ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ევროსაბჭოდან სრულად გასვლას განიხილავს

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ევროსაბჭოდან სრულად გასვლას განიხილავს

ფოტო: REUTERS/KEVIN LAMARQUE

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო 46-წევრიანი ორგანიზაციიდან სრულად გასვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ქვეყანას 2024 წელს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება შეუჩერდა. ამის შესახებ ალიევმა შუშაში მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნისას ისაუბრა.

ილჰამ ალიევის თქმით, საუბარი აღარ არის მხოლოდ ორგანიზაციაში წევრობის შეჩერებასა თუ გაყინვაზე. „ჩვენ ცალსახად განვიხილავთ ამ სტრუქტურიდან გასვლას“, — ხაზგასმით აღნიშნა მან. თუმცა, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოგვიანებით განაცხადა, მას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე პირადად დაუკავშირდა და სთხოვა, საბჭოს დატოვების ნაცვლად, ვითარების გაუმჯობესების გზებზე ემუშავათ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი ევროსაბჭოს სრულუფლებიან წევრად რჩება. თუმცა ქვეყნის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ხმის მიცემის უფლება 2024 წელს შეუჩერა. მიზეზად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, პოლიტიკური პატიმრებისა და ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა.

შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა ასევე გაიხსენა, რომ 2001 წელს, აზერბაიჯანის ევროსაბჭოში გაწევრიანების პერიოდში, ის თავად ხელმძღვანელობდა PACE-ში ქვეყნის დელეგაციას და დასძინა, რომ ბაქოს არ სურს ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა. ამის მიუხედავადაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო.

„მათ ჩვენს დელეგაციას ხმის მიცემის უფლება უნდა აღუდგინონ. ამის შემდეგ აზერბაიჯანის დელეგაცია ასამბლეაში დაბრუნდება. ჩვენ არასწორი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ამიტომაც, მათ უნდა დაიხიონ უკან და თავიანთი შეცდომები აღიარონ“, — თქვა ალიევმა.

სიტყვით გამოსვლისას ალიევი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, ბაქოში ბოლოდროინდელ ვიზიტებსაც შეეხო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებით, ბოლოდროინდელი ჩართულობის დონე ბრიუსელსა და ბაქოს შორის ურთიერთობების გააქტიურებაზე მიუთითებს.