ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google-ის მფლობელი Alphabet-ი კიბერუსაფრთხოების სტარტაპის, Wiz-ის შეძენას გეგმავს. საკითხთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. გარიგების მოცულობა $23 მილიარდი იქნება.
Wiz-ი ისრაელში დაფუძნებული და ნიუ-იორკში ოპერირებადი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კიბერუსაფრთხოების სტარტაპია. ის მომხმარებლებს რეალურ დროში საფრთხეების აღმოჩენასა და მათთან გამკლავებისათვის გადაწყვეტების მოძებნაში ეხმარება. ამისათვის Wiz-ი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
2023 წელს სტარტაპმა $350 მილიონის მოცულობის შემოსავლები მიიღო. Wiz-ის პარტნიორების 40%-ს კი Fortune 100 კომპანიები წარმოადგენენ. სტარტაპი ისეთ ქლაუდ-პროვაიდერებთან მუშაობს, როგორიცაა Amazon-ი და Microsoft-ი. მის მომხმარებლებს კი Morgan Stanley და DocuSign-ი წარმოადგენენ. კიბერუსაფრთხოების კომპანიამ ცოტა ხნის წინ კერძო ინვესტიციის სახით დამატებით $1 მილიარდი მოიზიდა, რითაც სტარტაპის ღირებულება $12 მილიარდად შეფასდა.
ჯერჯერობით კომპანიები პოტენციური შერწყმის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. ამჟამად Wiz-ს აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ისრაელში 900 თანამშრომელი ჰყავს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი დამატებით 400 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
საინტერესოა, რომ 2024 წელს M&A-მიმართულებაში ყველაზე დიდი წილი ტექნოლოგიის სექტორზე მოდის. Dealogic-ის მონაცემებით, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში შერწყმის გარიგებების მოცულობა წლიდან წლამდე 42%-ით გაიზარდა და $327 მილიარდი შეადგინა.