ამერიკელი მილიარდერების ქონება პანდემიის დროს $1.1 ტრილიონით გაიზარდა. ეს კი მათი ქონების 40%-იან ზრდას ნიშნავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუპერმდიდრებმა არამხოლოდ დანაკარგები აღადგინეს გაზაფხულის შემდეგ, არამედ კიდევ უფრო მდიდრები გახდნენ, ვიდრე პანდემიამდე იყვნენ. ეს კი ამერიკელი მილიარდერების დიდ ნაწილს ეხება. მაგალითად, ელონ მასკი $155 მილიარდით გამდიდრდა, ვინაიდან მისი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება რეკორდულად გაიზარდა.
660 ამერიკელი მილიარდერი ახლა $4.1 ტრილიონს ფლობს ერთდროულად, ეს ორი მესამედით მეტია ამერიკის მოსახლეობის 50%-ის საერთო ქონებაზე.
მდიდრების გამდიდრების პარალელურად, 2020 წლის ბოლო ექვს თვეში რვა მილიონზე მეტი ამერიკელი სიღარიბეში აღმოჩნდა. ეს 1960-იანი წლების შემდეგ სიღარიბის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ამასთანავე ნათელია, რომ მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები უფრო მეტად მოწყვლადები არიან. მაგალითად, ფერადკანიანი მოსახლეობის სიღარიბე 5.4 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია დღეს, ვიდრე 2020 წლის ივნისში. ასევე, იმ ადამიანების სიღარიბის დონე, რომელთაც მხოლოდ საშუალო სკოლის განათლება აქვთ, 22.5%-ით გაიზარდა.
ვითარება განსხვავებულია შტატების მიხედვითაც. ფლორიდის, მისისიპის, არიზონას და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში ყველაზე მეტად გაიზარდა სიღარიბის დონე. კვლევები ცხადყოფს, რომ სიღარიბის დონე იმ შტატებში უფრო გაიზარდა, სადაც ნაკლებად ეფექტური უმუშევრობის დაზღვევის სისტემები არსებობს.