ალდაგი - დაზღვევის შემოქმედი საქართველოში | ინტერვიუ გიორგი ბარათაშვილთან

ალდაგი - დაზღვევის შემოქმედი საქართველოში | ინტერვიუ გიორგი ბარათაშვილთან

30 წელი კომპანიისთვის დიდი დროა. იმდენივეა, რამდენიც ბიზნესის ისტორია დამოუკიდებელ საქართველოში. 90-იან წლებში შექმნილ კომპანიებს შორის ალდაგი ერთ-ერთია (თუ ერთადერთი არა), რომელსაც 30 წლის თავზე არც სახელი შეუცვლია და არც ლიდერის პოზიცია დაუკარგავს. ამ დროის განმავლობაში ალდაგის ხელში 2,5 მილიონმა პოლისმა გაიარა, რაც ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებულ 360 მილიონ ლარს ნიშნავს. ალდაგმა საერთაშორისო პარტნიორებისგან ქვეყანაში 100 მილიონ ლარამდე შემოიტანა, საქართველოს ბიუჯეტს კი 71 მლნ ლარი შემატა. ალდაგი  იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც პანდემიის პერიოდში ციფრული ტრანსფორმაცია მოახერხა, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

Forbes Georgia “ალდაგის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს 30 წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  

[MAINPICTURE]

ალდაგი 30 წლის გახდა, ანუ ის ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაარსდა და ამ დრომდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. როგორ შეძელით ეს?

ცხადია, ეს 30 წელი მარტივად არ გაგვივლია. თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში არაერთი შერწყმა განხორციელდა და დღეს ალდაგი 7-8 კომპანიის გაერთიანების შედეგია. მუდმივმა ინოვაციამ, სიახლეებისკენ სწრაფვამ და მომხმარებელზე ზრუნვამ მოგვიტანა ის, რომ ალდაგი დღემდე ლიდერად რჩება სადაზღვევო ბაზარზე. 1990-იან წლებში სწორედ ალდაგი იყო პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც შექმნა მთელი რიგი სადაზღევევო პროდუქტები – სამოგზაურო, ავტომობილების, ქონების დაზღვევა და ა.შ. 1997 წელს ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა დაზღვევის შესახებ კანონის შექმნაში, ჩვენს კომპანიას ასევე უდიდესი  წვლილი მიუძღვის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფუძნებაში და ბოლოს სადაზღვევო ასოციაციის ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ ალდაგი პირველი კომპანია იყო, რომელმაც რისკების ქვეყნის გარეთ გატანა და გადაზღვევა შეძლო. 1990-იან წლებში მან ისეთ ავტორიტეტულ კომპანიებთან დაიწყო პარტნიორობა, როგორიც იყო Swiss Re, Munich Re, Lloyds-ი, Hannover-ი; მათი საქართველოში შემოყვანა მარტივი არ იყო. ციფრებს თუ გადავხედავთ, 30 წლის მანძილზე ალდაგს 360 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ჩვენ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყავით, მუდმივად გამოწვევების წინაშე ვაყენებდით საკუთარ თავს, შემდეგ კი ამ გამოწვევებს წარმატებით ვუმკლავდებოდით. სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს ალდაგს 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ენდობა და ვთვლი, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია.

თქვენი დაკვირვებით, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, რა ეტაპები გამოიარა საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიამ და რა ეტაპზე ვართ ახლა?

მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა მთელს მსოფლიოში რისკის მართვის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა, საქართველოში დაზღვევის ცნობადობა დღესაც საკმაოდ დაბალია. მაგალითისთვის, საქართველოში რეგისტრირებული 1 400 000 ავტომობილიდან, მხოლოდ 80 000 მანქანაა დაზღვეული. წარმოიდგინეთ, 1990-იან წლებში რამდენად რთული იქნებოდა მომხმარებლისთვის დაზღვევის შეთავზება. ვთვლით, რომ ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ, რადგან ახალი პროდუქტების შექმნის პარალელურად, ჩვენი საქმიანობით ვზრდიდით დაზღვევის მიმართ ცნობადობასაც. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დღესაც ბევრი გამოწვევა გვაქვს და მთავარი გარდატეხა ინდუსტრიაში ჯერ არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ სადაზღვევო ბიზნესი 2-3 წელიწადში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენ იცით, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირის წინაშე გახადოს სავალდებულო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი სადაზღვევო პროდუქტია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად, სადაც დაზღვევის ეს სახეობა სავალდებულო არ არის. კანონის მიღების პროცესი დაწყებულია და ჩვენ ვთვლით, რომ დაზღვევის სავალდებულო სახეობები იქნება ის ტრამპლინი, რომელიც დაეხმარება ინდუსტრიას კიდევ უფრო განვითარებაში.

ალდაგს 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელი ჰყავს. რა წილი უკავია თქვენს პორტფელში კორპორატიული და საცალო სექტორს?

საცალო და კორპორატიული სექტორი ჩვენს პორტფელში თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული, თუმცა ალდაგი მთლიანი კორპორატიული ბაზრის 40%-ს ფლობს. მე პირადად ამაყი ვარ, რომ ალდაგს ამ რაოდენობით ბიზნესი ენდობა. ეს არის ისტორიულად დაგროვილი ნდობისა და სტაბილურობის შედეგი. ჩვენი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ალდაგი ყოველთვის მის გვერდით იქნება. ჩვენი ამბიციაა, რომ მომხმარებლისთვის მხოლოდ ზარალის ანაზღაურების წყარო კი არ ვიყოთ, არამედ პარტნიორი და კონსულტანტი. სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო ინდუსტრია და, საქართველოში, თუ ვინმეს აქვს ამ სფეროში დაგროვილი კომპეტენცია და ცოდნა, ეს ალდაგი და მისი გუნდია.

რაც შეეხება საცალო მიმართულებას, აქ ბაზრის დაახლოებით 30%-ზე მეტი გვიჭირავს – აგროდაზღვევაში ბაზრის 43%-ს ვფლობთ, ქონების დაზღვევაში 30%-ს, ავტომობილების დაზღვევაში 25%-ს. პრაქტიკულად, ბიზნესის ყველა წამყვან სახეობაში ლიდერის პოზიციას ვინარჩუნებთ. ჩვენი ხედვაა, რომ პორტფელი დივერსიფიცირებული და სხვადასხვა მიმართულებით დასტაბილურებული იყოს, რადგან სწორედ ამაზე დგას კომპანიის სტაბილურობა და სიჯანსაღე, შესაბამისად ამ მიდგომას მომავალშიც შევინარჩუნებთ.

ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით რამდენად ხედავთ მოთხოვნის ზრდის ტენდენციას და როგორია რიცხვები ამ კუთხით?

ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. სასიხარულოა, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებიც აქტიურად იწყებენ სადაზღვევო პროდუქტების მოხმარებას. ბოლო 3 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. თუ 2018 წელს 600 მომხმარებელი გვყავდა, დღეს გვყავს 2000. გახსოვდეთ, რომ ეს ის სეგმენტია,  რომლისთვისაც დაზღვევა პირველი რიგის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. ერთად მივაღწიეთ იმას, რომ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს რისკების დაზღვევაზე ფიქრი. 2020 წელს იურიდიული პირების დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ძალიან კარგია. დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს უკეთესი შედეგი გვექნება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებაზე იფიქროს და ნაბიჯები მხოლოდ წინ გადადგას.

პანდემიასაც უნდა შევეხოთ არსებული ვითარების გათვალისწინებით… ვიცით რომ დიდი ცვლილებები გამოიწვია 2020-მა სადაზღვევო სექტორშიც. თქვენს კომპანიაზე როგორ აისახა პანდემიის კრიზისი?

ცხადია, გასული წელი მძიმედ დაიწყო, თუმცა, პროგნოზთან შედარებით, 2020 წელი  უკეთესად გავიარეთ. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სრულად ალდაგის გუნდის დამსახურება. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი აქტივი ჩვენი გუნდია – ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ქმნიან ამ კომპანიას და დებენ იმ შედეგებს, რომლითაც ჩვენ ერთად ვამაყობთ.

პანდემიის წელს ორი ამოცანა გვქონდა, ერთი – ბიზნესპროცესის უწყვეტობა და მეორე  – ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა. ამ ორი მიმართულებით ერთდროულად ვიმუშავეთ. ერთი მხრივ, უზრუნველვყავით ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა პირობა და, მეორე მხრივ, სწორედ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ იმაზე, რომ ჩვენს მომხმარებლებს არ ეგრძნოთ შეფერხება ან ყურადღების დეფიციტი მათი მზღვეველისგან.

პანდემიის პირველივე დღიდან ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან საუბარი დავიწყეთ პრემიების გადავადებაზე და კლიენტებს გადახდის ხელსაყრელი გრაფიკები შევთავაზეთ. შემდეგ დავიწყეთ ახალ პროდუქტებზე მუშაობა, რათა საშუალება გვქონოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტები შეგვეთავაზებინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო SME-სთან მუშაობა, რომელიც ერთ-ერთი მოწყვლადი აღმოჩნდა 2020-ში. მყისიერად დავიწყეთ ისეთი ინიციატივების შეთავაზება მათთვის, როგორიცაა კონსულტაციები ბუღალტერიაში, შრომის უსაფრთხოებაში, ციფრული სერვისების დანერგვაში, მათაც შევთავაზეთ პრემიების გადავადება და პოლისების დაპაუზება, რათა ნაკლებად ეგრძნოთ  ვითარების სიმძიმე. საამაყოა, რომ პირველი კვარტლის ბოლოს, ჩვენ შევქმენით და გავუშვით 5 ახალი პროდუქტი იმისთვის, რომ ჩვენი შეთავაზებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ქმედითი ყოფილიყო პანდემიურ რეალობაში.

აქვე, 2020 წელი რომ შევაჯამოთ, პირველი სამი კვარტალი თქვენ 13,9 მილიონიანი (ლარი) მოგებით დაასრულეთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით მეტიც კია. რამ განაპირობა ზრდა? ეს ახალი პროდუქტების შეთავაზების დამსახურება იყო?

ვფიქრობ, ეს რისკების ადეკვატურად შეფასების დამსახურებაა. იმის მიუხედავად რომ გამოწვევა სერიოზული იყო, ჩვენი მთავარი პრინციპიდან არ გადაგვიხვევია. მთავარი ხედვა არის სტაბილურობის უზრუნველყოფა. ისტორიულად ჩვენ არ შევდივართ ისეთ არაპროგნოზირებად რისკებში, რომელმაც რაიმე ფორმით შეიძლება პრობლემა შეუქმნას აღებულ რისკებს, ანუ სხვა კლიენტებს. ამიტომაც სტაბილურმა პორტფელებმა და რისკების ადეკვატურმა შეფასებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მხოლოდ 2020 წელს ანაზღაურების სახით 90 მილიონი ლარი გაგვეცა და, ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა მომგებიანობა.

ალდაგმა, პანდემიის დასაწყისშივე მომსახურება სრულად გააციფრულა. თქვენ იყავით პირველი კომპანია სადაზღვევო სექტორში, რომელმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოიყენა. რა შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით?

ახალი რეალობა ჩვენგან სერვისების სრულად გაციფრულებას მოითხოვდა – როგორც დაზღვევის ყიდვის, ისე ანაზღაურების მიღების მიმართულებით. ბლოკჩეინ ტექნოლოგია დაინერგა იმისათვის, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმებისას და მონაცემების მიმოცვლა უსაფრთხო სისტემაში განხორციელებულიყო. ციფრული ტრანსფორმაციისას გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, რათა ზარალის შეფასება მოკლე დროში მომხდარიყო. ძალიან მიხარია, რომ ამ სიახლეების დანერგვა დაგვიფასდა და UN Global Compact Georgia-სგან მივიღეთ ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

და ბოლოს, როგორია ამ წლის ხედვები და მიზნები? რას უნდა ველოდოთ “ალდაგისგან“ 2021-ში?

კორპორატიული მიმართულებით ვგეგმავთ სპეციფიკური პროდუქტების დანერგვას. ბოლო პერიოდში აქტიურად ვიმუშავეთ კიბერდანაშაულის დაზღვევაზე და ვაპირებთ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას. ასევე ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავითვალისწინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები და მათ უფრო მეტი სიახლეები – ტრენინგები, ახალი პროდუქტები შევთავაზოთ.

რაც შეეხება საცალო მიმართულებას, ჩვენი ხედვაა, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ პასუხისმგებლიანი მომხმარებელი. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მომხმარებელს უყურებს გვრძელვადიან ურთიერთობაში, ამიტომ კარგი მომხმარებლის ყოველი ახალი პოლისი უნდა გარდავქმნათ მისთვის სასარგებლო შეთავაზებად. ბოლო წლებში ჩვენი ყველა კამპანია მიმართული იყო სწორედ პასუხისმგებლიანი მომხმარებლის დაფასებისკენ და ამ მიდგომას, ცხადია, გავაგრძელებთ. რაც შეეხება ციფრულ სერვისებს, ამაზე უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და მომდევნო წლებში ჩვენი მომხმარებელი ამ კუთხით მნიშვნელოვან გარდატეხას დაინახავს.