ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Amazon-მა უახლესი Kindle-ი წარმოადგინა: Kindle Paperwhite-ს, რომელიც წინა თაობის ორი მოდელის, სტანდარტული Kindle-ისა და Kindle Oasis-ის ფუნქციონალს აერთიანებს, დიდი, 6.8-დუიმიანი ეკრანი და 300 ppi-იანი დისპლეი აქვს, რომლის დახმარებით სიბნელეში კითხვა აღარ გაგიჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ეკრანის ზომის გაზრდის მიუხედავად, მოწყობილობის პარამეტრები არ შეცვლილა – ის ისეთივე ზომის დარჩა.
სხვა ყველაფერთან ერთად, Kindle Paperwhite-ი უახლესი USB-C პორტით არის აღჭურვილი, რომლითაც მოწყობილობის ელემენტების 25%-მდე დამუხტვას 15 წუთში, ხოლო სრულად დამუხტვას – ორსაათ-ნახევარ შეძლებთ. თუმცა, ზოგადად, ელემენტის დამუხტვა არცთუ ისე ხშირად დაგჭირდებათ, რადგან, როგორც წესი, მან ათი კვირა უნდა გაძლოს. გარდა ამისა, Kindle Paperwhite-ის პროცესორი 20%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის Kindle-ბთან შედარებით და თან, ის წყალგაუმტარიცაა. Kindle Paperwhite-ს 8 გიგაბაიტის მოცულობის შიდა მეხსიერება და ბლუთუზის მხარდაჭერა აქვს, რაც ხმოვანი წიგნების კითხვაში შეგიწყობთ ხელს.
აღსანიშნავია, რომ Kindle-ის უახლესი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, სწორედაც რომ Paperwhite-ისთვის შეიქმნა – განახლებული ინტერფეისის, უფრო სწრაფი პროცესორისა და უფრო დიდი ეკრანის წყალობით, Kindle-ის დახმარებით წიგნების კითხვა ისე გაგიმარტივდებათ, როგორც არასდროს.
გარდა Kindle Paperwhite-ის საბაზისო მოდელისა, Amazon-ი ორ დამატებით მოდელს აანონსებს: Kindle Paperwhite Signature Edition-ს – 32-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით, სინათლის შთამნთქავი ავტომატური სენსორითა და უკაბელო დამტენით, და Kindle Paperwhite Kids-ს, რომელზეც სრული ორწლიანი გარანტია ვრცელდება – თქვენი ბავშვის მოწყობილობას რაც უნდა მოუვიდეს, Amazon-ი ახალს გამოგიგზავნით.
Amazon-ის Kindle-ების უახლესი თაობის მოწყობილობების წინასწარი გაყიდვა უკვე დაწყებულია: სტანდარტული Kindle Paperwhite $139 ღირს, Kindle Kids – $159, ხოლო Signature Edition – $189.