The Information-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი მომავალი წლიდან უფრო თხელი iPhone-ების წარმოებას გეგმავს. გამოცემა საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პოტენციური უფრო თხელი სმარტფონის წარმოება სავარაუდოდ 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მას Apple-ი iPhone 17-თან ერთად წარადგენს. The Information-ის ვარაუდით, ახალი, თხელი სმარტფონის ღირებულება iPhone Pro Max-ზე უფრო მაღალი იქნება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Apple-ი კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ტექნოლოგიური ანალიტიკოსების მოსაზრებით, Apple-ის გადაწყვეტილება კომპანიის კონკურენტული უპირატესობის გაზრდას ემსახურება. უკვე რამდენიმე წელია, iPhone-ის დიზაინი მცირედით ან საერთოდ არ იცვლება, შესაბამისად, ამერიკულ გიგანტს ინდუსტრიაში სიახლის შემოტანა სურს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში Honor-თან და Huawei-სთან, ხოლო გლობალურად Samsung-თან, კონკურენცია სულ უფრო რთული ხდება.
შეგახსენებთ, 2024 წლის პირველ კვარტალში Apple-მა სმარტფონების ბაზრის გლობალური ლიდერის სტატუსი Samsung-ს დაუთმო, რომლის წილმაც გლობალურ ბაზარზე 20.8% შეადგინა. Apple-ის წილი კი 17.3%-ით განისაზღვრა. მეორე კვარტალში Apple-ის iPhone-ის გაყიდვები 10.5%-ით შემცირდა და $45.96 მილიარდი შეადგინა.