ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისათვის გამოცხადებულ ტენდერში საბოლოო განაცხადი მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. შესაბამისად, ჩინურ კომპანიას ტენდერში გამარჯვებულად ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორის შერჩევის საბოლოო ეტაპზე ორი, შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანია გადავიდა.
თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, გამოცხადებულ ტენდერში განაცხადის მიღების ბოლო დღეს შესაბამისი დოკუმენტაცია მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა, რომელიც CCC-ისა და China Harbor Investment-ისგან შედგება.
ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოტენციურ გამარჯვებულთან პარტნიორობისთვის ქართული სახელმწიფო კომპანია უკვე დაფუძნებულია. პარტნიორობის პირობებისა და ხელშეკრულების შედგენა კი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ იგეგმება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერს მხოლოდ ერთი აპლიკანტი ჰყავდა, გამარჯვებულის გამოვლენა სიმბოლური პროცესია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 51%-იანი წილის მფლობელი – სახელმწიფო, 49%-ის მფლობელი კი კერძო სექტორი იქნება.