ანტი-FACEBOOK-ი

ანტი-FACEBOOK-ი

იმ პირობებში, როცა ე.წ. ზღაპრული მარტორქების ჯოგი ყველაფრის ფასად ცდილობს გაზრდას, Facebook-ის თანდამფუძნებლის, დასტინ მოსკოვიცის მეორე კარიერული ეტაპი წინდახედულად აწყობილ კუს მოგაგონებთ. ახლა, როცა სამსახურებმა, გლობალური მასშტაბით, ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლეს, ASANA – გუნდის მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელზეც მოსკოვიცი 12 წელია, მუშაობს – რბოლაში გამარჯვებისთვის არის პოზიციონირებული.  

 

სან-ფრანცისკოს Museum of Modern Art-ში გამამხნევებელი სინთ-მუსიკა დასტინ მოსკოვიცის მოსვლას გვამცნობს. კარგად გაკრეჭილი წვერით, მუქ ნაცრისფერ გაღეღილ პერანგში, ჯინსსა და თეთრ სპორტულ ფეხსაცმელებში გამოწყობილი, სცენაზე მიკროფონითა და საპრეზენტაციო პულტით ამოდის, მერე კი Asana-ს – თავისი ახალი, სამუშაო გარემოში თანამშრომლობისთვის განკუთვნილი აპლიკაციის ახლებურ გარეგნულ მხარესა და შეგრძნებებზე იწყებს სწრაფ- სწრაფად ლაპარაკს.

16 ივლისია, მაგრამ მოსკოვიცი ამ დღეს მუზეუმში არ არის. კალიფორნიაში კორონავირუსის მეორე აღზევების პიკისას გამართული ეს მიმართვა წინასწარაა ჩაწერილი ცარიელ აუდიტორიაში, YouTube-ით გადაიცემა და სულ რაღაც ხუთ წუთს გრძელდება. რა პრობლემაა. ბოლო-ბოლო, აუდიტორიის არარსებობას მხოლოდ მიესალმება ეს თავმდაბალი, საჯაროობას მორიდებული აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სასხვათაშორისოდ აზიარებს სამუშაო პროცესის საკუთარ ხედვას Asana-თი შთაგონებულ მომავალთან დაკავშირებით.

36 წლის მოსკოვიცი, რომლის ქონებაც $14.2 მილიარდს შეადგენს, ყველაზე მეტად, მარკ ცუკერბერგთან ერთად, Facebook-ის თანადამფუძნებლად არის ცნობილი. 2011-იდან, რამდენიმე წლის მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ ბოლო წლებია, მას მერე, რაც სოციალური ქსელების გიგანტი დატოვა, ისა და Asana-ს კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, 37 წლის ჯასტინ როზენსტაინი, საზოგადოების ყურადღებას გაერიდნენ და კულისებს მიღმა ბეჯითად შრომობდნენ საუკუნოვანი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ასე შეიძლება, ჩამოვაყალიბოთ: რამდენ ძალისხმევას ვფლანგავთ მუშაობისას მეტა-სამუშაოში.

“გაოგნებულები და ფრუსტრირებულები ვიყავით, რომ ჩვენი კოლექტიური დროის ამხელა ნაწილი მკაფიოობისა და ადამიანების კოორდინირების მიღწევაში იხარჯებოდა“, – ამბობს მოსკოვიცი ვიდეოზარში.

დღეს Asana-ს პროგრამულ უზრუნველყოფას 75,000-ზე მეტ კომპანიაში იყენებენ, მათ შორის, AT&T-ის, Google-ისა და NASA-ს თანამშრომლები. ის მათ სამუშაო დღის განკარგვაში ეხმარება – ანგარიშების წერით დაწყებული, ღონისძიებების დაგეგმვით დამთავრებული (მალე მისი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაცია დღის წესრიგის შექმნასაც შეძლებს და რჩევებსაც მოგვცემს, რათა სამუშაო საათები უფრო ეფექტიანი გავხადოთ).

მოსკოვიცმა პირადი კონტროლი მაშინ დაიბრუნა, როცა მტკიცე უარი თქვა სილიკონის ხეობის აგრესიულ სტილზე. ერთ დროს ბოლომდე ჩაფლული Facebook-ის “იარე სწრაფად და მიაღწე სწრაფ წარმატებას“ – კულტურაში, მოსკოვიცი ფრთხილად და აწონ-დაწონით მიუდგა Asana-ს შექმნას. იცოდა, რომ შესაძლოა მორიგი წარმავალი წარმატების მომსწრე “ზღაპრული მარტორქა“ ყოფილიყო, ამიტომ გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე ფოკუსირდა და ის წესი გამოიყენა, რომლის თანახმადაც, თანამშრომელთა რიცხვის წელიწადში ორჯერ მეტად გაზრდა არ ღირს.

2018-ის ნოემბერში $1.5 მილიარდად შეფასებული Asana საჯარო მღელვარებისა თუ ფინანსების მყვირალა მოზიდვის გარეშე ოპერირებს. ეს დრამატულ კონტრასტს ქმნის მის მეტოქეებთან, რომელთა შორისაცაა monday.com-ი – ნიუ- იორკსა და თელ- ავივში დაფუძნებული გუნდის მენეჯმენტის ბიზნესი, რომელიც ამას წინათ $2.7 მილიარდად იქნა შეფასებული – და Notion-ი – ჩანაწერების გასაკეთებელი ახალი თაობის აპლიკაცია, რომელიც $2 მილიარდად ფასობს. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, Asana-ს აღმასრულებელი დირექტორის თვითგამოცხადებულ ინტროვერსიაში უნდა ვეძიოთ. მოსკოვიცი აღიარებს, რომ Forbes-თან საუბარს, როგორც იქნა, იმიტომ დათანხმდა, რომ თავისი საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებლები შეჰპირდნენ, წლის ბოლომდე მეტი ინტერვიუს მიცემა აღარ მოგიწევსო.

“თოვლის გუნდის გაკეთებას დრო სჭირდება, – ამბობს ის და უარყოფს მოსაზრებას, რომ განზრახ ზრდიდა ბიზნესს ნელი ტემპებით. – მიზანი სისწრაფე იყო, მაგრამ სისწრაფე გრძელვადიან და არა მოკლევადიან პერსპექტივაში. ახლა უკვე ვიმკით შრომის ნაყოფს“.

Asana მართლაც კრეფს ტემპს. ყველა ფაქტი რეკორდულ წელზე იძლევა მინიშნებას, რაც, ნაწილობრივ, კოვიდ- 19-სა და სამუშაო სივრცის ცვლილებას უნდა მივაწეროთ (კომპანიამ ფინანსურ დეტალებზე კომენტარისგან თავი შეიკავა, რადგანაც ახლა პირველად საჯარო შეთავაზებამდელ მშვიდ ფაზაშია, რაც, სავარაუდოდ, ამ შემოდგომას მოხდება). თებერვლის შემდეგ მათი ვებგვერდის სტუმრიანობა დაახლოებით 24%-ითაა გაზრდილი, ხოლო შემოსავალი, გავრცელებული ცნობებით, $236 მილიონს აარტყამს, რაც 66%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ Asana შარშანდელი 41-ე ადგილიდან მე-17-ზე დაწინაურებულიყო წლევანდელ Cloud 100-ში – ჩვენს ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი cloud-კომპიუტერიის კერძო კომპანიებს აერთიანებს.

მოსკოვიცი სულ რაღაც 19 წლის იყო 2004-ში, როცა Harvard-ის საერთო საცხოვრებელში, მან და მისმა ოთახის მეზობელმა, მარკ ცუკერბერგმა, Facebook-ი წამოიწყეს. წელიწად-ნახევარში სწავლა მიატოვა და, ზაკთან ერთად, სილიკონის ხეობაში გადავიდა. 23 წლის ასაკში, მუშაობისგან უკვე გადამწვარმა, ამქვეყნად ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიის ინჟინერიის დირექტორის რანგში, როზენსტაინი გაიცნო – მასზე ერთი წლით უფროსი ვარსკვლავი, რომელიც Facebook-ს 2007-ის დასაწყისში Google-იდან გადმოებირებინა. ფლორიდის პატარა ქალაქის ფსიქიატრისა და მასწავლებლის ვაჟი, მოსკოვიცი, Facebook-ში პროგრამისტთა მარათონებში გამარჯვებებით იყო ცნობილი, თუმცა, სხვა მხრივ, კულისებში ერჩია ყოფნა. სან- ფრანცისკოს ყურის ოლქის მკვიდრი და Stanford- ის კურსდამთავრებული როზენსტაინი კი მისი იდეალური ანტიპოდი გახლდათ; გულღიას, სოციალურსა და არტისტულს, პროდუქტის შექმნის თვალსაზრისით საოცარი ნიჭი გამოევლინა, როცა მისი დახმარებით Gmail-ის ჩატის პოპულარული სერვისი ჩაშვებულიყო.

იმ პერიოდში მოსკოვიცი შაბათ-კვირებსა და ღამეებს დავალებათა მარტივ განმკარგავზე მუშაობაში ატარებდა, რომლითაც Facebook-ის პროდუქტის გუნდს თავისი პროექტებისთვის უნდა მიედევნებინა თვალი, როზენსტაინი კი გამოუტყდა, რომ მსგავს შიდა ინსტრუმენტზე მასაც უჩხირკედელავია Google-ისთვის. ძალები გააერთიანეს და მომდევნო რამდენიმე თვე სრული დატვირთვით Tasks-ზე იმუშავეს, რომელმაც მთელი Facebook-ის მასშტაბით დღის წესრიგისთვის, პროდუქტის მენეჯმენტისა და, გარკვეულწილად, თვით ოფისის აღჭურვილობის ინვესტრატისთვის თვალის მიდევნების შესაძლებლობა გააჩინა. დუეტი მალევე დარწმუნდა, რომ თუ ჩაფიქრებული ინსტრუმენტების სათანადოდ შექმნა სურდა, Facebook-ის ბუდე უნდა დაეტოვებინა. “დარწმუნებულები ვიყავით, რომ მომავალში გაჩნდებოდა რაღაც Asana-ს მსგავსი, თუნდაც რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით მისი შემქმნელები“, – ამბობს მოსკოვიცი.

ეს ბიზნესი არც სოციალური ქსელისთვის დამახასიათებელი ენერგიულობით გამოირჩეოდა და არც რაკეტებისა თუ ხელოვნური ინტელექტისთვის ჩვეული კონცეპტუალური ამბიციებით. მაგრამ თვით ყველაზე ვარსკვლავ კოსმოსურ კომპანიებსა და დაავადებებთან მებრძოლ არამოგებიან ორგანიზაციებსაც კი სჭირდებათ პერსონალის კოორდინირება. Asana-ს, რომელსაც სახელი იოგას ენთუზიასტმა დამფუძნებლებმა შეურჩიეს და რაც სანსკრიტზე სწორ პოზიციაში განთავსებას ნიშნავს, შეუძლია, ყველა მათგანს დაეხმაროს. “ამან იმგვარი შესაძლებლობის განცდა გააჩინა, რაზეც უარს ვერ ვიტყოდით“.

საწყისი ეტაპის დაფინანსება მოსკოვიცმა და როზენსტაინმა აღმოსავლეთ სან- ფრანცისკოს უბან მიშენში მდებარე პირქუში ოფისიდან მოიზიდეს ყურის ოლქის ნაღები ელიტისგან, მათ რიცხვში, Facebook-ის ვეტერანებისგან, ცუკერბერგისგან, შონ პარკერისა და პიტერ ტილისგან. მაგრამ კერძო საუბრებში ბევრი სკეპტიციზმს გამოხატავდა, – ამბობს მოსკოვიცის მეგობარი ერიკ რიზი, „მჭლე სტარტაპის“ (The Lean Startup) ავტორი: “უბრალოდ არ ჰგავდა რაღაც ისეთს, რაც შეიძლება, დიდი გამხდარიყო“.

სტარტაპისთვის დამახასიათებელი დაფინანსების მოზიდვის ტიპური წნეხებისგან განთავისუფლებულებმა, მოსკოვიცმა და როზენსტაინმა, თვეები გაატარეს პროგრამირებასა და პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებებში, ვიდრე 2011-ის ნოემბერში თავიანთი პროდუქტის პირველი ვერსიის დაგზავნას დაიწყებდნენ. პირველი ექვსი თვის მანძილზე ამას უფასოდ აკეთებდნენ. რატომ? იდეა მომხმარებელთა ანკესზე წამოგება იყო, რათა შემდეგ უფრო ძვირად გაეყიდათ პრემიუმ- ვერსია, სხვა სიტყვებით, აემუშავებინათ ბიზნესსტრატეგია, – ე.წ. freemium-ი, – რომელსაც აქტიურად იყენებენ Dropbox-ი და Zoom-ი.

თავისი პროდუქტის ფასიანი ვერსია Asana-მ 2012-ში გამოუშვა (დღეს ის თითო მომხმარებელს თვეში $10.99-ს ართმევს), თუმცა გაყიდვათა მსხვილი გუნდის დაქირავებას მოერიდა. ნაცვლად ამისა, მომხმარებელთა ძიებას, დიდწილად, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის იაფი ტაქტიკებითა და ე.წ. ზეპირსიტყვიერი რეკლამით შეუდგა. ასე, მაგალითად, Asana-მ ჩიკაგოში დაფუძნებულ პროგრამული უზრუნველყოფის ონლაინბაზრობა G2-ში იმით დაიმკვიდრა ადგილი, რომ ამ კომპანიის ახალ მარკეტინგის დირექტორს თავისი გუნდის სამიზნე შემოსავლებისა და მომხმარებელთა აქტიურობისთვის უნდოდა თვალის მიდევნება, მერე კი სერვისი, მსოფლიო მასშტაბით, თავის 250 თანამშრომელზე განავრცო. Asana-ს ინსტრუმენტებს, Google-ის პროდუქტთა კომპლექტთან ერთად, გერმანული თბოკომპანია Viessmann-ის – აწ უკვე მისი ერთ- ერთი უმსხვილესი კლიენტის – 2,500 თანამშრომელი იყენებს. კორპორაციული ხელმძღვანელობა მას პროდუქტთა ჩაშვების გასაკვალად მიმართავს. ამგვარი მოქნილობა კი Asana-ს წარმატების გასაღებია.

კომპანიის შიგნით, მოსკოვიცმა და როზენსტაინმა არცთუ უმნიშვნელო დრო დაუთმეს მათ მიერ იდეალიზებული კორპორაციული კულტურის შექმნას. გამოჰკითხეს ექსპერტები, მოიყვანეს აღმასრულებელი “მწვრთნელები“, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის დირექტორი და “ხალხის ხელმძღვანელი“ და ამ ყველაფერს წლები მიუძღვნეს, რომ არაფერი შეშლოდათ. მოსკოვიცმა, რომელიც წლობით სწავლობდა ბუდიზმსა და ლიდერობის სტრატეგიებს, კომპანიის გენეალოგიური ხის გრაფიკულად გამოსახატავად, ორგანიზაციული დიაგრამა შექმნა, რომლის ქვედა საფეხურზე თავადაა. Asana თავს არიდებს ტრადიციულ სააღმსრულებლო ტიტულებს და, სანაცვლოდ, ადამიანებს კონკრეტული საკითხისა თუ ბიზნესშედეგების უფროსებად აქცევს. მოსკოვიცის თქმით, ეს ერთადერთი სწორი კაპიტალდაბანდებაა კომპანიის მხრიდან, რომელიც თავად არის გუნდური მუშაობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებული: “გვინდა, პრაქტიკაში განვახორციელოთ ის, რასაც ვქადაგებთ, გავერკვეთ, რა არის ყველაზე კარგი და ამის ექსპორტი მოვახდინოთ“.

გზადაგზა, მოსკოვიცი ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ასაკის მიუხედავად, Facebook-ში მშვიდი ტემპერამენტით გამორჩეული, ამბობს, რომ ისწავლა, როგორ არ უნდა დაკარგოს ჭკუა წარუმატებლობების გამო. ის მედიტაციის ექსპერტს, ჯონ კაბატ-ზინს ციტირებს: „ტალღებს ვერ შეაჩერებ, მაგრამ შეგიძლია, სერფინგი ისწავლო“.

“ხუთი-ექვსი წლის წინ ვამბობდით, რომ ყველას აქვს თავისი შინაგანი ასაკი, რა ასაკიც მას მთელი ცხოვრება გასდევს“, – ამბობს სკოტ ფენიქსი – ზოგადი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Vicarious-ის დამფუძნებული, რომელიც მოსკოვიცის ერთადერთ ინვესტიციას წარმოადგენს და რომლის საბჭოს დირექტორადაც  ის მსახურობს. “ვკითხე დასტინს, რა იყო მისი შინაგანი ასაკი და მითხრა, ალბათ სადღაც 112-იო“.

კიდევ ერთი გამოცდა მოსკოვიცმა 2019-ში ჩააბარა, როცა როზენსტაინმა, დირექტორთა საბჭოში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის გამო, ყოველდღიური ოპერაციები მიატოვა. გაჩენილ ვაკუუმში მოსკოვიცმა შეადგა ფეხი – ახლა უკვე არა როგორც მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა, არამედ როგორც Asana-ს ერთადერთმა სახემაც. მისი მომდევნო დიდი ნაბიჯი, ბოლო-ბოლო, კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანაა. გავრცელებული ცნობებით, სექტემბრის პირველივე კვირას ის საინვესტიციო “ტურნესთვის“ ემზადება. მასთან დაახლოებულთა თქმით, მისი ეს გეგმა, კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანოს, თანამშრომლებისთვის სარგებლის მოტანისა და არა საკუთარი ეგოს, არამედ Asana-სეული მოდელის (კომპანიის შექმნისა) განმტკიცების სურვილით არის მოტივირებული. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს მოსკოვიცს ფული სჭირდება. „მგონი, არასდროს გამიგია, მოგებებზე რომ ელაპარაკათ“, – ამბობს დაიანა ჩეპმენი – მწვრთნელი ლიდერობის საკითხებში, რომელიც არა მხოლოდ მოსკოვიცისა და მისი ლიდერების გუნდის მრჩეველია, არამედ მისი დედისა და ასევე ცოლის, ქარი ტუნასიც (Wall Street Journal-ის ყოფილი რეპორტიორი, ტუნა, წყვილის საქველმოქმედო აქტივობებს მესვეურობს, რომლებიც Giving Pledge-ის ხელმომწერები არიან). “იმ სიმდიდრით, რაც დასტინმა მოიხვეჭა, ის [სხვებისადმი პასუხისმგებლობას] წმინდა პასუხისმგებლობასავით აღიქვამს და ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს“.

მოსკოვიცის თქმით, ახლა, როცა მრავალი მომხმარებელი Asana-ს მხარდაჭერისთვის მიმართავს, ის უფრო მოტივირებულია, სამსახურში იაროს, ვიდრე ათი წლის წინ, როცა მისი ბიზნესი ახალბედა სტარტაპი იყო.

“ეს პრობლემა გადაჭრად რომ არ ღირდეს ან სიცოცხლისუნარიანი ბიზნესი არ იყოს, უბრალოდ გავჩერდებოდი, – ამბობს ის. – ჩვენი მისია ნამდვილად კარგად ერგება ამჟამინდელობას, ეს შესაძლებლობა კი ენერგიას გვმატებს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.