ამერიკის ყველაზე დიდი მანიპულატორი მილიარდერი

ამერიკის ყველაზე დიდი მანიპულატორი მილიარდერი

ამბავი კულისებიდან იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ბობ ბროკმენმა – მალულმა მილიარდერმა, რომელიც, სავარაუდოდ, გადასახადების თავიდან არიდების უდიდესი ამერიკული სქემის სულისჩამდგმელია – ე.წ. „დარტ ვეიდერის კონტრაქტები“, რათა ავტოდილერებისთვის საჭიროზე მეტი თანხები გადაეხდევინებინა და რობერტ ფ. სმიტის კერძო სააქციო კაპიტალის იმპერია დაეფინანსებინა.

იქიდან მოყოლებული, რაც 1908 წელს FORD MOTOR COMPANY-მ თავისი MODEL T-ის გაყიდვა დაიწყო, ძალიან ცოტა ტექნოლოგიური სისტემა თუ ყოფილა ავტოდილერთა მოგების მარჟებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც DOCUPAD-ია.

გაყიდვების წარმომადგენლის სამუშაო მაგიდაზე 45-29-ზე ინჩის ბრტყელი ეკრანი დევს, ეს კი მას აღჭურვავს შესაძლებლობით, სწრაფად დაიყოლიოს მომხმარებლები, არადა, სხვა შემთხვევაში, ამ მიზნისთვის ქაღალდების ზვინები იქნებოდა საჭირო. DocuPad-ი მანქანის მყიდველებს საშუალებას აძლევს, შესაბამისი პუნქტები სტილუსით მონიშნონ, ხოლო კონტრაქტებს ხელი ინტერაქტიურ ეკრანებზე მოაწერონ. ამით DocuPad-ი მანქანის გამყიდველის საქმიანობას მისთვის დამახასიათებელ თავის ტკივილს აცლის და, შედეგად, მეტ ფულს იღებს მომხმარებლისაგან.

2019 წელს, სასამართლოსთვის მიცემულ ზეპირ ჩვენებაში, მალულობის მოყვარულმა 79 წლის რობერტ ბროკმენმა, რომლის კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Reynolds and Reynolds-ი DocuPad-ს ყიდის, იშვიათი შანსი მოგვცა და მანქანების გაყიდვათა მიკროეკონომიკაში შეგვაჭვრიტა. ბროკმენის თქმით, DocuPad-ი ფინანსურ მენეჯერებს საშუალებას აძლევს, თითო ტრანზაქციაში აღებული თანხა ტიპურზე, სულ მცირე, $200-ით მეტი იყოს და ეს იმ ბიზნესში, სადაც მარჟები ყოველი გაყიდული ან ქირით გაცემული მანქანისთვის, როგორც წესი, ყოვლად უმნიშვნელოა. „DocuPad-ის საწყისი ხარჯების ამოღება ძალიან, ძალიან სწრაფად შეგიძლია, – თქვა ბროკმენმა და იგულისხმა პროგრამული უზრუნველყოფის ამუშავებისთვის საჭირო $10,000-ის ტოლფასი საკომისიო, პლუს $1,000 მიმდინარე თვიური ლიცენზიისა. – მერე კი, ამ მომენტიდან, ის მოგებათა მასიურ გენერატორად იქცევა“.

ბუნებრივია, დილერს DocuPad-ის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის ბროკმენის ერთ-ერთი ინტეგრირებული სადილერო მენეჯმენტ-სისტემის ლიცენზიასაც ფლობს. მხედველობაში გვაქვს მისი ციფრული პლატფორმები, რომლებიც ლამის ყველაფრისთვისაა – ავტონაწილების ინვენტარითა და სერვისის დაგეგმვით დაწყებული, მანქანებით დასრულებული, ათასობით მანქანის გაყიდვას რომ უზრუნველყოფს ტიპური გარიგებისას. როცა ათასობით დილერი მრავალწლიან კონტრაქტებში გყავს გამომწყვდეული, ეს საკომისიოები $1 მილიარდად იქცევა, წლიური შემოსავალი კი $300 მილიონად (გათვლების თანახმად). და ამ ყველაფრის 98%-ს საკუთრივ ბროკმენი აკონტროლებს ოფშორული ტრასტის მეშვეობით – წილს, რომელიც $3 მილიარდს უტოლდება.

მილიარდების ასე უჩუმრად დახვავების ეს უნარი მძიმე დაბრკოლებას 2020-ის ოქტომბერში წააწყდა, როცა ბროკმენი ამერიკულ ისტორიაში გადასახადებისთვის თავის არიდების ყველაზე მსხვილი სქემის სულის ჩადგმაში იქნა დადანაშაულებული: მას აშშ-ის საგადასახადო სამსახურისგან (IRS-ისგან) ბოლო ოცი წლის მანძილზე დაახლოებით $2 მილიარდის დამალვას ედავებოდნენ. ბროკმენმა არ აღიარა დანაშაული და ახლა $1 მილიონის გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია. არც ბროკმენი და არც მის ადვოკატები არ გამოხმაურებიან Forbes-ს ინტერვიუებთან დაკავშირებით.

ეს სავარაუდო სქემა ბროკმენს იმ მოგებათა დამალვაში დაეხმარა, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სააქციო კაპიტალის ფირმიდან იღვრებოდა. იგულისხმება ოსტინში (ტეხასი), ამერიკის ყველაზე მდიდარი ფერადკანიანის, რობერტ ფ. სმიტის მიერ დაფუძნებული Vista Equity Partners-ი. გასულ ოქტომბერს სმიტმა იუსტიციის დეპარტამენტთან ე.წ. არასაბრალდებო ხელშეკრულება დადო და აღიარა გადასახადებთან დაკავშირებული არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული, რომლებიც ბროკმენის განკარგულებით შექმნილ საიდუმლო ოფშორულ ანგარიშებთან იყო მიბმული. 2000-იანებიდან მოყოლებული, ბროკმენმა, კაპიტალის სახით, $1 მილიარდი გაიღო Vista-ს პირველი ფონდისთვის და სმიტს კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესის დელიკატური დეტალები ასწავლა. ის Vista-ს $73-მილიარდიანი (კერძო სააქციო კაპიტალის სახით) ფონდებიდან რამდენიმეში კვლავაც ფლობს მსხვილ წილებს. სმიტმა უკვე გადაიხადა რეკორდული ოდენობის $139 მილიონი, IRS-ის ტვირთი რომ მოეხსნა მხრებიდან, და გამომძიებლებთან თანამშრომლობასაც დასთანხმდა თავისი ძველი კეთილისმყოფლისა და მენტორის წინააღმდეგ წარმართულ სასამართლო საქმეში.

ამ საგას კრიმინალური რომანისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი დრამა და ინტრიგა ახლავს, საქმეში გარეული Playboy-ს მოდელით, ოფშორული ანგარიშების ქსელითა და დაშიფრული იმეილ-სისტემითურთ, რომელშიც ბროკმენი სმიტს „ცისარტყელა-კალმახად“ მოიხსენიებდა, ხოლო ბროკმენის ადვოკატი, ავსტრალიელი ევატ ტამინი, რომელსაც ნომინალურად მილიარდერის ნდობით აღჭურვილი პირის ფუნქცია ჰქონდა, „ზღვის ქორჭილას“ სახელით იყო ცნობილი. IRS-ს „სახლს“ ეძახდნენ, ბროკმენს კი, პირამიდის წვერზე მყოფს, „მრგვალ პომპანოს“.

Forbes-ის თვეების განმავლობაში მიმდინარე გამოძიება ააშკარავებს, რომ ზემოხსენებული გადასახადებისთვის თავის არიდება არც პირველი და არც ერთადერთი ცოდვაა, რაც კი შეიძლება, ბროკმენს ჩაედინა თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე. $6 მილიარდის (გათვლებით) ქონების დაგროვების გზაზე, ამ ჰიუსტონში დაფუძნებულ ანტრეპრენიორს ავტოდილერთაგან ასობით საარბიტრაჟო და სასამართლო სარჩელის ნაკვალევი აქვს დატოვებული – ავტოდილერთაგან, რომლებიც მის მომხმარებელთა ბირთვს წარმოადგენენ და რომლებიც ამბობენ, რომ მისმა არაკეთილსინდისიერმა ტაქტიკებმა ისინიც გააბითურა სხვა ასობით მილიონ ადამიანთან ერთად.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ფიზიოთერაპევტისა და ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონის ოჯახში დაბადებული რობერტ ბროკმენი სენტ-პიტერსბურგში (ფლორიდა) გაიზარდა, 1963 წელს კი წარჩინებით – summa cum laude-თი – University of Florida დაამთავრა და ამ უნივერსიტეტის საპატიო ბიზნესსაზოგადოების წევრადაც მოგვევლინა. აშშ-ის საზღვაო რეზერვში მსახურების პარალელურად, ის Ford-ის მარკეტინგის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო 1966-ში IBM-ს შეუერთდა და ავტოდილერებისთვის ე.წ. მეინფრეიმ-კომპიუტერების სერვისთა მიყიდვით ვარსკვლავადაც იქცა.

1970 წელს ის IBM-იდან წამოვიდა, ჩაუშვა Universal Computer Services-ი (UCS-ი) და პროგრამირებაც თავადვე ისწავლა. ეს იმ პერიოდში, როცა პროგრამირება უშველებელ მანქანებში პერფორაციული ბარათების დასტათა შეყვანას გულისხმობდა. მალე ის დილერებს ავტონაწილების ინვენტართან დაკავშირებით ყოველკვირეული ნაბეჭდი ცნობარებით ამარაგებდა.

„ბროკმენი პირველი პროვაიდერი იყო, რომელმაც მფლობელს საშუალება მისცა, მისი ათი სადილეროს ფინანსური განაცხადების სინთეზირება ერთში მოეხდინა. ამას ის 1980-იანებში აკეთებდა“, – მოხიბლული აღნიშნავს პოლ გილრი – ავტოინდუსტრიის ვეტერანი კონსულტანტი. 1980-იანების ბოლოსთვის ბროკმენს სადილეროებში ათობით კომპიუტერი ჰქონდა დამონტაჟებული და მან შემოიტანა ის, რაც მისი პროგრამული უზრუნველყოფის საკვანძო ოპერაციულ სისტემად რჩება – Power-ი. თავის პირად ვებგვერდზე ბროკმენი, რომელიც 21 პატენტს ფლობს, წერდა: „გულის სიღრმეში მე ისევ პროგრამისტი ვარ და მართალია, აქტიური პროგრამირებისთვის მრავალი წლის წინ მომიხდა თავის მინებება, დღემდე ძალიან მჭიდროდ ვარ ჩართული ჩვენს პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაში“.

1990-იანების დასაწყისში Ford-მა გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა IT-ბიზნესში ყოფნა, ჰოდა, Dealer Computer Services-ი ბროკმენის Universal Computer Services-ს (UCS-ს) მიჰყიდა $103 მილიონად. ხელშეკრულებას დათქმა ახლდა თან: Ford-ი ბროკმენს საშუალებას მისცემდა, ხუთი წლის მანძილზე ინკოგნიტოდ გამოეყენებინა მისი ლოგო – Ford-ის ლურჯი ოვალი, მისი ბრენდი, Ford-ისლოგოიანი ბლანკი-ქაღალდები, მისი მისამართი და მეტიც, იგივე თანამშრომლები.

„როცა მართვის სადავეები ბროკმენმა გადაიბარა, სიტუაცია მდუღარე წყალში ჩავარდნილ ბაყაყს დაემსგავსა, – ამბობს მრჩეველი, რომელიც დილერებს საარბიტრაჟო საკითხებთან დაკავშირებით უწევდა კონსულტაციებს. – Ford-ი საოცრად დაუძაბავად და იოლად საურთიერთო იყო. დილერები მას ენდობოდნენ და ისიც საგულდაგულოდ ზრუნავდა მათზე“. დილერებს ტექნოლოგიური განახლებები მოეწონათ… იმ ეპოქის მოუქნელი მონიტორებიც კი ჯაბნიდა მიკროფიშებსა და აუარებელ ქაღალდს, რასაც ეს ადამიანები იყვნენ მიჩვეულები. „ბროკმენმა ყველაფრის კომპიუტერიზება მოახდინა, აღმატებული სისტემა შექმნა“. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, მან ეს კეთილგანწყობა ბერკეტად გამოიყენა და დილერებს გაგრძელებულ კონტრაქტებზე მოაწერინა ხელი „განზრახვით, რომ დილერები მასთან მას მერეც დარჩენილიყვნენ, რაც მათ კომპიუტერულ სისტემებს ვადა გაუვიდოდათ, სისტემური განახლებებისთვის კი მათთვის ბლომად თანხა გამოერთმია”. დილერები გაცეცხლდენ, როცა გააცნობიერეს, რომ სინამდვილეში Ford-თან არც კი ჰქონიათ საქმე… და როცა გააცნობიერეს, რომ, ფაქტობრივად, არ შეეძლოთ, თავი დაეღწიათ ისეთი ძვირი გადასახადებისგან, როგორიც $12,000 იყო 500-მეგაბაიტიანი ჰარდ-დრაივის დაყენების სანაცვლოდ ან $2,4000 – პრინტერისთვის.

როცა ბობ ბროკმენმა მილიარდდოლარიანი „აიღე ან შეეშვი“-სქემის პირისპირ დააყენა, ბობოლა რობერტ ფ. სმიტი, ასევე ცნობილი, როგორც „ცისარტყელა-კალმახი“, ანკესს წამოეგო. / ფოტო: MARTIN SCHOELLER FOR FORBES

მათ, ვინც კონტრაქტებიდან გასვლა სცადა, ბროკმენის იურიდიული გუნდის ელექტროხერხით დაუხვდნენ. მას შექმნილი ჰქონდა ის, რასაც ინდუსტრიაში ჩახედული ერთი პირი „დარტ ვეიდერის კონტრაქტს“ უწოდებს, ვინაიდან ეს კონტრაქტი მის იურისტებს მეამბოხე დილერების განადგურების საშუალებას აძლევდა. არაერთი განახლება თუ ახალი სერვისი მნიშვნელოვნად გაგრძელებულ-შეცვლილი კონტრაქტების ხარჯზე იყო შესაძლებელი. როგორც გილრი ამბობს, „როცა გაქვს კონტრაქტი, რომელიც მომხმარებელზე 30-წლიან მონოპოლიას განიჭებს, სხვა არაფრის მოსმენა აღარ გჭირდება“.

2010-ში, ფრესნოში (კალიფორნია) დაფუძნებულმა ანტრეპრენიორმა, ჯეი გილმა, რომელსაც ათი სადილერო ჰქონდა, აღმოაჩინა, რომ $3 მილიონი ჰქონდა გადასახდელი Livermore Auto Group-ის შესყიდვის სანაცვლოდ, რომელიც თვეში $35,000-ს უხდიდა ბროკმენის კომპანიას. მორიგდნენ, რომ გილი ამის ნახევარს გადაიხდიდა. „ბროკმენი ფულს ხალხის გაბითურებით აკეთებს, – ამბობს გილი. – როცა კი რამეს ითხოვდი ან რამე დაგჭირდებოდა, ავტომატურად გიხანგრძლივებდა კონტრაქტს ისე, რომ ეს არც იცოდი. 12 ინჩის სისქის კონტრაქტი როცა გაქვს, ეს ინფორმაცია სადღაც შუაში არის დამალული“.

„როცა მართვის სადავეები ბროკმენმა გადაიბარა, სიტუაცია მდუღარე წყალში ჩავარდნილ ბაყაყს დაემსგავსა. Ford-ი იოლი საურთიერთო იყო და დილერები მას ენდობოდნენ“.

გაკოტრების საფრთხეც კი ვერ ათავისუფლებდა დილერებს ბროკმენის ბორკილებისგან. როცა ორვილ ბეკფორდი, ფლორიდელი ფერადკანიანი დილერი პრობლემებში იყო ჩავარდნილი, Ford-ის მხრიდან რეკაპიტალიზაციის მიუხედავად, ბროკმენმა ფული Ford-ს მოსთხოვა და წერილში მწვავედ გააკრიტიკა კომპანია – მისივე სიტყვებით, უხეირო მენეჯერის დაფინანსებისთვის: „სიამოვნებით ავარიდებდი ამას თავს… თუმცა, რადგან ამ დილერს „შანტაჟის“ ფულს ვერ გადავუხდი, ისღა დამრჩენია, მას სამართლებრივად ვებრძოლო და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო“. ბეკფორდმა ბროკმენს ცილისწამებისთვის უჩივლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში $250,000 მოუგო.

წლების განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლო საქმეებში ჩაძირულ 100-ზე მეტს დილერს უარი აქვს ნათქვამი ბროკმენის კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევისთვის ფულის გადახდაზე და, შედეგად, მათ ფედერალურ სასამართლოებში ამოუყვიათ თავი. „სამწუხაროდ, ეს მონსტრი Ford-მა შექმნა, – ამბობს გილი. – დანამდვილებით ვიცი, რომ ამ ტიპთან ბიზნესს არ გავაკეთებდი, სულ რომ უფასო იყოს“.

გარიგებებში გაწაფულ რობერტ სმიტს მსგავსი დათქმები არ ჰქონია, როცა 1990-იანების მიწურულს ბროკმენი გაიცნო. Columbia Business School-ის ახალი კურსდამთავრებული და Goldman Sachs-ის საინვესტიციო საბანკო განყოფილების ამომავალი ვარსკვლავი, სმიტი, ბროკმენს მის პროგრამული უზრუნველყოფის მზარდ ბიზნესში საკონტროლო წილის ყიდვაზე ელაპარაკებოდა.

ბროკმენს Goldman-ის დაფინანსება არ სჭირდებოდა. მის UCS-ს უხვად ჰქონდა ჭარბი ნაღდი ფული… რომლის განაწილება „ბიძია სემისთვის” აშკარად არ სურდა. სმიტის ე.წ. არასაბრალდებო შეთანხმებაში არსებულ ფაქტობრივ მტკიცებულებათა დოკუმენტის თანახმად, რომელიც სმიტის მიერვეა ხელმოწერილი, ბროკმენი ამ უკანასკნელის საწყის დაფინანსებას დათანხმდა. ლაპარაკი იყო $1 მილიარდზე Vista Equity Partners-ის ჩაშვებისთვის 2000 წელს – იმ პირობით, რომ სმიტი ბროკმენთან ითანამშრომლებდა და ერთად შექმნიდნენ იმას, რასაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უწოდებს „შეთქმულებას, სქემას და მაქინაციას თაღლითობისთვის”.

1997 წელს ბროკმენმა, თავისი ბერმუდაში დაბინავებული A. Eugene Brockman Charitable Trust-ის მეშვეობით, ჰოლდინგ-კომპანია Spanish Steps Holdings-ი წამოიწყო ნევისში. Spanish Steps-ის ქოლგის ქვეშ, მან ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე შექმნა კომპანია, სახელად Point Investments-ი. ეს ფირმა Vista-ს ინვესტიციებისთვის ბროკმენის ნდობით აღჭურვილი მყიდველის ფუნქციას შეითავსებდა. სმიტის განცხადების მიხედვით, ბროკმენი, ე.წ. „აიღე ან შეეშვი“-ტიპის შეთავაზებაში, დაჟინებით ითხოვდა, რომ სმიტი Vista-ს საწყის ფონდში, Vista Fund II-ში, მისი მოგებათა წილის ნახევრის მფლობელი გამხდარიყო „სამართლებრივად იდეალური უცხოური ტრასტის” მეშვეობით, როგორიც მისივე ტრასტი გახლდათ. სავარაუდოდ, ამ გზით, ბროკმენი თავს მშვიდად იგრძნობდა და ეცოდინებოდა, რომ ისინი ერთად იყვნენ საქმეში.

„სარკეში რომ ჩაიხედავ და გონება გაგინათდება, ასეთი მომენტი დამიდგა, – ეუბნებოდა 58 წლის სმიტი Forbes-ს მთავარი სტატიისთვის მიცემულ ინტერვიუში, 2018 წელს, ანუ იმ დროს, როცა კრიმინალზე ჯერ არავითარ მინიშნებას არ ჰქონდა თავი ამოყოფილი. – შევხედე საკუთარ თავს და დავსვი კითხვა, ახლა თუ არ გავაკეთე ეს, ათი წლის შემდეგ რას ვიფიქრებ-მეთქი“. მისი განცხადების თანახმად, მან იმჟამინდელი ცოლის, სიუზან მაქფეიდენის, ნათესავს ბელიზში ტრასტი, Excelsior-ი, შეაქმნევინა, რომლის მეშვეობითაც სმიტი თავის ოფშორულ საინვესტიციო კომპანია Flash Holdings-ს აფინანსებდა.

ლეგალურიცაა და ნორმალურიც, როცა კორპორაციები საგადასახადო შეღავათების მქონე ადგილებში აფუძნებენ თავიანთ შვილობილებს, რათა პატენტებისა და სხვა მაღალმარჟიანი ინტელექტუალური საკუთრების ფლობა შეძლონ… ასე, მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები დიდი ხანია, საკუთარ IP-ს ირლანდიაში აბინავებენ. ანალოგიურად, ჰეჯ-ფონდები და კერძო სააქციო კაპიტალის ინვესტორები ოფშორულ ტრასტებს ქმნიან, რომლებშიც მოგებათა წილებიდან მიღებულ თანხებს უშვებენ. მსგავსი სტრუქტურების ლეგალურობა, როგორც წესი, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აკონტროლობენ საბოლოო ბენეფიციარები აქტივებს და რას აკეთებენ ამით.

ბროკმენს გაუვიდოდა თავისი ბიზნესის A. Eugene Brockman Charitable Trust-ის მეშვეობით ფლობა, რომ მოეხერხებინა და ეჩვენებინა, რომ პასიური ბენეფიციარი იყო, კონტროლზე შეშლილი ტიპი კი არა, რაშიც მას სმიტი სდებს ბრალს. „სმიტისთვის ცხადი გახდა, რომ, მართალია, დოკუმენტები საპირისპიროს მიუთითებდა, ინდივიდი A [ბროკმენი] სრულად აკონტროლებდა ინდივიდ A-ს უცხოურ ტრასტსა და მასთან ასოცირებულ უცხოურ კომპანიებს და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა მის ტრანზაქციებსა და ინვესტიციებთან დაკავშირებით”. ეს, ცხადია, მოიცავდა გადაწყვეტილებასაც, ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო IRS-ისთვის. როგორც 2019 წელს ბროკმენმა სასამართლო ჩვენებაში აღნიშნა, „ალბათ თავადაც ხვდებით, რომ დეტალებში ვარ ჩაბმული, ძალიან ინტენსიურად“.

თავის განცხადებაში, სმიტი განმარტავს, რომ მას ჰქონდა სტიმული, ბროკმენის $1 მილიარდზე უკუგებები უზრუნველეყო, ვინაიდან ბროკმენს ჰქონდა ძალაუფლება, ის ჩაენაცვლებინა, ამისთვის კი Vista-ს აიძულებდა, მათი გენერალური პარტნიორობის საკონტროლო წილები მისთვის მიეყიდა, მისთვისვე ხელსაყრელ ფასად. ბროკმენი სმიტს რკინის ხელით აკონტროლებდა… ზუსტად ისე, როგორც აკონტროლებდა ავტოდილერებს.

ბროკმენის კაპიტალით, Vista Fund II-მა ისეთი ბიზნესები შეისყიდა, როგორიცაა SirsiDynix-ი, Applied Systems-ი, BigMachines-ი, Brainware-ი, Surgical Information Systems-ი და SER Solutions-ი. ბროკმენი აქტიურად იყო ჩართული Vista-ს გუნდისთვის განკარგულებების მიცემაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი „რეცეპტების წიგნის“ გამოყენება; იგულისხმება ხარჯების შემცირებასა და პროდუქტის კონსოლიდირებაზე ფოკუსირებული ოპერაციული პრინციპები. იმ პირის თანახმად, ვინც Vista-ს ადრეულ ეტაპზე ახლოდან იცნობდა, ამ კერძო სააქციო კაპიტალის პერსპექტიულმა ფირმამ, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების შესყიდვისა და მათი გაზრდის მიზნით, ბროკმენისგან ნასწავლი IBM-ის მიდგომა – პროცესზე ორიენტირებული მიდგომა – გამოიყენა: „ყველაფერი, რაც Vista-მ პროგრამულ უზრუნველყოფაზე იცის, ბობ ბროკმენის დამსახურებაა“.

Vista-ს მიერ გამოყენებული ერთი ჭკვიანური სტრატეგია პროგრამული უზრუნველყოფების დაგროვებაში მდგომარეობს. აიღეთ, მაგალითად, Vista-ს პორტფოლიოში უწინ შემავალი, ატლანტაში მდებარე კომპანია Ventyx-ი – ინდუსტრიული მენეჯმენტის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ფოკუსირებული ფირმა. 2005-ში Vista-მ $70 მილიონი გადაიხადა MDSI-ში, 2007 წელს Indus-ი დაიმატა $240 მილიონად, მერე კი ეს ორივე Ventyx-ში გააერთიანა. ამას მოაყოლა Global Energy Decisions-ი, New Energy Associates-ი და Tech-Assist-ი, რათა საკვანძო აპლიკაციები და საბაზრო წილი დაემატებინა. შემდეგ, 2010-ში, Vista-მ Ventyx-ი შვეიცარიულ ენერგო- და ავტოგიგანტ ABB-ს მიჰყიდა $1 მილიარდად. ხოლო მიღებული თანხებიდან $799 მილიონი Vista-მ შვეიცარიულ ბანკ Mirabaud-ში გადაიტანა, რომელსაც ბროკმენის Point Investments-ი აკონტროლებდა.

ბროკმენი მაშინაც გამოჩნდა, როცა Vista ნდობით აღჭურვილ მყიდველად გამოიყენა სადილერო პროგრამული უზრუნველყოფის სხვა პროვაიდერთა საყიდლად. 2005-ში UCS-მა სატელეფონო ზარებისთვის თვალის მისადევნებელი და მათი გასაზომი კომპანია Callbright-ი შეისყიდა. მომდევნო წელს Vista Fund II-მა (ანუ ბროკმენის ფულით) Callbright-ის მეტოქე Who’s Calling-ი იყიდა, რომელიც მოგვიანებით ასევე ბროკმენს მიჰყიდა. Preqin-ის თანახმად, სმიტის პირველი Vista-ფონდი, 2000-ში ჩაშვებული, წელიწადში 29%-ზე მეტ უკუგებას იძლეოდა. თუ ეს მართლაც ასეა იყო, გამოდის, რომ ბროკმენმა და სმიტმა საწყისი $1 მილიარდი, სულ მცირე, გააათმაგეს.

მანამ ბროკმენი Vista-ს ზრდას კულისებიდან დირიჟორობდა, მისი ბიზნესი იფურჩქნებოდა. 2005 წელს, 2,600 თანამშრომლის პირობებში, მისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის შემოსავალმა, გავრცელებული ცნობებით, $530 მილიონი შეადგინა, მოგებებმა კი $100 მილიონი. მისი ავტონაწილების კომპიუტერიზებული კატალოგი Ford-ისა და Lincoln-Mercury-ს თითქმის 2,500 სადილეროში იქნა შეტანილი. მაგრამ ბროკმენი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: Ford-ს ავტონაწილების მისეული ელექტრონული კატალოგი შეექმნა. 2005-ში Ford-ი ბროკმენის ექსკლუზიური ლიცენზიის განახლებაზე უარს ამბობდა იმ შემთხვევაში, თუ ბროკმენი მიმდინარე კონტრაქტებს სამ წელიწადში არ დაასრულებდა. ბროკმენმა Ford-ს უჩივლა – მას ანტიტრასტული კანონების დარღვევაში ადანაშაულებდა, თუმცა, რაღაც მომენტში, სარჩელი სასამართლოდან გამოიტანა.

ახლა, როცა ბროკმენის ექსკლუზიური ხელშეკრულება დასრულებულიყო, მას ამ ბიზნესის ჩასანაცვლებლად რაღაც უნდა ეღონა. ადგა და საქმეში სმიტი ჩართო, რათა ეს უკანასკნელი მისი კარიერის მთავარ გარიგებაში დახმარებოდა. იგულისხმება 2006 წელს ოჰაიოს Reynolds and Reynolds-ში საკონტროლო წილის შესყიდვა გარეშე კაპიტალით, $2.4 მილიარდად. ბროკმენმა, სააქციო კაპიტალის სახით, $300 მილიონი გაიღო, Vista-მ $50 მილიონი დაამატა (ბროკმენისვე ფულიდან), სესხით კი Deutsche Bank-ი დაეხმარა. ინდუსტრია შოკში ჩავარდა: ეგონათ, რომ UCS-ს თავად Reynolds-ი იყიდდა, რომელიც გაცილებით დიდი ზომისა იყო, და არა პირიქით. ახლა ბროკმენს ათასობით ახალი კლიენტი ჰყავდა, რომლებზედაც თავის დარტ ვეიდერის კონტრაქტებს გაავრცელებდა.

კორპორაციულ კულტურაში თითქმის მყისვე უთანხმოება წარმოიქმნა. საზღვაო ფლოტის ყოფილი სამხედრო, თავშეკავებული რეინოლდსი არ მოსწონდათ დაუძაბავ Reynolds-ში. მან თანამშრომლებს მოწევა აუკრძალა, შესვენების დროსაც კი, და, გავრცელებული ინფორმაციით, აღრიცხავდა დროს, რასაც პერსონალი ტუალეტში ატარებდა. სასამართლო ჩვენებაში, ბროკმენმა საკუთარ ფრუსტრაციაზე ილაპარაკა კომპანიის მონაცემთა უსაფრთხოების გამო: „Reynolds-ში რომ მივედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება იატაკის წმენდა-გაპრიალებაში მქონდა გატარებული. და ახლა მემკვიდრეობით მერგო სახლი, რომლის იატაკზე ორი ინჩის სიღრმის წყალი იდგა“.

2008-ში, დიდი რეცესიის დროს, რისკებით დამფრთხალმა ინვესტორებმა Reynolds-ის სესხის გაყიდვა დაიწყეს. მისი კომპანიის ვალები სულ რაღაც 35 ცენტად იყიდებოდა დოლარზე, ეს კი ბროკმენისთვის იმგვარი შესაძლებლობა იყო, ხელიდან რომ ვერ გაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად ჰქონდა ხელი მოწერილი საკრედიტო ხელშეკრულებებზე, რომლებიც მას უკრძალავდა, Reynolds-ს დაქვემდებარებული ვალები ე.წ. შეჩერების უფლებით მოსილ მხარეთა ნებართვის გარეშე ეყიდა, 2009-ში, IRS-ის გამოძიების თანახმად, ბროკმენმა უჩუმრად იყიდა დაახლოებით $20 მილიონი Reynolds-ის ვალებიდან. ამისათვის ბროკმენმა, თავისი ავსტრალიელი იურისტის, ტამინის, მეშვეობით, Edge Capital Investments-ის მფლობელობაში არსებული ფონდები გამოიყენა (Point Investments-ის მსგავსად, Edge-იც კარიბული სტრუქტურა იყო, შექმნილი იმ ტრასტის მეშვეობით, რომელსაც ბროკმენის სტაჟიანი ფინანსური დირექტორი, დონ ჯონსი აკონტროლებდა; ეს, IRS-ის გამოძიების მიხედვით, „ბროკმენის მფლობელობის შესანიღბი“ გზა გახლდათ). ერთი წლის შემდეგ, როცა Deutsche-მ Reynolds-ის ვალის რეფინანსირება შესაძლებელი გახადა, Edge-მა ბროკმენის ფული აანაზღაურა ვალდებულების შესრულებამდე ნომინალურ ფასად, შედეგად კი $72 მილიონი მიიღო ბირჟიდან და ფონდები ოფშორულ ანგარიშებზე შეინახა. შემდეგ კი, IRS-ის გამოძიების ოფიციალური წერილობითი განცხადების თანახმად, „ტამინმა, ბროკმენის დირექტივით, მიღებული თანხებიდან დაახლოებით $57 მილიონი გაათეთრა” ბროკმენის სხვა ანგარიშებისა და კომპანიების მეშვეობით, „მათ შორის, Vista Equity Partners-ის ფონდების“ მეშვეობით.

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ბროკმენის სარფიანი ვაჭრობიდან დარჩენილი ზოგი დაუბეგრავი მოგება მისი პირადი გატაცებების დაფინანსებაზე დაიხარჯა. მისი ასპენთან (კოლორადო) ახლომდებარე რანჩო, Frying Pan Canyon Ranch-ი, $15 მილიონად იქნა შეძენილი. ამასთან, თავის ადვოკატს $33-მილიონიანი 209 ფუტის ძვირფასი იახტის, Albula-ს, ყიდვის განკარგულება მისცა, რომელსაც შვეულმფრენის ასაფრენიც კი ჰქონდა. ბროკმენს, რომელიც ენთუზიასტი მეთევზე და მონადირეა, კერძო თვითმფრინავით კორდობაში (არგენტინა) გადაფრენაც ძალიან მოსწონდა, რათა ამ ჰემისფეროზე მტრედებზე ნადირობის საუკეთესო გამოცდილება მიეღო.

არც სმიტს მოუკლია ცხოვრების სიამტკბილობები. 2009-ში თავის ცოლთან, სიუზანთან ერთად (რომელთანაც 22 წელი იყო დაქორწინებული), შვეიცარიაში გადასახლდა. მომდევნო წელს მან თავისი დაუბეგრავი კაპიტალური მოგებებიდან $30 მილიონზე მეტი შვეიცარიულ Banque Bonhôte-ის ანგარიშზე გადაამისამართა, რომლითაც მეჟევში (საფრანგეთი) ორი ალპური სათხილამურო კოტეჯი იყიდა. ამასთან, ოჯახს სახლები ჰქონდა ტეხასში, კალიფორნიასა და კოლორადოში.

2010 წელს სცენაზე შემოვიდა Playboy-ს წლის Playmate-ი, ჰოუპ დვორაჩიკი, რომელთანაც სმიტს რომანი გაება. ეს ამბავი, რომელიც ცოლმა აღმოაჩინა, ბროკმენის გუნდისთვის მყისვე შეშფოთების საგნად იქცა. 2011-ის აგვისტოში, იუსტიციის დეპარტამენტის გამომძიებელთა მიერ გამჟღავნებული იმეილების თანახმად, ბროკმენის ფინანსური დირექტორი ჯონსი, ასევე ცნობილი, როგორც „მეფე“, ნდობით არჭურვილ ტამინს, ასევე „ზღვის ქორჭილად” ცნობილს, სწერდა: „ბობმა დამირეკა, შეწუხებული იყო რობერტ სმიტის სიტუაციისა და იმ ეფექტის გამო, რაც შესაძლოა, ამ უსიამოვნო განქორწინებას ჰქონდეს ჩვენზე. შევთანხმდით, რომ თუ მისი [სიუზანის] ადვოკატი მისი [სმიტის] ბიზნესის შესწავლას დაიწყებს, პირველი სამიზნე Point-ი იქნება“. მართლაც, განქორწინების პეტიციაში, სიუზან მაქფეიდენი, რომელმაც სმიტი 1980-იანებში გაიცნო, როცა ორივენი Cornell-ში სწავლობდნენ, მათი სახლების სრულ მფლობელობასა და შვილების სრულ ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდა; ითხოვდა იმასაც, რომ ამკრძალველი სასამართლო ბრძანება გამოცემულიყო, რათა მისი შვილები არასდროს ყოფილიყვნენ დვორაჩიკთან ასოცირებულნი და ითხოვდა სმიტის საყვარლის სასარგებლოდ „დახარჯული ყველა თანხის მკაცრ ბუღალტერიას“. დაბოლოს, – რაც ალბათ მისი ყველაზე მძიმე მოთხოვნა იყო – მაკფეიდენის იურისტები ითხოვდნენ, რომ სმიტს გადასახადებთან დაკავშირებით უახლესი, სრულყოფილი ინფორმაცია უზრუნველეყო.

მანამ მისტერ და მისის სმიტები განქორწინებაზე ცდილობდნენ შეთანხმებას, ბროკმენი საქმიდან გასვლის გზებს ეძებდა.

2012-ის მიწურულს ის ძალიან ახლო იყო გარიგების გაჩარხვასთან, რომლითაც Reynolds and Reynolds-ს $5 მილიარდად KKR-ს მიჰყიდდა, მაგრამ უკან დაიხია. 2013-ში ბროკმენმა Reynolds-ის დივიდენდის რეკაპიტალიზაცია სცადა, რაც კომპანიას $5.3 მილიარდის ღირებულებას მიანიჭებდა და ვალს $900 მილიონიდან $4.3 მილიარდამდე გაზრდიდა. Moody’s-ის მაშინდელი შეფასებით, Reynolds-ის „თავისუფალი ფულადი ბრუნვა“ იმ წელს $350 მილიონი იყო, 40%-იანი მარჟებით. გავრცელებული ცნობებით, ბროკმენი, ნაღდი ფულის სახით, $2.5 მილიარდის აღებას აპირებდა. მაგრამ ეს გარიგებაც არ შედგა. უცნაურია, მაგრამ ვალების სისრულეში მოყვანისა და ინვესტორთათვის განაწილების შემდეგ, ყოველგვარი ვაჭრობა შეწყდა და საკითხი მოიხსნა. ბროკმენმა შემდეგ გააუქმა უხვად რეკლამირებული $250 მილიონის შეწირულება დენვილში (კენტუკი) მდებარე Centre College-ისთვის, სადაც თავად სწავლობდა University of Florida-ში გადასვლამდე.

Vista-ც წნეხის ქვეშ იყო. 2012-ის წერილობით გზავნილში, ტამინი ბროკმენს ეუბნებოდა, რომ უკვე აწყდებოდა უხერხულ შეკითხვებს. „რეგულაციებთან თანხვდენის საკითხებს, როგორც წესი, Point Investments-ის – უცნობი არაამერიკული ინვესტორის – ჩართულობა წამოჭრის“. როცა „Point-ის რეალურ მფლობელობაზე ჩამაცივდნენ, – სწერდა ტამინი, – მინიმალური ინფორმაცია მივეცი“.

2013-ის ბოლოსთვის Banque Bonhôte-მა სმიტს შეატყობინა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის შვეიცარიული ბანკების პროგრამაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას და რომ აშშ-ის ოფიციოზს მისი ანგარიშის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას. სმიტმა გააცნობიერა, რომ ჯინი ამოშვებული იყო და უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, ჰოდა, 2014-ის მარტს სწრაფ-სწრაფად შეავსო IRS-ის აპლიკაცია: სურდა, ჩართულიყო IRS-ის ამნისტიის პროგრამაში იმ ამერიკელთათვის, რომელთაც ვერ შეძლეს თავიანთი ოფშორული ანგარიშების გამჟღავნება. ერთი თვის თავზე უარი მიიღო.

როცა 2014-ის მიწურულს სმიტმა და მაქფეიდენმა თავიანთი განქორწინება სისრულეში მოიყვანეს, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ბროკმენმა სმიტს $75 მილიონი ასესხა. იმავე წელს Vista-მ თანდათან ბოლო მოუღო ბროკმენის Fund II-ს და Reynolds and Reynolds-ში არსებული მცირე წილიც გაყიდა.

ახლად აღმოჩენილი თავისუფლება სმიტმა 2015 წლის ივლისში იზეიმა, როცა დვორაჩიკთან ქორწინება ძვირფას, ვარსკვლავებით გაძეძგილ Villa Cimbrone-ში აღნიშნა ამალფის სანაპიროზე, იტალიაში. ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე მუსიკოსები Seal-ი და ჯონ ლიჯენდი წარდგნენ.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 2016-ის ივნისში, ეჭვმიტანილმა შეთქმულების მონაწილეებმა, ნაფიც მსაჯულთა დიდი ფედერალური გამოძიების მოლოდინში, ტემპი საოცრად აკრიფეს. ტამინი მისისიპის ოქსფორდში გამწესდა – დონ ჯონსის ქვრივის მოსანახულებლად, რომელიც მამხილებელ მტკიცებულებებს ფლობდა, მათ შორის, ფლოპი-დისკებსა და ჰარდ-დრაივებს. „როგორც იცი, – ამბობდა ტამინი დაშიფრულ წერილში, – თვით არგენტინული მოგზაურობაც კი შევამოკლე, ოქსფორდში რომ ჩავსულიყავი და დამატებით ნაპოვნი დრაივები გამენადგურებინა“.

2017-ისთვის ტამინი უკვე ხვდებოდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი. ის ბროკმენს სწერდა: „რომც მოასუფთაოს რობერტ სმიტმა თავისი პრობლემები, მიზანში მაინც მე ვიქნები ამოღებული და, რაღაც მომენტში, აუდიტს უნდა ველოდოთ“. 2018-ის სექტემბერში, ბერმუდაში, აგენტებმა ტამინის სახლში რეიდი მოაწყვეს.

რაც უფრო ახლო მოდიოდა სახელმწიფო, სულ უფრო აქტიურად ებმებოდა სმიტი საქველმოქმედო საქმიანობაში. დაახლოებით იმ დროს, როცა IRS-მა ამნისტიაში ჩართვაზე უარი უთხრა, მან ფონდი დააფუძნა, რომლის ასობით მილიონი დოლარი Vista-ს პირველი ფონდის მოგებებთან იყო კავშირში. 2016 წელს მან და მისმა ფონდმა $50 მილიონი აღუთქვეს Cornell University-ს საინჟინრო სკოლას და $20 მილიონი – National Museum of African American History and Culture-ს. 2019 წლის მაისში, Morehouse College-ში, კურსდამთავრებულთა ცერემონიაზე, სმიტი თავისი ცნობილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ $34 მილიონს დახარჯავდა, რათა ამ ისტორიულად ფერადკანიანთა კოლეჯში მთელი დამამთავრებელი კურსისათვის სტუდენტური სესხი დაეფარა.

პარალელურად, ბროკმენიც ცდილობდა თავისი ფილანთროპიული რეპუტაციის განმტკიცებას. მან Baylor College of Medicine-ს $25 მილიონი შესწირა და კიდევ ათობით მილიონი დოლარი გაიღო Centre College-სა და Rice University-ში შენობათა ასაგებად. ბროკმენისადმი მიწერილ წერილში ტამინი ქველმოქმედის იმიჯის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას: „ეს აქტივობები IRS-ის თავდასხმის წინააღმდეგ მძლავრი ბარიერის ფუნქციას შეასრულებს“.

2020-ის 15 ოქტომბერს აშშ-ის იურისტებმა სმიტსა და ბროკმენთან დაკავშირებულ სკანდალს დაუდეს საფუძველი. ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, სმიტი, გადასახადებისა და ჯარიმების სახით, $56 მილიონის გადახდას დათანხმდებოდა (მისი შემოსავალი არ იქნა გაცხადებული), პლუს კიდევ ერთი $82 მილიონისა ჯარიმების სახით ოფშორული ანგარიშების დამალვის გამო. ამასთან, ის უარს იტყოდა იმ $182 მილიონზე, რომელიც საქველმოქმედო შეწირულებებისა და „ბიძია სემისთვის“ მიცემული ძველი გადასახადების საფუძველზე აღმოცენებული კომპენსაციების სახით ერგებოდა. „არასდროსაა გვიანი სწორად მოქცევა, – აღნიშნა განცხადებაში აშშ-ის პროკურორმა დევიდ ანდერსონმა. – სმიტს სერიოზული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, მაგრამ ის დათანხმდა თანამშრომლობას“ …ბროკმენის წინააღმდეგ… რამაც „ის ბრალის წაყენების გზას აარიდა”.

სმიტი კვლავაც თაოსნობს Vista-ს და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ინვესტორებმა თუ გამოავლინეს შფოთვის ნიშნები. ნიუ-მექსიკოს Educational Retirement Board-მა უარი თქვა თავის $100-მილიონიან შეწირულებაზე, ხოლო Virginia Retirement System-ი, რომელსაც $350 მილიონი აქვს Vista-ში დაბანდებული, ამბობს, რომ სიტუაციას მონიტორინგს უწევს. 2020-ის ნოემბრის მიწურულს, Vista-ს სტაჟიანმა პრეზიდეტმა, ბრაიან შეთმა, განცხადება გააკეთა კომპანიის დატოვების შესახებ და არცთუ დამაჯერებლად უთხრა Forbes-ს, რომ მის გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა სმიტის მიერ აღიარებულ კანონდარღვევებთან: „ვიცი, რომ რობერტსა და Vista-ს ყველაფერი საუკეთესო წინ აქვთ“. Vista, დღეს, განკარგული აქტივების სახით, $73 მილიარდით იწონებს თავს.

ნოემბერში, სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად, ბროკმენმა Reynolds-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ჯერჯერობით ბერმუდისა და შვეიცარიის ოფიციოზს მისი ანგარიშები გაყინული აქვთ, ტამინი კი ოფიციოზთან თანამშრომლობს. როგორც ბროკმენის ადვოკატი ამბობს, მას ადრეული სტადიის დემენცია აქვს. ამდენად, ბროკმენის გაუარესებული ჯანმრთელობის მიზეზით, იურისტებმა სასამართლო დაარწმუნეს, საქმე სან-ფრანცისკოდან ჰიუსტონში გადაეტანათ.

ფედერალური პროკურორები ბროკმენის სიმპტომებს „ამორფულ სისუსტედ“ მიიჩნევენ და არგუმენტად მისი საღი ჩვენება მოჰყავთ 2019 წლიდან, ისევე როგორც გრძელი წერილი, რომელიც 2020-ის მაისში Reynolds-ის ვიცე-თავმჯდომარეს გაუგზავნა და რომელიც მის მიერ დაგეგმილ და, სამწუხაროდ, ესოდენ გავრცელებულ კულისების მოთამაშის როლს მოასწავებდა: „განზრახული მაქვს, კიდევ 4 ან 5 წელი ვიმუშაო და ვასწავლო მომდევნო თაობას ყველაფერი, რაც კომპანიის ეფექტიანად მართვის შესახებ ვიცი“.

გადასახადების ბობოლა თაღლითთა HALL OF FAME-ი

რობერტ ფ. სმიტის შარშანდელ აღიარებას უცხოურ ანგარიშებში $200 მილიონის გადამალვასთან დაკავშირებით, წინ გადასახადებისთვის თავის მასშტაბურ ამრიდებელთა გრძელი რიგი უძღვის. იმის მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ბობ ბროკმენის სასამართლო პროცესი, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, ყველას აჯობოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *