, ასე აღმოაჩინეს ერთი პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა, სადაც სამედიცინო მომსახურების დონემ ისინი სასიამოვნოდ გააკვირვა.
თქვენი აზრით, რა სჭირდება რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებას საქართველოში? რა გამოწვევებია?
როგორც უკვე გითხარით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში რეპროდუქციულ სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, რაც, დამეთანხმებით, არა მხოლოდ ცალკეული კლინიკებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც დიდი სარგებლის მომტანია. ქვეყანაში, სამედიცინო ტურიზმის სწორედ ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი შემოდის. ვფიქრობ, სახელმწიფოსგან სწორი რეგულაციებისა და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით საქართველოს რეპროდუქციული კლინიკების მიმართ მოთხოვნა და სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თქვენ რამდენად გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის? და ძირითადად რას უთმობთ ხოლმე თავისუფალ დროს?
ყველაზე დიდი დეფიციტია დრო. ყოველ თავისუფალ წუთს ვუთმობ ოჯახს. მეუღლეს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ჩემი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა და ჩემს სამ შვილს, რომლებიც ჩემი მთავარი ინსპირაციაა.
ეს არის ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალება. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მძაფრად სწორედ შვილებთან ურთიერთობისას ვაცნობიერებ პროფესიულ პასუხისმგებლობას, მათგან მიღებული შეუდარებელი ემოციების ფონზე ხშირად მიფიქრია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ავირჩიე მედიცინის ის მიმართულება, რომელიც ქალს ეხმარება, დედა გახდეს.
რა როლს ასრულებს „სელექტი“ თქვენი ცხოვრების გამარტივებაში?
ზოგადად ძალიან სასიამოვნოა, როცა ბანკი შენზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას გთავაზობს. ტერაბანკის მხრიდან პირადად მე მუდმივად ვგრძნობ სწორ, პარტნიორულ დამოკიდებულებას.
აქვე ტერაბანკთან თანამშრომლობის უპირატესობებზეც გკითხავთ…
ზოგადად საქმიანი პარტნიორების შერჩევისას საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები მაქვს. სპეციფიკური სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქნილი, კლიენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე ორიენტირებული საბანკო მომსახურება. ჩემი აზრით, სწორედ ამგვარ სერვისს სთავაზობს დღეს ტერაბანკი თავის მომხმარებლებს.
რა გეგმები გაქვთ 2023 წლის განმავლობაში ჩაჩავას რეპროდუქციულ ცენტრთან დაკავშირებით?
გეგმები გვაქვს დიდი და ამბიციური და, რაც მთავარია, ისინი არ უკავშირდება მხოლოდ ჩაჩავას რეპროდუქციულ ცენტრს. ჩვენმა პირადმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ რეპროდუქციული მედიცინა დღეს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მიმართულებაა. გვაქვს შანსი, რომ მდიდარი ისტორიული და კულტურული ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სრულიად ახალი კუთხით გავაცნოთ.
საქართველოს ამ მხრივ რეალურად დიდი პოტენციალი აქვს და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შევძლებთ ამ შესაძლებლობის ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოყენებას.
რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი