რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შემდეგ Amazon-მა მკითხველებს პირველი ფერადი Kindle-ი წარუდგინა. Kindle Colorsoft-ის ღირებულება $280 იქნება და ის კონკურენტებთან შედარებით საშუალო საფასო კატეგორიაშია წარდგენილი. Kindle-ის მსგავსი მოწყობილობების ღირებულება $150-330-ის ფარგლებში მერყეობს.
Amazon-ის განცხადებით, Kindle Colorsoft-ის ფერად გამოსახულებას LED და სხვა სახის ტექნოლოგიები განაპირობებს. Amazon-ი საკუთარ მოწყობილობაში აღნიშნული ინოვაციის დანერგვაზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს. აქამდე კომპანია ფერადი გამოსახულების მიღებას elnk-ტექნოლოგიით ცდილობდა, რომელიც Kindle-ის სტანდარტულ ვერსიებში ენერგოეფექტიანობის მიზნით გამოიყენებოდა. თუმცა ფერადი გამოსახულების მიღება ელემენტის დაზოგვის ხარჯზე ვერ ხერხდებოდა.
Amazon-ის განცხადებით, ახალი Colorsoft-ის ელემენტის ხანგრძლივობა 8 კვირამდე იქნება. შედარებისათვის, Kindle-ის უახლესი მოდელის, Paperwhite-ის ელემენტის ხანგრძლივობა 3 თვემდეა.
კომპანიამ Kindle-ის ფერად ვერსიასთან ერთად Paperwhite-ისა და Scribe-ის უახლესი ვერსიებიც წარადგინა. ამ უკანასკნელის განახლება მომხმარებლების მიერ კითხვისას გაკეთებული ჩანიშვნების ცალკე დოკუმენტად გარდაქმნას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ კითხვის ელექტრონულ საშუალებებში Amazon-ის Kindle-ი კვლავ ლიდერია და გლობალური ბაზრის ¾-ს ფლობს. კომპანიის ბიზნესგეგმა მოწყობილობის მაქსიმალურად ხელმისაწვდომად, თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასად გაყიდვას ითვალისწინებს. მოგებას კი კომპანია მეტწილად მომხმარებლების მიერ შეძენილი წიგნებით ან სხვა საკითხავი მასალისგან იღებს.
კითხვის ელექტრონულ საშუალებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს გაიზარდა, როდესაც ბიბლიოთეკებმა წიგნების გატანის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდეს. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის საუკეთესო ალტერნატივა Kindle-ის მსგავსი მოწყობილობები აღმოჩნდა. ახალი Kindle Colorsoft-ის შეძენა მსურველებს 30 ოქტომბრიდან შეეძლებათ.